საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121004951831
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №961აპ.-22 23 დეკემბერი, 2022 წელი
მ–ე თ., №961აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–სდ. გ–სის, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. მ–სე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა (გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის თებერვლიდან ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში, ქ.თ–ში, წ–ს შესახვევის №..-ში მდებარე ბინა №..-ში თანაცხოვრებისას, თ. მ–სე, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. კ–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამის გამო 2021 წლის ივლისის პირველ ნახევარში მან დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი.
1.3. 2021 წლის თებერვლიდან ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში, ქ.თ–ში, წ–ს შესახვევის №..-ში მდებარე ბინა №..-ში თანაცხოვრებისას, თ. მ–სე, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - თ. კ–ზე, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოხდა ადგილი ჰქონდა 2021 წლის მაისში, 2 ივლისსა და 7 ივლისს, რა დროსაც ხელის დარტყმასთან ერთად, თ. მ–მ რკინის ხელკეტით სცემა თ. კ–ს, ანთებული სიგარეტი დაადო სახეზე და თავში ჩაარტყა ხის სახეხი, რის შედეგადაც თ. კ–მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
1.4. 2021 წლის 30 მაისს, ქ.თ–ში, წ–ს შესახვევის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, თ. მ–მ, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაამტვრია მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - თ. კ–სის კუთვნილი „აიფონ 11-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო №.......) და დაჭრა მისი ტანსაცმელი, რის შედეგადაც თ. კ–სეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა თ. მ–სის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, სისტემატური ცემისა და ნივთის განზრახ დაზიანების ჩადენა, თუმცა სისტემატური ცემის ნაწილში სასამართლო არ დაეთანხმა, რომ იგი ჩადენილი იყო იარაღის გამოყენებით, კერძოდ, რკინის „დრინი“ - რკინის გასაშლელი ხელკეტი, სიგარეტი და აბაზანის ხის სახეხი არ ჩათვალა იარაღად და თ. მ–სის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით თ. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე.
თ. მ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა -2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ–მ ჩაიდინა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ჩაიდინა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.4. 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში, ქ. თ–ში, წინანდლის შესახვევის №..-ში მდებარე ბინა №..-ში თანაცხოვრებისას, თ. მ–სე, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. კ–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამის გამო 2021 წლის ივლისის პირველ ნახევარში მან დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი.
2.5. 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდში, ქ.თ–ში, წ–ს შესახვევის №..-ში მდებარე ბინა №..-ში თანაცხოვრებისას, თ. მ–სე, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - თ. კ–სეზე, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოხდა 2021 წლის მაისში, 2 ივლისსა და 7 ივლისს, რა დროსაც ხელის დარტყმასთან ერთად, თ. მ–სემ რკინის ხელკეტით სცემა თ. კ–ს, ანთებული სიგარეტი დაადო სახეზე და თავში ჩაარტყა ხის სახეხი, რის შედეგადაც თ. კ–მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2.6. 2021 წლის 30 მაისს, ქ.თ–ში, წ–ს შესახვევის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, თ. მ–მ, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაამტვრია მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - თ. კ–სის კუთვნილი „აიფონ 11-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო №........) და დაჭრა მისი ტანსაცმელი, რის შედეგადაც თ. კ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. მ–ის წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ–სდ. გ–სმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. მ–ის წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2022 წლის 27 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ–დ. გ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ამ ნაწილში მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიზანია, დაამძიმოს პირის პასუხისმგებლობა, თუ დამნაშავე ძალადობისას იყენებს სხვადასხვა იარაღს, რომლითაც განზრახ ცდილობს იმაზე მეტი ტკივილი მიაყენოს დაზარალებულს, ვიდრე ხელით ან ფეხით მიაყენებდა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, მსგავს სისასტიკეს დამნაშავე ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენებით ჩაიდენს, თუ ანთებული სიგარეტით ან რკინის ხელკეტით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ „იარაღში“ იგულისხმება, როგორც ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ისე ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შესაძლებელია, გამოიყენონ ობიექტის დასაზიანებლად. თუ ჩავთვლით, რომ ეს დამამძიმებელი გარემოება გულისხმობს მხოლოდ ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის ტრადიციული ფორმით გამოყენებას, მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ან დანით დაჭრას, მივიღებთ, რომ მას აზრი ეკარგება, რადგან ცეცხლნასროლი ან დანით მიყენებული ჭრილობა თითქმის ყოველთვის იწვევს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანებას, რაც სცდება 126-ე მუხლის შემადგენლობის ფარგლებს. ხოლო თუ ჩავთვლით, რომ „იარაღის გამოყენება“ გულისხმობს მისი საშუალებით ძალადობას, იარაღის ან დანის ტარით დაზარალებულის ცემას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს დამნაშავე დაზარალებულის საცემად იარაღის ტარს გამოიყენებს, თუ რკინის ხელკეტს, როცა ხელკეტსაც გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია მსხვერპლის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, როდესაც თ. მ–ე მეუღლის მიმართ ძალადობისას იყენებდა რკინის ხელკეტს, ანთებულ სიგარეტსა და ხის ჯაგრისს, ამით აყენებდა უფრო მეტ ტკივილს, ვიდრე მათი გამოყენების გარეშე მიაყენებდა, ეს ნივთები მან განზრახ შეარჩია დაზარალებულის მიმართ სისასტიკის გამოსავლენად. კასატორი ასევე უთითებს, რომ უსამართლოა თ. მ–სთვის დანიშნული სასჯელი, რომლის შერჩევისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თ. მ–სე ამ ქმედებებს სჩადიოდა თვეების განმავლობაში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა სერიოზული ფიზიკური, ქონებრივი და მორალური ზიანი. იგი დღემდე ებრძვის ამ მოპყრობით გამოწვეულ მძიმე შედეგებს. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა გამოყენებული იარაღისა და ძალადობის ხერხების საშიშროება, ასევე - გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, ბრალდებულის პიროვნება, წარსული და ძალადობისკენ მისი მიდრეკილება.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ თ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–სდ. გ–სის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ თ. მ–სის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულ თ. კ–სის წინააღმდეგობრივი, მიკერძოებული და არასანდო ჩვენება. მართალია, დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. მ–სთან, მაგრამ ასეთი რამ რეალურად არ ყოფილა - ისინი მხოლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთად არ ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ, რაც დასტურდება მოწმეების - მ. გ–ს, ქ. ქ–ს, გ. მ–ს, დ. ა–სა და შ. თ–ს ჩვენებებით. გარდა ამისა, თ. კ–სემ განმარტა, რომ 2021 წლის აპრილში მას თ. მ–სემ ეჭვიანობის ნიადაგზე ე.წ. ,,დრინით“, გასაშლელი ხელკეტით მიაყენა დაზიანებები, რის შესახებაც უამბო დედას, ამასთან, იმყოფებოდა ,,ე–ს“ კლინიკაში, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ე. ქ–ს ჩვენება კი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. სამედიცინო ბარათში ასახულია დაზიანება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მასში დაზიანების წარმომავლობის შესახებ მითითებულია თ. კ–სის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და შესაძლოა, ეს დაზიანება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული თ. მ–სის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებასთან. ასევე არასარწმუნოა დაზარალებულის ჩვენება სხვა ეპიზოდებთან მიმართებითაც. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებში არის წინააღმდეგობები, კერძოდ, დ. ა–ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არ შესწრებია სახლში ძალადობის არცერთ ფაქტს. ე. ქ–ს ჩვენება კი ეწინააღმდეგება მოწმე ნ. ხ–ს ჩვენებას, რომელიც სხვაგვარად აღწერს მანქანის წაყვანის ფაქტს. ამასთან, ნ. ხ–იი არ იცნობდა თ. მ–სეს და ის, რომ თ. კ–ე მასთან ქორწინებაში იმყოფებოდა, გაიგო ე. ქ–ისგან. შესაბამისად, მისი ჩვენება ეფუძნება დაზარალებულისა და მისი დედის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ მტკიცებულებად. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენება 2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმის - შ. თ–სის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ თ. კ–სემ ალკოჰოლური სასმელი მიიღო ჭარბი რაოდენობით და ჰქონდა გადაადგილების პრობლემა. თ. მ–სემ იგი გაიყვანა ოდნავ მოშორებით და ცდილობდა მის მდგომარეობიდან გამოყვანას. მოწმის განმარტებით, შესაძლოა, თ–ი წაქცეულიყო კიდეც და მიეღო დაზიანება. ამასთან, თ–ე და თ–ი იმყოფებოდნენ მისი თვალთახედვის არეში და თ-ს დაზარალებული არ უცემია. თ. კ–სე კი განსხვავებულად აღწერს ..ს ტბის ეპიზოდს, რაც ეწინააღმდეგება სხვა ეპიზოდებს. მას სასამართლოში დაკითხვისას აერია და ისაუბრა არარსებულ ეპიზოდებზეც. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს წარსულში არ გასჭირვებია მეუღლესთან კონფლიქტის გამო მიემართა ძალოვანი სტრუქტურებისთვის. მოცემულ საქმეზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა განმარტა, რომ თითოეული ძალადობრივი ქმედების შემდეგ იგი ურიგდებოდა მეუღლეს, რის მიზეზადაც გამოძიების ეტაპზე ასახელებდა შიშს, სასამართლოში კი - სიყვარულს, რაც ალოგიკურია. გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 6 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებითაც ბრალდების მხარეს დაზარალებულის წინააღმდეგობრივი ჩვენების გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მითუფრო, რომ თ. კ–სეს თ. მ–სის მიმართ ჰქონდა დაინტერესება და მისი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ თორნიკე მის გარეშე აპირებდა ევროპაში საცხოვრებლად წასვლას. კასატორის პოზიციით, „ე–ს“ კლინიკიდან გამოთხოვილ სამედიცინო დოკუმენტაციის აღწერილობით ნაწილში მითითებულია დაზარალებულის განმარტებები, შესაბამისად, იგი საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი არ დგინდება, როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები დაზარალებულმა. ამოღების ოქმისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ მტკიცებულების მოპოვების პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი მოპოვების პროცესსა და დროს, ასევე, ვისგან და რა ვითარებაში იქნა მოპოვებული. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მტკიცებულებები (მობილური ტელეფონი და თ. კ–სის ტანსაცმელი) გარკვეული ხნის შემდეგ ამოიღეს არა თ. მ–სის სახლიდან, არამედ - თ. კ–სისგან, რაც ნივთიერი მტკიცებულებების შეუცვლელობაში ჰბადებს ეჭვს. მოწმე ე. ქ–იის ჩვენება კი ეწინააღმდეგება თ. კ–სის, ნ. ხ–იისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს, ხოლო ვიდეოჩანაწერში არ ჩანს ავტომანქანის მარკა, სახელმწიფო ნომერი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ ეს მანქანა ეკუთვნის ე. ქ–ის. თ. კ–სის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ფოტოსურათზე, რომელზეც თითქოსდა, ნათლად ჩანს მარცხენა თვალის ქუთუთოზე სილურჯე და საფეთქლის არეში წერტილოვანი დაზიანების კვალი, არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა მის უტყუარობას. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწმეები - მ. ს–ი და ნ. ხ–იი გადმოსცემდნენ თ. კ–სა და ე. ქ–იის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, არიან დაზარალებულისა და მისი დედის ახლობლები და შესაძლოა, იყვნენ დაინტერესებულნი, ან თ–ს და ე–ს მათთვის განგებ მიეწოდებინათ არასწორი ინფორმაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს წერაქვი, თუმცა მასზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა და არ დადგენილა ამ ნივთის ავტომანქანასთან შეხება. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ ამოუღია დაზარალებულის ავტომანქანა და არც მასზე დაზიანების არსებობაა უტყუარად დადასტურებული, ვინაიდან საქმის განხილვისას ნივთს არანაირი დაზიანება არ ემჩნეოდა, ვიდეოჩანაწერიდან კი შეუძლებელია მანქანის ნომრით ან სხვა ნიშნით იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ნივთის მესაკუთრე არის ე. ქ–იი. შესაბამისად, ბრალდების მხარეს იგი უნდა ეცნო დაზარალებულად და არა თ. კ–სე. მოწმეების - მ. გ–ს, გ. მ–ს, შ. თ–სის, ქ. ქ–სა და დ. ა–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ თ. კ–სე არ იყო თ. მ–სის მეუღლე და არ ცხოვრობდნენ ერთად. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასწორად და არაობიექტურად. გარდა ამისა, თ. მ–სის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ უნდა მიეღო დაზარალებულის განმარტება, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. მ–სთან, ვინაიდან ეს არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, ასევე, არ უნდა გაეთვალისწინებინა მისი წარსული ნასამართლობა, ვინაიდან იგი გაქარწყლებულია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. მ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებისა და მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის პოზიციას, რომ თ. მ–სე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ძალადობისას, უფრო მეტი ინტენსივობისა და ძლიერი ტკივილის მისაყენებლად, იყენებდა რკინის ხელკეტს, ანთებულ სიგარეტსა და ხის ჯაგრისს, რაც ადასტურებს მის მიერ სისტემატური ცემის იარაღის გამოყენებით ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად“. ზემოაღნიშნული კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს და იმ მოწყობილობას/საგანს, რომლებიც წარმოადგენს იარაღს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის დისპოზიციაში საუბარია იარაღის გამოყენებით და არა - იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ძალადობის ჩადენაზე, რის გამოც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული საგნები: რკინის ,,დრინი“ (გასაშლელი ხელკეტი), სიგარეტი და აბაზანის ხის სახეხი, ვერ ჩაითვლება იარაღად. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის №761აპ-21 გადაწყვეტილებაში განმარტებულია: ,,საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, მართალია, მ. ლ-ემ ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით ყოფილ მეუღლეს - ს. ჩ-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ აღნიშნული დანა განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ ჩაუთვლის მ.ლ-ეს ,,იარაღის“ გამოყენებით დანაშაულის ჩადენას (როგორც დამამძიმებელი გარემოება), რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 531-ე მუხლის ნაწილი“. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასამართლოებმა სწორად გადააკვალიფიცირეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ თ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–სდ. გ–სის პოზიციას იმის შესახებ, რომ თ. კ–სე თ. მ–სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, რის გამოც ვერ მიიჩნევა მისი ოჯახის წევრად. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ. კ–სე დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში თანაცხოვრობდა თ. მ–სთან. ისინი ერთად ზრუნავდნენ ერთმანეთის შვილებზე, ერთად დადიოდნენ მეგობრებთან და წვეულებებზე, მშობლების დახმარებით ერთობლივად იხდიდნენ გადასახადებს, იძენდნენ საკვებს და ეწეოდნენ ცოლქმრულ ურთიერთობას, რაც მიუთითებს მათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნაზე. შესაბამისად, დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებები, რომ თ. კ–ს იცნობდნენ, როგორც თ. მ–ს მეგობარ გოგონას, მოკლებულია დამაჯერებლობას, მითუფრო, რომ თ. მ–სის მეგობარ გ. მ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ ბოლო პერიოდში იგი ხუთჯერ ესტუმრა თ. მ–ს და ხუთჯერვე თ–სთან სახლში იმყოფებოდა თ. კ–სეც. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ემსახურება თ. მ–სთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას წარდგენილ ბრალდებებში თ. მ–სის უდანაშაულობის შესახებ. ასევე, იმას, რომ თითქოსდა, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ დაინტერესებული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სხვა მტკიცებულებებს, ამასთან, არ არის გამყარებული სხვა, პირდაპირი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ თ. კ–ის ჩვენებაზე, რომელმაც დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა თ. მ–ს დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ, დაზარალებულმა სისტემატური ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში თ. მ–სე ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ძალადობდა მასზე ფიზიკურად და გაიხსენა ოთხი შემთხვევა, როდესაც იგი განსაკუთრებით დაუნდობლად გაუსწორდა. მან დეტალურად აღწერა, როგორც ძალადობის ფაქტები, ასევე ამ ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებები. დაზარალებულის განმარტებით, 2021 წლის 30 მაისს, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, თ. მ–მ ეჭვიანობის ნიადაგზე ხელები ურტყა თავის არეში. ძალადობისას მან დედას - ე. ქ–ის გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება და სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო მასთან დასახმარებლად, რომელიც მალევე მივიდა. 2021 წლის 2 ივლისს კი .....ს ტბაზე გამართულ წვეულებაზე თ. მ–სეს არ მოეწონა მისი ქცევა, რის გამოც ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ გაიყვანა გარეთ, მოარიდა ხალხს და სახის არეში შემოარტყა ხელი. თ–მ ხელი განმეორებითაც შემოარტყა, რა დროსაც ძირს დაეცა. წაქცეულს თ. მ–მ ხელ-ფეხი ურტყა თავისა და ტანის არეში, შემდეგ კი მარჯვენა თვალსა და მარცხენა საფეთქლის არეში ჩააწვა ანთებული სიგარეტი. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე ე. ქ–ის ჩვენებით, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტებს, თუმცა 2021 წლის 30 მაისსა და იმავე წლის 2 ივლისს, ძალადობიდან დროის მცირე მონაკვეთში, ნახა თ. მ–სე და თ. კ–სე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ეტყობოდა ცემისას მიღებული დაზიანებები, მათ შორის, დამწვრობის სახით. თ. მ–სე კი იყო აგრესიული და თ–ს მისი თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სხვა შემთხვევებში კი მან მომხდარიდან მეორე და შემდეგ დღეებში ნახა ნაცემი თ. კ–სე, რომელსაც თავისა და ტანის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც, თ–ს განმარტებით, მიაყენა თ. მ–მ. მოწმე მ. ს–ს ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ 2021 წლის ივლისში ნახა, რომ თ. კ–ს სხვა დაზიანებებთან ერთად საფეთქელზე ჰქონდა სიგარეტით ამომწვარი, ხოლო თვალები - ჩალურჯებული. მას თ–მა უთხრა, რომ სცემა მეუღლემ. მოწმე ნ. ხ–იმა კი დაადასტურა, რომ 2021 წლის აპრილ-მაისში მასთან მივიდა ჩალურჯებული და აკანკალებული თ. კ–ე, რომელმაც უთხრა, რომ დაზიანებები მიაყენა თ. მ–მ. იმავე წლის ივლისში კი შენიშნა, რომ თ. კ–ს საფეთქელთან ჰქონდა სიგარეტისგან დამწვარი ადგილი და ფრჩხილი ჰქონდა წაძრობილი. მას თ–მა უთხრა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა თ. მ–მ. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების გარდა, „ე–ს“ კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ თ. კ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით 2021 წლის 14 ივლისს თ. კ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევის, სისხლნაჟღენთების, დამწვრობითი უბნებისა და უსწორონაპირებიანი ნაწიბურების სახით. ნაჭდევი და დამწვრობითი უბნები ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილებაში მითითებულ 2021 წლის 2 ივლისს, ხოლო სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა. უსწორონაპირებიანი ნაწიბურები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და ხანდაზმულობით დაახლოებით 2-3 თვისაა. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2021 წლის 2 ივლისს სახეში გაარტყა ხელი და ასევე, სახეზე სიგარეტი, მიაწვა მეუღლემ, რის შემდეგაც წაიქცა და მიიღო დაზიანებები სხეულზე, ხოლო 7 ივლისს მარცხენა თვალის მიდამოში ჩააჭირა ხელი. მარტში ერთ-ერთი ცემის შემდეგ გრძნობდა ტკივილებს გულმკერდის მიდამოში, რის გამოც იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც გადაუღეს რენტგენი და უთხრეს რომ ნეკნების მოტეხილობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ სისტემატური ცემის შედეგად დაზარალებულმა თ. კ–მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, დგინდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ ძალადობის შედეგად განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას, ასევე - სამედიცინო დასკვნაში აღწერილი დაზიანებებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ თ. კ–მ თ. მ–ს ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ თ. მ–სემ ჩაიდინა თ. კ–სის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი საუბრობს სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდზე, კერძოდ, განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში თ. მ–სის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რადგან ეს უკანასკნელი კვირაში 3-4-ჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედას და მუდმივად ამცირებდა. აღნიშნული გამყარებულია მოწმე ე. ქ–ის ჩვენებით, რომელიც თავადაც შესწრებია მსგავს ფაქტებს და თ. კ-ნაც ფლობს ინფორმაციას. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ თ. მ–სის ქმედებებით თ. კ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ თ. მ–სე თ. კ–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
5.8. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის განმარტებით, 2021 წლის 30 მაისს ძალადობისას, როდესაც თ. მ–სემ შეიტყო, რომ დახმარების თხოვნით შეტყობინება გაუგზავნა დედას, დაუმტვრია „აიფონ 11“ მოდელის მობილური ტელეფონი, წერაქვის გამოყენებით დაუმტვრია ავტომანქანა, რომელიც არის ე. ქ–ს საკუთრება, თუმცა სარგებლობდნენ თვითონ და თ–ე, ასევე, დაუხია და დაუჭრა ტანსაცმელი. ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ე. ქ–ს ჩვენებასთან, რომელიც შემთხვევიდან მალვე მივიდა ადგილზე და უშუალოდ ნახა დამტვრეული მობილური ტელეფონი, დაზიანებული ავტომანქანა და დაჭრილი და დახეული ტანსაცმელი. მოწმის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერში კი ჩანს, რომ „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის მინები არის ჩამსხვრეული და სხვადასხვა ადგილას დაზიანებულია თუნუქი. ის, რომ კადრში არ ჩანს ავტომანქანის სანომრე ნიშნები და სასამართლოში საქმის განხილვისას ავტომანქანა აღარ იყო დაზიანებული, არ გამორიცხავს თ. მ–სის ბრალეულობას. რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 14 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს „iPhone 11“ (ვიზუალური დათვალიერებით) დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს ეკრანი და კორპუსი. ტელეფონის ეკრანისა და კორპუსის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, დეტალებისა და მათი გამოცვლის ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს - 930 ლარს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 12 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით კი დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ, თ. კ–სის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, ხოლო ტყავის ჩანთისა და სპორტული ფეხსაცმლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. შესაბამისად, უტყუარადაა დადგენილი, რომ თ. მ–მ განზრახ დააზიანა ოჯახის წევრის ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში თ. მ–სე მოქმედებდა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით. კერძოდ, დაზარალებულ თ. კ–სისა და მოწმე ე. ქ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ თ. მ–სე სქესის ნიშნით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა და აკონტროლებდა მეუღლეს, არ აძლევდა მეგობრებთან, დედასა და შვილთან თავისუფლად წასვლის შესაძლებლობას, აკონტროლებდა მის სოციალურ ქსელსა და სატელეფონო მიმოწერებს, ზარებს, ჩაცმულობას, ქცევას - „როგორ გაიარა“, „ვის შეხედა“ და ა.შ. მის მიმართ იჩენდა მესაკუთრულ დამოკიდებულებას და თავს მიიჩნევდა მის „პატრონად“, ეუბნებოდა, რომ ,,იყო მისი ერთადერთი პატრონი და ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მას სურდა“. აღნიშნული კი ადასტურებს გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულების ჩადენას.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ განაჩენი ემყარება დაინტერესებული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სხვა მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება მათი მხრიდან რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც საკასაციო პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მათ ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. მ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უცვლელად დატოვა თ. მ–სისთვის განსაზღვრული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში თ. მ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს ყველა ეპიზოდთან მიმართებით დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინებულ უნდა იქნეს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა.
5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. მ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში თ. მ–სის მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–სდ. გ–სის, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე