საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141322006625225
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2I-23 თბილისი
ჩ-ი ა, 2I-23 3 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირადი საქმის მასალების მიხედვით:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით:
ა. ჩ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - საქართველოს სსკ-ის 24.137-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ა. ჩ-სთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 5 ნოემბრიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინებით:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის განაჩენი ა. ჩ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით ა. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და ჯარიმა - 4000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 22 წლითა და ჯარიმა - 4000 ლარი.
ა. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 20 მარტიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულების (მათ შორის - ა. ჩ-ის) საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. ჩ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და ჯარიმა - 4000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით და საბოლოოდ ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლითა და 6 თვით და ჯარიმა- 4000 ლარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილს - თავისუფლების აღკვეთას 6 წლით დაემატა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და ჯარიმა - 4000 ლარი, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ ა. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 14 წლით და ჯარიმა - 4000 ლარი. ა. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 20 მარტიდან.
8. 2022 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ჩ-ა და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დამდგარი ნასამართლობის მოხსნა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჩ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
10. საჩივრის ავტორი - მსჯავრდებული ა. ჩ-ი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის განჩინების გაუქმებასა და ნასამართლობის მოხნას. ა. ჩ-ი აღნიშნავს, რომ მას სასჯელი მოხდილი აქვს, თუმცა ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
4. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით ა. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო - 2003 წლის 5 ნოემბრიდან; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის მომართვის თანახმად, ა. ჩ-ი ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) გათავისუფლდა - 2008 წლის 4 ნოემბერს, კალენდარულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ა. ჩ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი აქვს მოხდილი (რაზეც თავად ა. ჩ-იც მიუთითებს), ხოლო ნასამართლობა - გაქარწყლებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სამართლებრივ პირობებში მსჯავრდებულ ა. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი