დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.01.2023
საქმის ნომერი
30აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №30აგ-22 თბილისი

მ-ე დ., 30აგ-22 12 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დ. მ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ. მ-ეს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 11000 ლარი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დ. მ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ-ეს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით დ. მ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ-ეს განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დ. მ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: დ. მ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 4 წელი და 3 თვე; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ-ეს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

9. 2022 წლის 22 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატმა ნ. შ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა დ. მ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირება, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატმა ნ. შ-ემ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ითხოვს დ. მ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირებას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ადვოკატის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩადენისას დ. მ-ე არ იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით დ. მ-ეს საბოლოო სასჯელი, დანაშაულთა ერთობლიობით, ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა - დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელთა ნაწილობრივ შთანთქმისა, უნდა განსაზღვროდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სასჯელთა სრული შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კერძოდ: ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისა და მსჯავრდებულ დ. მ-ისათვის სასჯელის შემცირების შესახებ შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უკვე განიხილა და 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის შესაბამისად, დ. მ-ეს სასჯელი შეუმცირა (სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებით), რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 18 მარტის განაჩენში აღნიშნა შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმის გათვალისწინებით, რომ დ. მ-ე ნასამართლევი იყო განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დადგენილ დანაშაულებთან მიმართებით გამოკვეთილი იყო დანაშაულის რეციდივი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია გაიზიარა და მიუთითა, რომ დ. მ-ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივ შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელი სამართლიანი იყო, შეესაბამებოდა მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რის გამოც მიზანშეუწონლად მიიჩნია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება ან სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება.

6. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და არ არსებობს იმავე საფუძვლით იმავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი, ხოლო რაიმე ახალი გარემოება მას არ წარმოუდგენია.

7. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ თითქოს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩადენისას დ. მ-ე არ იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს დ. მ-ე ნასამართლევი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის განაჩენით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით იგი დამნაშავედ ცნო, როგორც განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ ნ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე