საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100121004945700
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №905აპ.-22 14 დეკემბერი 2022 წელი
კ–ე გ., №905აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ–სის, ასევე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–სე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. კ–ე მასთან 2015 წლის 6 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - ნ. გ–სთან, ამ დროიდან მოყოლებული 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით, ცხოვრობდნენ ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ–ში, ასევე გარკვეული დროის განმავლობაში - ქ.ბ–ში ქირით და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. იგი მეუღლეს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა პირად საკუთრებად, მოსამსახურედ და მოითხოვდა მისგან, რომ დაკავებული ყოფილიყო მხოლოდ საოჯახო საქმიანობით და მისი მოვლით, რომ მოემზადებინა და მიერთმია მისთვის საჭმელი და ყავა, გაერეცხა და დაეუთოვებინა ტანსაცმელი, ასევე უსიტყვოდ შეესრულებინა ყველა სხვა დავალება, რასაც უბრძანებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ ნ. გ–სი უარით უპასუხებდა ან დროულად ვერ მოასწრებდა ქმრის დავალებების შესრულებას, იგი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. ამასთან, გ. კ–სე ნ. გ–სს არ აძლევდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას და მას როგორც სახლში, ასევე სახლს გარეთ, ნებისმიერ ადგილას ერთად ყოფნისას, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას დედის, ახლობლებისა და გვარის მისამართით გინებით, ასევე ამცირებდა სხვების თანდასწრებით უწმაწური სიტყვებით მიმართვითა და აუგად მოხსენიებით. ნ. გ–სი მეუღლის - გ. კ–სის მხრიდან ზემოაღნიშნული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.
გ. კ–სე მასთან 2015 წლის 6 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. გ–სს, ამ დროიდან მოყოლებული 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ თითქოს, ოჯახში აუცილებლად მამაკაცია პირველ ადგილზე და ქალზე უპირატესი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით თვლიდა პირად საკუთრებად და აღნიშნულის გამო მოითხოვდა მისგან სრულ მორჩილებას, რომ ნ. გ–სს უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, ანუ ქმრის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მომსახურებოდა, დროულად მოემზადებინა და მიერთმია მისთვის საჭმელი და ყავა, გაერეცხა და დაეუთოვებინა ტანსაცმელი, ხოლო თუ მისი ბრძანებების შესრულებას ვერ მოასწრებდა, ამის გამო აგინებდა. 2021 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ. კ–სემ ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ–ში, სახლში, მისაღებ ოთახში ყოფნისას, მეუღლეს - ნ. გ–სს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ თითქოს, ოჯახში ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს ქმრის გადაწყვეტილებებს, გინება დაუწყო მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების წარმოჩენის სურვილით, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ ნ. გ–სი იმ დღეს მასთან შეუთანხმებლად სტუმრად იმყოფებოდა ქ.ქ–ში მცხოვრებ დედასა და ბებიასთან, რომელთა მონახულებასაც უკრძალავდა, აღნიშნულის გამო მან ნ. გ–სს ხელი დაარტყა სახის არეში და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
გ. კ–სე მასთან 2015 წლის 6 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. გ–სს, ამ დროიდან მოყოლებული 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ თითქოს, ოჯახში აუცილებლად მამაკაცია პირველ ადგილზე და ქალზე უპირატესი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით თვლიდა პირად საკუთრებად და აღნიშნულის გამო მოითხოვდა მისგან სრულ მორჩილებას, რომ ნ. გ–სს უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, ანუ ქმრის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მომსახურებოდა, დროულად მოემზადებინა და მიერთმია მისთვის საჭმელი და ყავა, გაერეცხა და დაეუთოვებინა ტანსაცმელი, ხოლო თუ მისი ბრძანებების შესრულებას ვერ მოასწრებდა, ამის გამო აგინებდა. 2021 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 09:30 საათზე, გ. კ–სემ ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ–ში, სახლში, მისაღებ ოთახში ყოფნისას, მეუღლეს - ნ. გ–სს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების წარმოჩენის სურვილით, გინება დაუწყო განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ ნ. გ–სმა გამოთქვა მასთან გაშორებისა და ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად ქ.ქ–ში, დედასთან გადასვლის სურვილი. გ. კ–სე ნ. გ–სს უყვიროდა, რომ ვინაიდან იყო ქალი, არ ჰქონდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება და მისი, ანუ ქმრის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული, დაშორდებოდნენ თუ არა ერთმანეთს და საერთოდ, დედისა და ბებიის მონახულების უფლებას თუ მისცემდა. კონფლიქტის დროს გ. კ–ემ ნ. გ–ს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - ..... წელს დაბადებული ნ. კ–ს და .... წელს დაბადებული დ. კ–ს თანდასწრებით, რის შედეგად ნ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით გ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. გ–სის მიმართ განხორციელებული ტანჯვის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. გ–სის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. კ–სეს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ზ–სმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. კ–სისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის, კერძოდ - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. გ–სის მიმართ განხორციელებული ტანჯვის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. გ–სის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ გ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2022 წლის 14 ივლისს მსჯავრდებულ გ. კ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ზ–სმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. კ–სისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის, კერძოდ - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.
3.3. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. კ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.4. 2022 წლის 29 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენა.
3.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის შუამდგომლობა და ბრალდების მხარეს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ–სის განმარტებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა გ. კ–სის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ იგი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მისი პატიმრობაში ყოფნით ზიანდება მცირეწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესები, ვინაიდან მათ სჭირდებათ მამის მზრუნველობა და მატერიალური უზრუნველყოფა, ოჯახს კი აღარ აქვს შემოსავლის წყარო.
4.2. კასატორის, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. კ–სთვის განსაზღვრული სასჯელი იყო კანონიერი და სამართლიანი და არ არსებობდა მისი შემსუბუქების საფუძველი, ვინაიდან გ. კ–ს არ მოუნანიებია მის მიერ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. გარდა ამისა, საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ იგი მიდრეკილია ძალადობისკენ და საფრთხეს წარმოადგენს ოჯახის წევრებისა და სხვა პირებისთვის. მან არაერთხელ დაარღვია წესრიგი სასამართლო სხდომაზე და მონაწილეებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტში მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდების მხარის პოზიციას გ. კ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გ. კ–ს განუსაზღვრა უფრო მსუბუქი სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში გ. კ–სეს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება მოტივს - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობას, გათვალისწინებულია სასჯელის დანიშვნის დროს.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა.
5.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. კ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ–სის, ასევე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე