საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003092809
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1311აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
ა–ე თ., №1311აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ა–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ა–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, ორი ეპიზოდი, 2021 წლის 1 დეკემბრის, N1037 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განაჩენით თ. ა–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.
ნასამართლობის მოხსნამდე, 2019 წლის 9 მაისს, თ–ში, ქ–ს შესახვევი, N..-ე კორპუსის მე-2 სადარბაზოში, თ. ა–მ 200 ლარის სანაცვლოდ ლ. ნ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ოთხი შეკვრა ნივთიერება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ნივთიერებები იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ნასამართლობის მოხსნამდე, 2019 წლის 21 მაისს, თ–ში, ქ–ს შესახვევი, N..-ე კორპუსის მე-.. სადარბაზოში, თ. ა–მ 200 ლარის სანაცვლოდ ლ. ნ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ოთხი შეკვრა ნივთიერება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ნივთიერებები, იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით თ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ა–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ა–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ხ–მ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ. ა–ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისაგან. ამასთან, თ. ა–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. თ. ა–ის ქმედება ბრალდების ორივე ეპიზოდში დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის დანიშვნისას გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. გარდა ამისა, თ. ა–ს გადაუვადდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. ა–ის ბრალდებიდან, როგორც 2019 წლის 9 მაისის, ასევე 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდებში ამოირიცხა მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
თ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 9 მაისისა და 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, 2019 წლის 9 მაისისა და 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, 2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ. ა–ე გათავისუფლდა ამ განაჩენით დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან;
დაცვის მხარის მოთხოვნა განაჩენის აღსრულების გადავადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თ. ა–ს საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან;
თ. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3.2. 2022 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ნ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ა–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. ამასთან, თ. ა–ის ქმედების ბრალდების ორივე ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება და ამ ნაწილში სასჯელის განსაზღვრისას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინება. ამასთან, თ. ა–სთვის დანიშნული სასჯელის გადავადება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ ერთი მტკიცებულება, საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმის - ლ. ნ–ის ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი იყო მოცისფრო ფერის ქაღალდში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილები. თ. ა–მ კი განაცხადა, რომ მან ლ. ნ–ს გადასცა ღია ვარდისფერ პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილი. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ფარულ ჩანაწერებში ჩანდა როგორ გადასცა თ. ა–მ ლ. ნ–ს მოცისფრო ქაღალდში გახვეულ ნარკოტიკი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ჩანაწერი არის შავ-თეთრი. კასატორის პოზიციით ლ. ნ–ე არის დაინტერესებული მოწმე და იგი სხვადასხვა პირების მხილების მიზნით არაერთ საქმეში ახდენს ფარულ აუდიო-ვიდეო ჩაწერას. გარდა ამისა, საქმეზე არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა, რომ ნივთიერ მტკიცებულებებზე თ. ა–ს დნმ-ის კვალი არ იყო. თ. ა–სემ იცოდა, რომ ლ. ნ–ე თანამშრომლობდა პოლიციასთან, ამიტომ მას გადასცა მხოლოდ დაფხვნილი ციტრამონი. თ. ა–ე იყო მხოლოდ შუამავალი ლ. ნ–სა და ნარკოტიკის გამსაღებელ მეზობელ პირს შორის, რაც ასახულია ფარულ ჩანაწერებში. შესაბამისად, მისი ქმედება წარმოადგენს არა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, არამედ ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას, რის გამოც მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია. კასატორი ასევე უთითებს, რომ თ. ა–ს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, იგი არის მძიმე ავადმყოფი, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ თუ თ. ა–ს არ გაეწია სწორი და დროული მკურნალობა იგი მკურნალობის მიმართ გახდება რეზისტენტული. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნ. ჩ–ი. თ. ა–ს არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, საპატიმროში მოხვედრის მომენტიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, რის გამოც ის სისტემატიურად ითხოვდა სამედიცინო მომსახურებას, თუმცა მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რის გამოც იგი პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობასაც მიმართავდა. მას სახალხო დამცველის აქტიური ჩარევით უტარდებოდა გამოკვლევები, მაგრამ არა - სათანადო მკურნალობა. 2020 წლის 21 ივლისს თ. ა–მ მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, ვინაიდან ირღვეოდა მისი როგორც პაციენტის უფლებები და ითხოვა დახმარება. კასატორის პოზიციით საქმის განხილვა ორივე ინსტანციის სასამართლოში ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, კერძოდ, მტკიცებულებები არ შეფასებულა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად რამაც ხელი შუშალა საქმის გარემოებების სრულყოფილად დადგენას და გავლენა მოახდინა სასამართლოს მიერ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოტანაზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 9 მაისისა და 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, 2019 წლის 9 მაისისა და 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ თ. ა–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებად და, რომ ლ. ნ–ე არის დაინტერესებული მოწმე, რომლის ჩვენებაც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ლ. ნ–ის ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ თ. ა–ე ეწეოდა თითო პაკეტი ნარკოტიკული საშუალებების - ,,ამფეტამინისა“ და ,,ალფა-პვპ-ს“ 50 ლარად გასაღებას, რომელიც რამდენჯერმე მასაც შესთავაზა. მან ამის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და ნებაყოფლობით გამოთქვა თანხმობა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. აღნიშნულის საფუძველზე იგი ე.წ. „მ–ს“ შენობაში ორჯერ აღჭურვეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც 2019 წლის 9 და 21 მაისს გამომძიებლისგან გადაცემული 200-200 ლარით მან თ. ა–სთან განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ, თ–ში, ქ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მან თ. ა–სგან შეიძინა 4-4 ცალი, მოცისფრო ქაღალდში, მცირე ზომის პაკეტებად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“. ორივე საკონტროლო შესყიდვისას მას თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ელოდებოდნენ ქ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამომძიებლებმა მისგან ამოიღეს თ. ა–საგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების პაკეტები, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელში, რაც დალუქეს ადგილზე და შეადგინეს ამოღების ოქმები. ორივე საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, იგი აპარატურის მოსახსნელად მიიყვანეს ე.წ. „მ–ს“ შენობაში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვების დროს პოლიციის თანამშრომლები მასზე ახორციელებდნენ მეთვალყურეობას, რა დროსაც მას თ. ა–სის გარდა, სხვა პირთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების პაკეტები არ გაუხსნია და ჯიბეში არ ჩაუდია. მას ამ დროს ჩანთაც არ ჰქონდა, ხელში მხოლოდ მობილური ტელეფონი, საფულე, სიგარეტი და სანთებელა ეჭირა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები იყო მცირე ზომის, მსუბუქი და ოთხივე ერთად ეტეოდა ხელის გულზე. მისთვის ცნობილია, რომ თ. ა–ე ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდულობდა ინტერნეტით და თვითონვე აფასოვებდა, თუმცა სხვადასხვა გამოგონილი პირების სახელებით (ვინმე მ–ა, ქული) ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ თვითონ გამსაღებელი არ იყო და ეუბნებოდა - „მე ამღები არ გეგონო, უბრალოდ გეხმარებიო“. თ. ა–სე მასთან შეხვედრისას იჩენდა სიფრთხილეს. მოწმემ ასევე განმარტა - „არ ვეუბნებოდი, ვიცი რომ შენ ხარ გამყიდველი. ეგ რომ მეთქვა, აღარ მომცემდა, ამიტომ ვუქნევდი თავს გამოგონილ პირებზე, თორემ ხომ ვიცოდი რომ უშუალოდ თვითონ იყო.“ მოწმის ჩვენება გამყარებულია 2019 წლის 9 მაისის და 21 მაისით დათარიღებული ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით და მოწმეების - კ. გ–ს, გ. ა–ს, ი. ნ–ს, ლ. ტ–სა და ნ. ზ–ს ჩვენებებით, რომლებითაც დადასტურდა, რომ ლ. ნ–ეს ორივე საკონტროლო შესყიდვისთვის გადასცეს თანხა და აღჭურვეს შესაბამისი ტექნიკით, რის შემდეგაც ლ. ნ–ემ თ. ა–სთან ორჯერ განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა, რომელიც ლ. ნ–სგან ამოიღეს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გამომძიებლებმა, რომლებიც ვიზუალურ მეთვალყურეობას უწევდნენ მას.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებებზე, კაერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 16 იანვრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.. დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ამასთან მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე თ. ა–ის ხმა ტექნიკური თვალსაზრისით იდენტურია, ხოლო 2020 წლის 10 იანვრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ ვიდეოგრამებში ასახული პირი არის თ. ა–სე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის (ვიდეო ჩანაწერი) და ე.წ. კრებსებით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 მაისს, 17:49:49 სთ-დან 17:56:42 სთ-მდე დროის პერიოდში, თ–ში, ქ–ს შესახვევი, N..-ე კორპუსის მეორე სადარბაზოში ლ. ნ–ზე შეხვდა თ. ა–ეს, რომელსაც გადასცა თანხა - 200 ლარი, რომლის ოდენობას სიტყვიერად აფიქსირებს ლ. ნ–ზე - „ორასი ხო“, რაზეც თ. ა–სე პასუხობს: „მაგდენი არა აქვს...კაროჩე სამი ცალი...ერთი ცალი მე მაქვს აგერ, მე, ჩემი ნაყიდი...მე დაგითმობ და მე გამოვართმევ“ და ლ. ნ–ს აწვდის მცირე ზომის, 4 ცალ სავარაუდოდ ქაღალდის პაკეტს, რაც ნათლად ჩანს ნ–ს ხელის გულზე. ამავე ვიდეოჩანაწერში თ. ა–სე ლ. ნ–ს ეუბნება „მიეცი ეს ვისიცაა, ხოდა მერე შენ მოგიტან და ვიკაიფოთ ერთად რა“, რაზეც ქალბატონი პასუხობს „ორი ჩემია უეჭველი“. ისინი თანხმდებიან 8 საათისათვის დარეკვასა და შეხვედრაზეც, კერძოდ, თ. ა–სე ლ. ნ–ს პირდება, რომ მერე შეხვდება და მისცემს. ამასთან, აფრთხილებს არავის არაფერი უთხრას, რაზეც ლ. ნ–ზე პასუხობს - „ვის უნდა ვუთხრა? შენც არ უთხრა, არავინ დამახვედრო“. 2019 წლის 21 მაისს, 14:36:22 სთ-დან 14:50:23 სთ-მდე დროის პერიოდის ჩანაწერით კი დგინდება, რომ ლ. ნ–ე თ. ა–ს გადასცემს სხვადასხვა კუპიურის თანხას, რის სანაცვლოდ თ. ა–სე გადასცემს მცირე ზომის, 4 ცალ ღია ფერის პაკეტს, რაც ნათლად ჩანს ლ. ნ–ს ხელის გულზე. ამასთან, 2019 წლის 21 მაისის ჩანაწერი 2019 წლის 9 მაისის ვიდეოჩანაწერისაგან განსხვავებით არის შავთეთრი. ამავე ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე, ვინაიდან თ. ა–სე იჩენს სიფრთხილეს და ეჭვობს, ლ. ნ–ე პოლიციის მიერ ხომ არაა მიგზავნილი. ლ. ნ–ზეე კი უკმაყოფილებას გამოთქვამს ნივთიერების ოდენობის შემცირებაზე და ეუბნება: „ძაან აცოტავებენ, გეფიცები...აუ ძაან ცოტაა... ჯერ ბევრი იყო და მერე დააკლეს და ვინ დააკლო?“ ამასთან, აღსანიშნავია, რომ უდავო მტკიცებულებებით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მათ შორის საუბრები ეხებოდა სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს, თანხის ოდენობასა და შეხვედრის ადგილს.
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის შესახებ, ვინაიდან ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, მათზე დართული ფოტოცხრილითა და ექსპერტთა ჩვენებებით დადგნდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის პაკეტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 13 მაისის ექსპერტიზის №........ დასკვნით დადგინდა, რომ მოცისფრო ქაღალდის ნაჭრებში გახვეული, ოთხ ცალად დაფასოებული, თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,192 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP). ხოლო 2019 წლის 22 მაისის ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად: მოცისფრო ქაღალდის ნაჭრებში გახვეული, 4 ცალად დაფასოებული, თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,1187 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP). კასატორის პოზიცია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფხვნილისა და ქაღალდის ფერი განსხვავდება თ. ა–ის მიერ გასაღებული ფხვნილისა და მის შესაფუთად გამოყენებული ქაღალდის ფერისგან საფუძვლად ვერ დაედება თ. ა–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან, ფერის აღქმა და გადმოცემა არის ინდივიდუალური, ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ვიდეოჩანაწერებიდან მხოლოდ 2019 წლის 21 მაისით დათარიღებული ჩანაწერია შავ-თეთრი გამოსახულებით, 2019 წლის 9 მაისის ჩანაწერი კი არის ფერადი, რაც ეწინააღმდეგება კასატორის განმარტებას, რომ ჩანაწერები არის შავ-თეთრი და ფერის აღქმა შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ თ. ა–ე არ არის ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი და იგი მხოლოდ მის შეძენაში ეხმარებოდა ლ. ნ–ეს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მოწმე ლ. ნ–ის განმარტებით, მან იცოდა, რომ სწორედ თ. ა–სე იყო გამყიდველი, თუმცა ამის შესახებ არასდროს უთქვამს თ. ა–სთვის. აღსანიშნავია, რომ საუბრისას თ. ა–ე ლ. ნ–ს ეუბნება, რომ მას (გამყიდველს, ვისგან ნარკოტიკის შეძენაშიც ეხმარება) 200 ლარის ნარკოტიკი არ აქვს და ამიტომ ამ ოთხი შეკვრა ნარკოტიკიდან ერთი თავისია და ამ თანხის ანგარიშში აძლევდა, რაც ამყარებს ლ. ნ–ზეის ჩვენებას, რომ თ. ა–სე თავად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ იგი ეხმარებოდა ლ. ნ–ს ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში.
5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 9 მაისისა და 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, 2019 წლის 9 მაისისა და 2019 წლის 21 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას თ. ა–სთვის დანიშნული სასჯელის გადავადების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამავე მუხლის 12-ლი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
5.10. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტების - ა. გ–ს, ც. მ–ს, თ. ბ–ს ჩვენებებითა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ს“ მიერ 2021 წლის 30 სექტემბერს გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №. დასკვნით დგინდება, რომ თ. ა–ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება (I 25). არასტაბილური სტენოკარდია (I 20.9), არტერიული ჰიპერტენზია II სტადია (JNC VII) (I10), გულის უკმარისობა II ფუნ. კლ. (NYHA) (I 50.9). ნერვის ფესვებისა და წნულების კომპრესიები მალთაშუა დისკების დაზიანების დროს (G55.1), ოსტეოქონდროზი (M42.9), ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი (G45.0), ენცეფალოპათია დაუზუსტებელი (G93.4), სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატური) დისფუნქცია (F45.3), უძილობა (F51.0), სხვა დეპრესიული ეპიზოდები (F32.8), კონვულსია (დაუზუსტებელი) (R56.8), ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C (B 18.2) (მკურნალობის შემდგომი პერიოდი), ეროზიული გასტრიტი (K 29.3), რეფლუქს-ეზოფაგიტი (K21.0), ქრონიკული ქოლეცისტიტი (K81.1), ჰემოროიდული დაავადება (I84), პროსტატის ადენომა (D29.1), თირკმელ-კენჭოვანი დაავადება (N20.0). თ. ა–სის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. იგი ქრონიკული და პროგნოზულად კარდიოვასკულარული დაავადებების ხასიათის, მათი თანაარსებობის და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, მძიმე ავადმყოფია სრული განკურნების პერსპექტივის გარეშე. ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, ჩასატარებელი სამკურნალო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების გათვალისწინებით, თ. ა–ის იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) ნეგატიურად იმოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის - ნ. ჩ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დიაგნოზი ემთხვევა თ. ა–ისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასმულ დიაგნოზს და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა, რისთვისაც დაწესებულებას გააჩნია ყველა საჭირო რესურსი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. ა–სთვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველი.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში თ. ა–სთვის განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე