დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003089571
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№03აპ-22 18 მაისი, 2022 წელი
ტ-ი რ, 03აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - იოსებ ხუციშვილის
მსჯავრდებულ - რ. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის განაჩენით რ. ტ-ი, - დაბადებული --- წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. ტ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვითა და 14 დღით, ასევე, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000 ლარი და რ. ტ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით.
რ. ტ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 ივნისიდან.
რ. ტ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
რ. ტ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში: რ. ტ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,12 გრამი ,,ჰეროინი.“
2019 წლის 14 მაისს, რ. ტ-ის მითითებით, ,,ა-ის‘‘ ანგარიშის ნომერზე - ---- გ. ჩ-მ ჩარიცხა 140 ლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, რ. ტ-მა იმავე დღეს, თ–ი, რ-ს გზატკეცილი #1--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჩ-ზე გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,12 გრამი ,,ჰეროინი.“
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ბ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, რ. ტ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;
რ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რ. ტ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვითა და 14 დღით, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით.
რ. ტ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 ივნისიდან. რ. ტ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
რ. ტ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 20 წლით.
4. საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარემ მოითხოვა რ. ტ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უსამართლოა და რ. ტ-ი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე გასამართლდა. ექსპერტიზის დასკვნები მხოლოდ მეორე ინსტანციაში წარადგინეს, რომლებიც თავად პროკურორმა ცნო უდავოდ და აღიარა, რომ ისინი მსჯავრდებულის შეხებას ან კავშირს ამ საქმესთან გამორიცხავდა.
განსახილველ შემთხვევაში ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას, ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ნაწილში, წარმოადგენს გ. ჩ-ს ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - თვით გამომძიებელ გ. პ-ს ჩვენებასა და ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკვლიეს აუდიო-ვიდეოჩანაწერის ამსახველი მასალა, რომელშიც არ ჩანს, თუ ვინ რიცხავს თანხას ,,ა-ის“ ანგარიშზე. ამის შემდეგ კადრი წყდება. მომდევნო კადრიდან ნათლად ჩანს, რომ პირი უახლოვდება ,,მერსედესის“ მარკის შავ ჯიპს, აღებს ავტომობილის კარს, ესალმება მძღოლს, რის შემდეგაც მას ართმევს ხელს. ამ დროს რაიმეს გადაცემა არ ფიქსირდება. ამის შემდეგ, ჩანს ამავე პირის ხელი, რომელშიც მას მომწვანო პოლიეთილენის მომცრო პაკეტი უჭირავს. ვიდეომასალა უწყვეტი არ არის.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა რ. ტ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და მოითხოვა მათი დაკმაყოფილება, ხოლო ბრალდების მხარემ მოითხოვა საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია რელევანტური, დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა. სწორედ ამ სამ კრიტერიუმზე დაყრდნობით წყვეტს სასამართლო, გაიზიაროს თუ არა საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულება.
3. კასატორის მოსაზრებით, რ. ტ-ის ბრალდება ეფუძნება მხოლოდ მოწმე გ. ჩ-ს ჩვენებას, რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებს). საკასაციო პალატა დაცვის მხარის ამ მოსაზრებას, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, გ. ჩ-მ საგამოძიებო ორგანოს მიმართა განცხადებით, რის შემდეგაც იგი კანონით დადგენილი წესით გამოიკითხა, კერძოდ, გ. ჩ-ს განცხადების თანახმად, მას ჰყავდა ნაცნობი რ----- ტ-ი, რომელიც ახდენდა ნარკოტიკული საშუალება - ,,სირეცის“ რეალიზაციას. აღნიშნული დანამდვილებით იცოდა, რადგან პირადი მოხმარებისთვის მისგან შეუძენია.
გამოძიების სტადიაზე გამოიკითხა გ. ჩ, რომლის ფარგლებშიც მან მიუთითა რ. ტ-ის ქმედების არაერთჯერადობაზე, ნარკოტიკული საშუალების სახეზე, მისი გადაცემისა და შეძენის ფორმაზე.
არსებით სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ჩ-მ განაცხადა, რომ რ. ტ--ი გაიცნო დაახლოებით ხუთი თვის წინ სოფელ ფ-ი, როდესაც ე.წ. ,,სირეცის“ საყიდლად იყო ჩასული ვინმე ,,ა-ნ,“ რომელიც ადგილზე არ დახვდა. იქვე, ,,ბირჟაზე,“ ერთ ადამიანს გამოელაპარაკა, რომელიც რ. ტ-ი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი მიუხვდა რაც უნდოდა, თვალი ჩაუკრა, ჰკითხა ოდენობა, შეუთანხმდა 120 ან 140 ლარზე და საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერი მისცა. მისგან ნარკოტიკული საშუალება 4-5-ჯერ შეიძინა. როდესაც ,,ა-ის‘‘ ანგარიშზე ჩაურიცხავდა 120 ან 140 ლარს, ურეკავდა, აცნობებდა თანხის ჩარიცხვის შესახებ და რ-ი უთანხმდებოდა რ--ს გზატკეცილზე შეხვედრაზე, სადაც ის ნარკოტიკს გადასცემდა ხოლმე. მისგან ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობდა დაახლოებით 4-5 დღის ინტერვალით. იგი აპირებდა თავი დაენებებინა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის და გადაწყვიტა იმ პირების ჩამოშორება, ვისგანაც ყიდულობდა. ქალაქის სამმართველოში განაცხადა, რომ იცნობდა ადამიანს, რომელიც ნარკოტიკს ყიდდა. გამოკითხეს და რამდენიმე დღეში, გამომძიებელთან ერთად მივიდა ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც გაატარეს სკანერში, აპარატით შეამოწმეს და ვიდეოკამერით აღჭურვეს. მოწმემ გადაიღო ,,ა-ის‘‘ ანგარიშზე რ. ტ-ისთვის 140 ლარის გადარიცხვა. შემდეგ დაურეკა რ--ს და მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თაობაზე აცნობა. რ-მა რ-ს დასახლებისკენ წასვლა სთხოვა. შესახვედრად გამომძიებლის მანქანით მასთან ერთად წავიდა. გზიდან რ-მა დაურეკა და ფ–ი, რ-ს გზატკეცილზე, კონკრეტულ ადგილას დაიბარა. როდესაც მანქანიდან გადავიდა, ჩართო მოწყობილობა. რ-ი შავი ,,ML-ის‘‘ ჯიპით იყო, ის მანქანიდან არ გადმოსულა, გვერდითა კარი გაუღო და რ-მა დაპაკეტებული ნივთიერება მიაწოდა. მათ შორის დაახლოებით ოცწამიანი საუბარი შედგა, შემდეგ მიხურა კარი და წამოვიდა, რის შემდეგაც ჩამწერი გამორთო. ისეთ მანძილზე იდგა, რომ გამომძიებელი ხედავდა როგორ მიაწოდა ნარკოტიკი რ. ტ-მა. მოწმეს პაკეტი არ გაუხსნია და გამომძიებელთან მისვლამდე კონტაქტი არავისთან ჰქონია. გამომძიებელმა იქვე ამოიღო მისგან რ. ტ-ის მიერ გადაცემული ნივთიერება და შედგა ოქმი.
დამატებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარეს (ესწრებოდა ბრალდებულის ადვოკატიც) დაუბრკოლებლად მიეცა შესაძლებლობა, ჯვარედინად დაეკითხა მოწმე გ. ჩ. და მიეღო პასუხები მისთვის ყველა საინტერესო შეკითხვაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე გ. ჩ-ს ჩვენება თანმიმდევრულია და მასში რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობები არ იკვეთება; შესაბამისად, საკასაციო პალატა მას რ. ტ-ის მსჯავრის დამადასტურებელ პირდაპირი სახის მტკიცებულებად მიიჩნევს.
3.2. საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა (გარდა მოწმე გ. ჩ-ს ჩვენებისა):
მოწმე გ. ჩ-ს ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმის სხვა უტყუარი მასალებითაც, რომლებიც ერთობლივად მიუთითებენ რ. ტ-ის მიერ მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა ჩადენაზე, კერძოდ:
გამომძიებელმა ს. ლ-მ 2019 წლის 14 მაისს შეადგინა თანხის დათვალიერებისა და გადაცემის შესახებ ოქმი, რომლის მიხედვითაც (ტ. I, ს.ფ. 81), ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსმა - დ.დ--ა გ. ჩ-ს გადასცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხა - 140 ლარი.
გამომძიებელმა ს. ლ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა და განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში გ. ჩ-მ თანხის სანაცვლოდ (რაც ,,ა-ის‘‘ ან ,,კ-ის‘‘ ანგარიშზე ჩაირიცხა), რ. ტ-ისგან შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გამომძიებლებმა ამოიღეს. დალუქული ნარკოტიკული საშუალება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეომასალა გამომძიებელ გ. პ-სგან გადაეცა.
2019 წლის 25 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ-ი, გრ- რ-ს გამზირზე, ,,ლ--ს‘‘ ჯიხურთან მდებარე გადახდის აპარატის მეშვეობით, გამომძიებელი ს. ლ. შევიდა აპლიკაცია ,,აზარტულ თამაშებში‘‘, აირჩია ,,A--t-ის‘‘ ანგარიშის ნომერი ------- რის შემდეგაც დაფიქსირდა ანგარიშის მფლობელი ,,t-----;‘‘ ხოლო, 2019 წლის 26 ივნისის ოქმის მიხედვით, დათვალიერდა ,,A---t-ის‘‘ ინტერნეტგვერდი და გაირკვა, რომ თამაშებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აწყობს შპს ,,ა--ი.‘‘
შპს ,,ა-იდან‘‘ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 8 მაისიდან 2019 წლის 3 ივნისამდე თანხის შეტანა-გატანის შესახებ ამონაწერით დგინდება, რომ რ. ტ-ის სახელზე (ე.წ. ნიკი - ,,t--‘‘) რიცხულ ანგარიშის ნომერზე: ---- 2019 წლის 14 მაისს, 15:01:53 საათზე, შეტანილია თანხა - 140 ლარი.
მაშასადამე, ზემოაღწერილი მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 14 მაისს, ნარკოტიკული საშუალების გადაცემამდე, გ. ჩ-მ რ. ტ-ის ,,ა--ის‘‘ ანგარიშის ნომერზე (-----) ნამდვილად ჩარიცხა - 140 ლარი.
რაც შეეხება აღნიშნულის შემდეგ უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს, მოცემულს საკასაციო სასამართლო, გარდა მოწმე გ. ჩ--ს ჩვენებისა, აფასებს: მოწმე გ-- პ-ს ჩვენებით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და დათვალიერებული აუდიო-ვიდეოჩანაწერის შინაარსით, კერძოდ:
მოწმე გ. პ-ა განაცხადა, რომ 2019 წლის 14 მაისს გ. ჩ. წაიყვანა ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც მან გაიარა სკანერზე, შემდეგ შეამოწმეს და შენობაში შეიყვანეს, იქ გ. ჩ. ვიდეოკამერით აღჭურვა და ერთად წავიდნენ რ-ს გზატკეცილზე, რ. ტ-თან შესახვედრად. გზად ჩ-სა და ტ-ს შორის შედგა სატელეფონო კავშირი. მითითებულ ადგილზე მანქანა ცოტა გვერდით, გზიდან შიგნით, გააჩერა. რამდენადაც ახსოვს, გ. ჩ--სთან მარტო იმყოფებოდა და დამსწრე არ ჰყოლია. დაახლოებით 100 მეტრში გაჩერდა შავი ჯიპი. გ. ჩ. მანქანიდან გადავიდა, თვითონ დარჩა და ოდნავ მოფარებული ადგილიდან უყურებდა ისე, რომ თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს. გ. ჩ. მანქანის გვერდითა მხრიდან მივიდა და მძღოლთან რამდენიმეწამიანი კონტაქტის შემდეგ დაბრუნდა; მან რ. ტ-ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება წარუდგინა, რომელიც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევიდან გამომდინარე, იქვე ამოიღო. ყველაფერი კონვერტში ჩაალაგა, დალუქა და სამსახურში საქმის ძირითად გამომძიებელს გადასცა, ხოლო გ. ჩ. თანამშრომელმა კამერის მოსახსნელად ისევ მოდულის შენობაში წაიყვანა.
2019 წლის 14 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, თ-ი, რ-ს გზატკეცილის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჩ-სგან ამოიღეს მცირე ზომის, მომწვანო, თავმომწვარ პოლიეთილენის პარკში გახვეული მასა. ასევე - ,,ლ---ს‘‘ ჩარიცხვის აპარატის ქვითარი, სადაც ფიქსირდება ჩარიცხული თანხა -140 ლარი და ტერმინალის ნომერი LBPAY406.
ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 15 მაისის N----- დასკვნის თანახმად, გ. ჩ-ს მიერ საკონტროლო შესყიდვის დროს ნაყიდი მომწვანო, გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 0,38 გრამი და წონით გამოშრობის შემდეგ - 0,23 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 0,12 გრამი. დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - ი. თ--მ და მ. დ-მ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, Rec1_0001-ის ფაილში გ. ჩ. ,,ლ---ს‘‘ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავს თანხას, რის შემდგომ იღებს თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს; Rec1_0002 ფაილში გ. ჩ. მიდის ქუჩაში გზის სავალი ნაწილის გასწვრივ; ჩანაწერის 00:39 საათზე მას უახლოვდება შავი ავტომანქანა ,,მერსედესი ML‘‘, სახ. -----, აღებს წინა მარჯვენა კარს და ხელს ართმევს ავტომანქანის მძღოლი, რა დროსაც მძღოლი ხელში გადასცემს მცირე ზომის, მომწვანო პოლიეთილენის პარკში გახვეულ, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც გ. ჩ. კეტავს კარს და ავტომანქანა მიდის. კადრში გამოჩენილ ავტომობილის მძღოლთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელმა გ. ი-ა განმარტა, რომ იგი არის რ. ტ-ი, რომელსაც იცნობს, რადგან 2017 წლის 27 სექტემბერს მას ჩაუტარა პირადი და ავტომობილის ჩხრეკა და დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აუდიო/ვიდეოჩანაწერის თანახმად, Rec1_0001 ვიდეოჩანაწერში კადრშია ,,ლ--ს‘‘ გადახდის აპარატი, რომელზეც გ. ჩ- კრეფს ციფრების კომბინაციას და რიცხავს თანხას; Rec1_0002 ვიდეოჩანაწერში ის ფეხით გადაადგილდება და უახლოვდება ,,მერსედესის‘‘ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით --------. ერთმანეთს ესალმებიან და გ. ჩ. ეუბნება მძღოლს, რომ შეუძლოდ არის. ერთმანეთს ხელს ართმევენ, რა დროსაც მანქანაში მჯდომი ჩ-ს ხელში გადასცემს ე.წ. ბაშს, რაც ამ უკანასკნელს ხელში უჭირავს და ეკითხება, რომ ჩაიდოს, პრობლემა ხომ არაა. აღნიშნულზე მძღოლი აჩქარებს, რომ დროზე ჩაიდოს, რის შემდეგაც გ. ჩ. ემშვიდობება და კეტავს კარს. მანქანა მიდის, გ. ჩ-ს კი ხელში უჭირავს მწვანე პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის: ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება, შესაფუთი მასალა, ანაწმენდები, ხმის, ფოტოსა და ნერწყვის ნიმუშები, 2019 წლის 14 მაისის ,,ლ--ს‘‘ გადახდის აპარატის ქვითარი და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N-0---- დასკვნა, რომლებიც არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა.
3.3. რაც შეეხება თავად რ. ტ-ის პოზიციასა და შეფასებებს, მან თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებებში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ. ჩ. გაიცნო თავისი მეგობრის - გ. ა-ს დეიდაშვილად, როდესაც გ--–-სგან მანქანა შეიძინა. ამის შემდეგ, მის ტელეფონზე შევიდა უცხო ზარი და პირმა უთხრა, რომ გ-ს დეიდაშვილი გ. ჩ. იყო და აღიდგინა მისი ვინაობა. გ. ჩ-მ შესთავაზა ნარკოტიკი, რაზეც კატეგორიულად უპასუხა, რომ ამ თემაზე აღარ დალაპარაკებოდა, რადგან ნარკოლოგიურიდან ახალი გამოსული იყო და აღარ უნდოდა ხელახლა გამხდარიყო მომხმარებელი. ამ საუბრის შემდეგ, WhatsApp-ში მისწერა და სუბოქსინი შესთავაზა, რაზეც ასევე უარი უთხრა. მესამედ ისევ მისწერა, რომ გ--–-ს მანქანაში მისი ე.წ. ჩიპი თუ ფლეშკა იყო და მოეძებნა, რაზეც უპასუხა, რომ ასეთი რამ მანქანაში არ იქნებოდა. ამის შემდეგ ჩ-მ უთხრა, რომ ნახავდა და ერთად მოეძებნათ. რ. ტ-ის განმარტებით, იმ დღეს, როდესაც ვიდეოა გადაღებული, მანქანის ხელოსანთან იმყოფებოდა, რა დროსაც გ. ჩ--მ დაურეკა და ჰკითხა, სად იყო. მან უპასუხა, რომ ხელოსანთან იმყოფებოდა. გ. ჩ. მივიდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა, ჰკითხა, ხომ არაფერი იპოვა. გ. ჩ-სთვის მას არაფერი გადაუცია, რაც ვიდეოშიც ჩანს. 140 ლარს, რომელზეც ჩ-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკის საფასურად ჩაურიცხა, პირად ანგარიშზე ვერ ნახავდა, რადგან ,,ა-ის‘‘ ანგარიშზე, რომელიც ნამდვილად მას ეკუთვნის, სათამაშო თანხა ყოველთვის ჰქონდა. ამიტომ თანხის ჩარიცხვას ვერ მიხვდებოდა, ან შეიძლება ყურადღება არ მიექცია. რ. ტ-მა დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირი თვითონაა და ჩ-სთან სულ რამდენიმეწამიანი შეხვედრა ჰქონდა. მისივე განმარტებით, გ. ჩ-სა და მას შორის არ ყოფილა პირადი წყენა და ინტერესი.
3.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, რ. ტ-ი უარყოფს წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ საქმეში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, თანხვდენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. გ. ჩ--ს მიერ რ. ტ-ის თაობაზე საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრული, არაორაზროვანია და მასში დაკონკრეტებული იყო ყველა ისეთი მნიშვნელოვანი სახის დეტალი, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება; აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ საგამოძიებო ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს გ. ჩ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ფაქტთა მართებულობას. ამასთან, როგორც აღინიშნა, ვიდეოჩანაწერით იკვეთება, რომ ხელის ჩამორთმევის შემდეგ გ. ჩ-ს უჭირავს მწვანე პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება, რომელზეც ეს უკანასკნელი ეკითხება, ,,ესე რომ ჩავიდო, ხომ არაა პრობლება?‘‘, რ. ტ-ი კი პასუხოს: ,,ჩაიდე, ჩაიდე, დროზე;“ გ. ჩ. რ. ტ-ს ემშვიდობება და მანქანის კარს კეტავს. აღნიშნული ნივთიერება გამომძიებელმა გ. ჩ-საგან ამოიღო, რაც როგორც შემდეგში აღინიშნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ აღმოჩნდა.
3.5. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მითითება, რომლის თანახმადაც, რ. ტ-ის მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ მოწმე გ. ჩ-ს ჩვენებას არის უსაფუძვლო.
3.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინების თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გენეტიკური, აგრეთვე ჰაბიდოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები დაშვებულ იქნა მტკიცებულებად, რომლებიც პროკურორმა სადავოდ არ გახადა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული. ჰაბიდოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის უვარგისია; ხოლო, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება რ. ტ-ის გენეტიკური პროფილისგან.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას კასატორი აიგივებს ბრალდების მხარის მიერ რ. ტ-ის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირის გამორიცხვასთან. დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციაზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროკურორის მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნების უდავოდ ცნობა ავტომატურად არ გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დანაშაულთან კავშირზე პოზიციის დაფიქსირებას.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც საკასაციო სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა ბრალდებას. რაც შეეხება თავად გენეტიკური, ჰაბიდოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების შინაარსს, მხოლოდ მათ საფუძველზე რ. ტ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საკასაციო სასამართლოს არამართებულად მიაჩნია. ჰაბიდოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის არის უვარგისი, ხოლო რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას (რომლის მიხედვითაც, ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება რ. ტ-ის გენეტიკური პროფილისგან), როგორც საქმის მასალებით იკვეთება, ნარკოტიკული ნივთიერება რ. ტ-მა გ. ჩ-ს გადასცა, რომელიც შემდეგ მისგან გამომძიებელმა ამოიღო (ამდენად, ნათელია, რომ გარდა რ. ტ-ისა, ნარკოტიკულ საშუალებას სხვაც შეეხო).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულება არ მიუთითებდეს ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე როგორც კონკრეტული დანაშაულის ჩამდენ პირზე, თუმცა მისი, როგორც გამამართლებელ მტკიცებულებად გაზიარება, უნდა ეფუძნებოდეს ყველა იმ გარემოებათა ანალიზს, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ მიღებულ შედეგზე. აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ მოცემული მტკიცებულებები უნდა დაუპირისპიროს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს და საბოლოოდ გადაწყვიტოს, რომელი მათგანი ადასტურებს უტყუარად (ან უარყოფს) პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ, როგორც უკვე აღნიშნა, გარდა მოწმე გ. ჩ-ს ჩვენებისა, რ. ტ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებითაც, მათ შორის გამოძიებელი მოწმეების ჩვენებებითა და დათვალიერების ოქმებით.
ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნები რ. ტ-ის უდანაშაულობას ადასტურებს, დაუსაბუთებელია და ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
4. სასჯელის სამართლიანობა:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე - დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
პირველ ყოვლისა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რ. ტ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის გავრცელების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებული რ. ტ-ი სრულად გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან (თავისუფლების აღკვეთა სამი წლით).
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით), ხსენებული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით (2021 წლის 1 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე რედაქცია).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა აგრეთვე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას (თავისუფლების აღკვეთას 7 წლით) და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, რ. ტ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივის ფაქტი, რაც თავის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, რომ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას (ესე იგი მოცემულ საქმეში ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც დაცულია კიდეც).
ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე ახალი სახის გარემოება, რომელსაც შეეძლო, გამოეწვია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. ტ-ისათვის დანიშნული სასჯელის შეცვლა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არის მოპოვებული და მასში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი არ გამოვლენილა, - გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. ტ--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას და, შესაბამისად, არ ქმნის დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გაუქმების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის თანახმად, რ. ტ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
4. რ. ტ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით (2021 წლის 1 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე რედაქცია);
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რ. ტ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 14 (თოთხმეტი) დღით, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლით;
6. რ. ტ--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია; რ. ტ--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 6 ივნისიდან.
7. რ. ტ--ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები ჩამოერთვას - 20 წლით;
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
ნარკოტიკული საშუალება, შესაფუთი მასალა, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;
ფოტოს ნიმუში, 2 ცალი კომპიუტერული დისკი და 2019 წლის 14 მაისს ამოღებული ქვითარი შენახულ იქნეს საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი