საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.03.2023
საქმის ნომერი
2კ-1169აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122005833991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1169აპ.-22 20 თებერვალი 2023 წელი

დ–ე ლ., №1169აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. დ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. დ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თ–ში, ........ის ..... N...-ში მდებარე თ–ს ....... სასამართლოს N.. სხდომათა დარბაზში, ლ. დ–ე თავისი ძმის - ხ. დ–ს საქმის განხილვასთან დაკავშირებით დაემუქრა საქმის განმხილველ მოსამართლეს - ნ. ჩ–ს შვილის სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ,,კარგად დაემახსოვრებინა მისი სახე, რადგან ის იქნებოდა მისი (მოსამართლის) შვილის მკვლელი“. აღნიშნული ქმედება ნ. ჩ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თ–ში, .........ის ......ს N..-ში მდებარე თ–ს .......... სასამართლოს N.. სხდომათა დარბაზის მიმდებარედ, ლ. დ–მ თავისი ძმის - ხ. დ–ს საქმის განხილვასთან დაკავშირებით შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და უცენზურო სიტყვებით მიმართა სამართალწარმოების მონაწილე პროკურორს - გ. ნ–ს.

1.4. 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თ–ში, ..........ის ხეივნის N..-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს N.. სხდომათა დარბაზის მიმდებარედ, ლ. დ–სემ თავისი ძმის - ხ. დ–ს საქმის განხილვასთან დაკავშირებით შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია საქმის განმხილველი მოსამართლე ნ. ჩ–ი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით ლ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ ლ. დ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. დ–სთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 31 ოქტომბერს მსჯავრდებულ ლ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. დ–სთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ლ. დ–ის აღელვება გამოიწვია მისი ძმისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯამ, თუმცა იგი რამდენიმე წუთში დაწყნარდა და წავიდა სახლის მიმართულებით. მან არაერთხელ განმარტა, რომ მისი ქცევა განაპირობა მხოლოდ ემოციებმა და მის სიტყვებს რეალურ ქმედებებთან საერთო არაფერი ჰქონდა. იგი ინანიებს ჩადენილ ქმედებას. გასათვალისწინებელია, რომ ლ. დ–ს არ ჰყავს მამა, ხოლო დედა ავადმყოფია, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, ძმა სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ჰყავს მცირეწლოვანი ძმისშვილი, რომელიც მამის პატიმრობაში ყოფნისას მხოლოდ ლ. დ–ის იმედად იყო, ოჯახს აქვს მძიმე მდგომარება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ლ. დ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ, ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე ის, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ. დ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, შესაბამისად, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, რისი გათვალისწინებითაც, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განესაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ლ. დ–სთვის განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. კ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე