საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004087881
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №338აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი გ, 338აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით:
1.1. გ. ბ-ი, - დაბადებული ... წლის .... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (2020 წლის 16 ივლისის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (2020 წლის 16 ივლისის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (2020 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (2020 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (2020 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი), 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 ოქტომბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-ა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 16 ივლისს, დღის საათებში, ქ.თ-ი, დ-ის მასივში, მე-... კვარტალი, ...-ე კორპუსი, ბინა N...-ში, გ. ბ-ა იძალადა ლ. ჭ-ე, კერძოდ, დანა დაუსვა მარცხენა მუხლის არეში, რის შედეგადაც ლ. ჭ-ს გაეჭრა ფეხი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 16 ივლისს, დღის საათებში, ქ.თ.ი, დ-ის მასივში, მე-... კვარტალი, ...-ე კორპუსი, ბინა N...-ში, გ. ბ-ი ლ. ჭ-ს დანის ყელზე დადებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ლ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თ-ი, დ-ის მასივში, მე-... კვარტალი, ...-ე კორპუსი, ბინა N...-ში, გ. ბ-ა იძალადა ლ. ჭ-ე, კერძოდ: სახეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც ლ. ჭ-ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თ-ი, დ-ის მასივში, მე-...კვარტალი, ...-ე კორპუსი, ბინა N...-ში, გ. ბ-ი ლ. ჭ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ლ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 1 სექტემბერს, დღის საათებში, ქ.თ-ი, დ-ის მასივში, მე-... კვარტალი, ...-ე კორპუსი, ბინა N...-ში, გ. ბ-ა იძალადა ლ. ჭ-ე, კერძოდ: ხელი დაარტყა ფეხის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 26 სექტემბერს საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი N...., რომლითაც გ. ბ-ს, ლ. ჭ-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო, აეკრძალა ლ. ჭ-ა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ამ უკანასკნელთან ნებისმიერი სახის, მათ შორის - სოციალური ქსელით კომუნიკაცია. 2020 წლის 26 სექტემბერს გ. ბ-ი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მეშვეობით დაუკავშირდა ლ. ჭ-ს, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
· აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 24 სექტემბერს, ქ.თ-ი, ბ-ის ქუჩა N..., ბინა N...-ში, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისთვის ნასამართლევი გ. ბ-ი ფარულად დაეუფლა ლ. ჭ-ს კუთვნილ ფულად თანხას - 200 აშშ დოლარს (656 ლარის ეკვივალენტი) და 300 ლარს, ასევე - 590 ლარად ღირებულ ბრილიანტის ბეჭედს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ქ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ. ბ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულად აკმაყოფილებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, ესენია: დაზარალებულ ლ. ჭ-ა და მოწმეების - ხ. თ-ის, თ. კ-ის, მ. ყ-ის, გ. გ-სა და სხვათა ჩვენებები, N... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, დათვალიერების ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 დეკემბრის ექსპერტიზის N... დასკვნა, ამოღების ოქმი, N2020-14523 სალომბარდო ხელშეკრულება და სხვა მტკიცებულებები.
8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია გ. ბ-ს უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულმა ლ. ჭ-მ დეტალურად აღწერა გ. ბ-ან ურთიერთობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. მანვე მიუთითა, რომ 2020 წლის ივლისში გ. ბ-ა ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო ჩხუბი, ყელზე მიადო დანა და უთხრა, რომ დაჭრიდა და მოკლავდა, რისიც შეეშინდა. ამის შემდეგ, გ. ბ-ა დანით ფეხზე მიაყენა დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მან აღნიშნულის თაობაზე უამბო მეგობარს - ხ. თ-ს. 2020 წლის 28 აგვისტოს მას გ. ბ-ა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მოკვლით და სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ამ დროს სახლში იმყოფებოდა მისი მეგობარი ხ. თ-ე, რომელიც უშუალოდ ხელის დარტყმის ფაქტს არ შესწრებია, მომხდარის შესახებ უამბო თავად, თუმცა ხ-მ დაინახა, რომ მას ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. დაზარალებულის ჩვენებით, შეეშინდა გ. ბ-ის მუქარის, ხელის დარტყმის შედეგად კი განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2020 წლის 1 სექტემბერს გ. ბ-ა კვლავ იძალადა მასზე, კერძოდ, შეკამათებისას ფეხზე დაარტყა ხელი. დარტყმა იყო ძლიერი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას დარტყმის ადგილზე ეტყობოდა სიწითლე. დარტყმის ფაქტს ხ. თ-ე არ შესწრებია, თუმცა უამბო მომხდარის შესახებ. მანვე მეგობარს ფეხზე გადააღებინა ფოტო და შეინახა მობილურ ტელეფონში. 2020 წლის სექტემბერში იგი საცხოვრებლად გადავიდა ქ.თ-ი, ბ-ის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე კონფლიქტი აღარ მოსვლია. გ. ბ-ს ძალადობების თაობაზე მან პოლიციაში განაცხადა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მოჰპარა ბეჭედი და ფულადი თანხა. იგი გ. ბ-ნ იყო ორსულად, თუმცა ნერვიულობის გამო შეუწყდა ორსულობა. 2020 წლის 24 სექტემბერს, გ. ბ-ს წასვლის შემდეგ, შეამოწმა კარადა და ნახა, რომ 200 აშშ დოლარი და 300 ლარი არ იდო საფულეში; ასევე საწოლის თავთან დადებულ პატარა ზარდახშაში ვერ აღმოაჩინა მისი კუთვნილი ოქროს ბეჭედი. მან მაშინვე დაურეკა გ. ბ-ს, თუმცა მას მობილური ტელეფონი ჰქონდა გათიშული; მისწერა მსჯავრდებულს და წაღებული ნივთების უკან დაბრუნება მოსთხოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ გ. ბ-ა ჩართო ტელეფონი, ესაუბრა მას და დაჰპირდა რომ ყველაფერს დააბრუნებდა, თუმცა - უშედეგოდ. გვიან ღამით მან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას. გ. ბ-ის ქმედებების შედეგად მან მიიღო ფინანსური ზიანი, რომელიც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებულია.
9. დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები დაადასტურა მოწმე ხ. თ-მ. მისი ჩვენებით, 2020 წლის აგვისტოს ბოლოს იმყოფებოდა ლ. ჭ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ასევე იყო გ. ბ-ი, რომელიც პერიოდულად აკითხავდა ლ. ჭ-ს. თავად იწვა საწოლში, გ. ბ-ი და ლ. ჭ-ა იმყოფებოდნენ სამზარეულოში. მას ესმოდა როგორ აყენებდა გ. ბ-ი ლ. ჭ-ს სიტყვიერ შეურაცხყოფას. კონფლიქტი გაგრძელდა დიდხანს. მეორე დილით მან დაინახა ატირებული და სისხლიანი დაზარალებული, რომელმაც უთხრა, რომ გ. ბ-ი ეჩხუბა და სახეში დაარტყა ხელი. მან დაზარალებულის სახეზე შეამჩნია ძალადობის კვალი, ლ. ჭ-ს ცხვირი ჰქონდა დაზიანებული და მოსდიოდა სისხლი. იგი ასევე შეესწრო 2020 წლის სექტემბერის დასაწყისში გ. ბ-ის მიერ ლ. ჭ-ას მიმართ ჩადენილ ძალადობას. მას უშუალოდ დარტყმის ფაქტი არ უნახავს, თუმცა იმყოფებოდა ბინაში და კონფლიქტის დასრულებისთანავე მეგობარმა მომხდარის შესახებ უამბო. მას ლ. ჭ-ამ აჩვენა ფეხი, რომელსაც სიწითლე და ხელის კვალი ემჩნეოდა. დაზარალებულმა ასევე სთხოვა დაზიანებული ადგილისთვის გადაეღო ფოტოსურათი, რაც შეასრულა. როგორც ლ. ჭ-ამ უთხრა, შეკამათებისას მას გ. ბ-ა ხელი დაარტყა ფეხზე. გ. ბ-ი და ლ. ჭ-ა იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონდათ. 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მას დაურეკა მეგობარმა - ლ. ჭ-მ და უთხრა, რომ გ. ბ-ა მოჰპარა ოქროს ბეჭედი და ფულადი თანხა. მან ლ. ჭ-ს ურჩია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა პოლიციისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხ. თ-ე არის მოწმე, რომელმაც შემთხვევიდან მალევე პირადად ნახა, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით. მასვე ესმოდა გ. ბ-ის მხრიდან ლ. ჭ-ას მიმართ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები.
10. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ადვოკატ გ. ქ-ს შეფასება მოწმის სახით დაკითხულ ხ. თ-ის ჩვენებასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მოწმე ხ. თ-ის ჩვენება, რომელმაც შემთხვევიდან მალევე პირადად ნახა, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით. მასვე ესმოდა გ. ბ-ის მხრიდან ლ. ჭ-ს მიმართ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება N97აპ-20).
11. მსჯავრდებულის ინტერესების წარმომადგენელი კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ გ. ბ-ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამომცემმა მართლწესრიგის ოფიცერმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნები და დადგენილ ვადაში არ ჩააბარა ადრესატს დოკუმენტი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაჰბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით ჩაჰბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. მოცემულ შემთხვევაში, ორდერის გამომცემ პირს არ დაურღვევია საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
13. საქმის მასალების თანახმად, მართლწესრიგის ოფიცერი თ. კ-ი ტელეფონით დაუკავშირდა გ. ბ-ს, რომელსაც აცნობა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე და განუმარტა აღნიშნული ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები. გარდა ამისა, ვინაიდან გ. ბ-ი იმყოფებოდა ქალაქგარეთ და ვერ ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას, მას საცხოვრებელ მისამართზე ფოსტით გადაუგზავნა ორდერი. თ. კ-ა შეადგინა გ. ბ-ნ სატელეფონო გასაუბრების ოქმი, რომელიც გადასცა გამომძიებელს. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ გ. ბ-ის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და დადგენილი აკრძალვების თაობაზე, დგინდება გ. ბ-ს მიერ ლ. ჭ-ას მიმართ გაგზავნილი შეტყობინებებით, სადაც გ. ბ-ი თავად ახსენებს შემაკავებელ ორდერს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ორდერის გამომცემი პირის მხრიდან არ გამოკვეთილა საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.
14. დამაჯერებლობას მოკლებულია ადვოკატ გ. ქ-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ. ბ-ა დაზარალებულის კუთვნილი ბეჭედი და ფულადი თანხა წაიღო ლ. ჭ-ან შეთანხმებით და ისინი უმოკლეს დროში უნდა დაებრუნებინა. დაზარალებულ ლ. ჭ-ს ჩვენებითა და გ. ბ-ნ განხორციელებული მიმოწერით დგინდება, რომ დაზარალებულმა არ იცოდა გ. ბ-ის მიერ ფულადი თანხისა და ოქროს ნივთის ფარული დაუფლების შესახებ, იგი გ. ბ-ს უწოდებს ქურდს და კატეგორიულად მოითხოვს მისგან ნივთისა და თანხის დაბრუნებას; წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებს, რომ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას დაზარალებულის ჩვენების დაუშვებლად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ თითქოს, ლ. ჭ-ა ადვოკატის ოფისიდან დისტანციურად ერთვებოდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და მისთვის ცნობილი იყო, რა ინფორმაცია მიაწოდეს სხვა მოწმეებმა სასამართლოს. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება ლ. ჭ-ს მიერ ადვოკატის ოფისიდან სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობა, მით უფრო, რომ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის დისტანციური განხილვა, არ დაუფიქსირებია პროცესის მონაწილეთა, ასევე დასაკითხად გამოძახებული პირების გარდა სხვა ადამიანის, მათ შორის - დაზარალებულის რაიმე ფორმით ჩართვა საქმის განხილვაში.
16. საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის ობიექტური შემოწმებით არ დგინდება ლ. ჭ-ა და გ. ბ-ის თანაცხოვრების ფაქტი. დაზარალებულმა და მისმა მეგობარმა - ხ. თ-მ ცალსახად აღნიშნეს, რომ გ. ბ-ი და ლ. ჭ-ა იყვნენ შეყვარებულები, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ოჯახის შექმნას მომავალში გეგმავდნენ. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთად მიირთმევდნენ საკვებს, ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, თავისთავად არ მიუთითებს მათ თანაცხოვრებასა და ერთიან საოჯახო საქმიანობის წარმოებაზე.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 16 ივლისის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 16 ივლისის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი), 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების თაობაზე - კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.
18. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის კონკრეტული პრეტენზიები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი