საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005444890
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1138აპ.-22 24 თებერვალი, 2023 წელი
ნ–ე ი., №1138აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–სა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ნ–სე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.თ–ში, ლ–ს დასახლების მე-.. კვარტალში მდებარე მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ნ–მ ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ორსული მეუღლის - თ. ვ–ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი დაარტყა ლოყაში, ასევე ორჯერ დაარტყა ხელი თვალისა და ცხვირის არეში, რა დროსაც თ. ვ–მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი. ნ–ს ქმედებით თ. ვ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით ი. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ღ–მ და გ. ლ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2022 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ლ–მ და მ. ღ–მ, რომლებმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორების პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ი. ნ–ს ბრალეულობას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 2 იანვარს თ. ვ–ე და ი. ნ–ე იმყოფებოდნენ ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა გაუგებარია, თუ ერთად იმყოფებოდნენ, მაშინ თ. ვ–ე ღამის სამ საათზე რატომ სწერდა ი. ნ–ს მუქარის შემცველ სიტყვებს - ,,შენთან მოვდივარ და ნახე, რა მოგელის“. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა 2022 წლის 6 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვინაიდან იგი სიზუსტით იმეორებს თ. ვ–ს მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას, რომელიც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა. რაც შეეხება გამომძიებლის ჩვენებას, იგი არის ირიბი, რადგან მოწმე ძალადობის ფაქტს არ შესწრებია და მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2022 წლის 19 იანვრით დათარიღებული განცხადებითა და მასზე დართული ფოტომასალის ე.წ. „მიმოწერების“ დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებული თ. ვ–ეე სატელეფონო მიმოწერისას უყურადღებობის გამო საყვედურობს ი. ნ–ს. მიმოწერებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ი. ნ–მ დაბლოკა იგი, შემდეგ კი მოხსნა ბლოკი, რის შემდეგაც მას თ. ვ–ეე უგზავნის მუქარის შემცველ ტექსტს - „შენთან სახლში მოვდივარ და ნახე, რა მოგელის“ და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულს ბრალდებულის „დასჯის“ ინტერესი რომ ჰქონოდა, აუცილებლად მისცემდა ჩვენებასო, რაც არასწორია, რადგან 2022 წლის 27 იანვარს დაცვის მხარემ განცხადებით მიმართა გამომძიებელს და ითხოვა თ. ვ–ეის საჩივრისა და დაზარალებულსა და ი. ნ–სთან გასაუბრების ოქმების გადაცემა, რის შემდეგაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამომძიებელმა დაადასტურა, რომ თ. ვ–მ ნასესხები თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით მეორედაც უჩივლა ი. ნ–სეს, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. მოცემულ შემთხვევაში თ. ვ–მ ჩვენების მიცემაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს და თავი აარიდა პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია, რომ 112-ში დარეკა დაზარალებულის დედამ და განაცხადა, რომ მის შვილს სცემა ყოფილმა შეყვარებულმა და არა - „მომავალმა ქმარმა“ ან „მეუღლემ“. აღნიშნული კი გამორიცხავს, რომ თ. ვ–ე არის ი. ნ–ს ოჯახის წევრი. გარდა ამისა, როდესაც ხ. მ–ე ჩვენებას აძლევდა სასამართლოს, მას თ. ვ–ეემ ჩვენება რამდენჯერმე შეაწყვეტინა შემდეგი სიტყვებით - „ეგ შენთვის მე არ მითქვამს“, „რატომ იტყუები, დე?“, „როდის გითხარი?“. გასათვალისწინებელია, რომ მოწმე ხ. მ–ს ჩვენება იმის შესახებ, რომ თ. ვ–ს თვალისა და ცხვირის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, არის პირდაპირი, მაგრამ უშუალოდ დაზიანებების მიყენების ნაწილში ირიბია. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლომ განაჩენში სრულად არ ასახა მ. მ–ს ჩვენება და არ მიუთითა, რომ მოწმის განმარტებით - „ი. ისეთი კარგი ბიჭია, არასდროს ეტყოდა თ–ს მუცელი მოიშალეო“. ამასთან, მოწმე მ. მ–ე მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს ხ. მ–სგან, თვითონ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ი. ნ–მ თ. ვ–ს მიაყენა დაზიანება, წარმოდგენილი არ არის. პირიქით, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ თ. ვ–ს გადმოცემით, მან ეს დაზიანებები მიიღო ავტოავარიის დროს. ექიმმა კი ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ფორმა 100-ში ასახა ის ინფორმაცია, რაც პირადი გასაუბრებისას მიაწოდა თ. ვ–მ. კასატორებმა ასევე ითხოვეს ი. ნ–სთავის სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ნ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას ი. ნ–ს უდანაშაულობის შესახებ, რომ თითქოს წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა თ. ვ–მ სასამართლო სხდომაზე ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ი. ნ–სის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა კი არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლომ „ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის ,,112-ში“ მისი ზარის აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც უარი განაცხადა გამომძიებლის დადგენილებით დანიშნული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილების: თ. და ა. გ-ს გამოკითხვაზე და არ მისცა ჩვენება სასამართლოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა“. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებსაც, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით. ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, სხვა მტკიცებულებები რამდენად წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ხ. მ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 5 იანვარს სახლში მივიდა აღელვებული თ. ვ–ე, რომელსაც ცხვირისა და თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები და უთხრა, რომ ორსულობასთან დაკავშირებით 2022 წლის 2 იანვარს შელაპარაკება მოუვიდა ი. ნ–სთან, რომელმაც ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც სახეზე ჰქონდა დაზიანებები. აღნიშნულის გამო, მოწმემ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. ის, რომ 2022 წლის 5 იანვარს თ. ვ–ს მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით, დაადასტურა მოწმე მ. მ–ც, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მას თ. ვ–მ უთხრა, რომ 2022 წლის 2 იანვარს მასზე ფიზიკურად იძალადა ი. ნ–მ. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია შპს „........ სამედიცინო ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №..-ითა და ამავე კლინიკის ცნობით, რომლებითაც დგინდება, რომ მოქალაქე თ. ვ–ეე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2022 წლის 2 იანვარს, 17:13 საათზე და გაეწერა იმავე დღეს, 18:00 საათზე. მას დაუდგინდა დიაგნოზი: ორსულობა. ფეტომეტრიით ორსულობა შეესაბამება 14 კვირას. ცხვირის ზედაპირული ტრავმა. სკალპის ზედაპირული ტრავმა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ ამავე დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის თავისა და ცხვირის ტკივილს. შუბლის არეში აღენიშნება რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. ცხვირი პალპაციით მტკივნეულია. პაციენტის გადმოცემით, ტრავმის მიღებისას აღენიშნებოდა ცხვირიდან სისხლდენა. აღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ ი. ნ–ს მხრიდან მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მართალია, აღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ პაციენტის გადმოცემით, მან დამუხრუჭების დროს თავი მიარტყა ტორპედოს, მაგრამ გამომძიებელ თ. ა–ს ჩვენებით დგინდება, რომ გამოკითხვისას მას თ. ვ–მ უთხრა, რომ 2022 წლის 2 იანვარს მიმართა ........... სახელობის კლინიკას და დაზიანებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი მიიღო ავტომანქანით მგზავრობისას, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მან დაზიანებები მიიღო ყოფილი მეუღლის - ი. ნ–სის მხრიდან სახის არეში დარტყმების შედეგად, თუმცა ამის შესახებ არ განაცხადა, რადგან არ სურდა ყოფილ მეუღლეს - ი. ნ–ს შექმნოდა პრობლემა. ამ ნაწილში მოწმის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ხ. მ–ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ძალადობის დღეს მიყენებული დაზიანებების გამო, თ. ვ–ე იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც ვინაიდან არ სურდა მეუღლის მხილება განუცხადებია, რომ დაზიანებები მიიღო ავარიის დროს.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 იანვრის ექსპერტიზის №.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შპს „............ სამედიცინო ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №.. და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №..-ის მონაცემების თანახმად: მოქალაქე თ. ვ–ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 02/01/22 წლის 17:13 საათზე და გაეწერა 02/01/22 წლის 18:00 საათზე. მას დაუდგინდა დიაგნოზი: ორსულობა. ცხვირის ზედაპირული ტრავმა. სკალპის ზედაპირული ტრავმა. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი/ჰემატომა. პირადი შემოწმებით, 2022 წლის 6 იანვარს თ. ვ–ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, სხეულზე (ცხვირის ზურგზე ცენტრალურად, ორივე ფრთაზე გარდამავალი; მარცხენა საფეთქლისა და მარცხენა ორივე ქუთუთოების მიდამოებში) გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. თ. ვ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 2022 წლის 2 იანვრის თარიღს. გასათვალისწინებელია, რომ დაზიანებების მიღებასთან დაკავშირებით, ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2022 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 15:00-16:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხნივ, თვალბუდისა და ცხვირის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, საიდანაც მალევე გაეწერა.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ ვინაიდან მოწმე ხ. მ–მ 112-ში დარეკვისას განაცხადა, რომ მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა შეყვარებულმა, საეჭვო ხდება, რომ თ. ვ–ე არის ი. ნ–სის ოჯახის წევრი. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ხ. მ–სა და მ. მ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ი. ნ–ს და თ. ვ–ეე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთად და ელოდებოდნენ შვილს. მათი ჩვენებები გამყარებულია მოწმე ი. ხ–ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მისი ბინა იქირავა ი. ნ–მ, რომელმაც უთხრა, რომ ბინაში მეუღლესა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად აპირებდა ცხოვრებას. ამის შემდეგ, იგი თვეში ერთხელ, ქირის გადახდის დროს, მიდიოდა მათთან, რა დროსაც ბინაში ყოველთვის ერთად ხვდებოდნენ ცოლ-ქმარი - ი. ნ–სე და თ. ვ–ე ბავშვთან ერთად. ამასთან, არც თავად ი. ნ–სეს უარუყვია, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. ვ–სთან და ცხოვრობდნენ ერთად. მან დაადასტურა, რომ 2022 წლის 2 იანვრის მდგომარეობით ისინი ელოდებოდნენ საერთო შვილს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხვას დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში მითითებულ ინფორმაციას.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ დაზარალებული იყო ი. ნ–ს დასჯით მოტივირებული. მოცემულ შემთხვევაში პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორე, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორებს კი არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ნ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.10. საკასაციო სასამართლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის მიზნებისთვის წინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება მისი გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას. როდესაც ბოლო განაჩენის გამოტანისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ხოლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას გააჩნია საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, „თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ“. მითითებული საპროცესო ნორმა გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, თუმცა არა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არამედ - შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ნ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ი. ნ–სთვის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–სა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე