განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.03.2023
საქმის ნომერი
2კ-843აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005014558

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№843აპ-22 ქ.თბილისი

რ. ს. №843აპ-22 2 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ს. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ს. რ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ნარკოტიკული საშუალების შემოტანის წესის დარღვევა, რამაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვაში მოქცევა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 16 ივლისს, ს. რ-მა თ–ს საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის წესის დარღვევით, საქართველოში შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის მიზნით შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება - 0,31047 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერებები. რაც გამოიხატა მასში, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N..... ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ს. რ-მა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო ორგანოებს არ წარუდგინა: საბაჟო დეკლარაცია: ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრებოდა; ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი, რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი, რითაც თავი აარიდა კანონით დადგენილ კონტროლს. აღნიშნულის შემდეგ, ს. რ. საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას ნარკოტიკული საშუალება - 0.286 გრამ ბუპრენორფინის შემცველ ნივთიერებებს ინახავდა უკანონოდ, ხოლო ნარკოტიკული საშუალება 0,02447 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა გ. გ-ზე;

2.2. ს. რ-მა მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,31047 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერებებიდან ნაწილი, კერძოდ ნარკოტიკული საშუალება 0,02447 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება 2021 წლის 18 - 19 ივლისის დროის მონაკვეთში, ქ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ გაასაღა გ. გ-ზე, რაც ამოღებული იქნა 2021 წლის 28 ივლისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ-ში მდებარე გ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. ხოლო 0,111 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს ს. რ. უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2021 წლის 28 ივლისს, ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. ბ-ში, ზ-ის, მე-.. სადარბაზოში ჩატარებული ს. რ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად, 0.175 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს კი ს. რ. უკანონოდ ინახავდა მის დროებით საცხოვრებელ ადგილზე (მდებარე: ქ. ბ-ი, ზ.), საიდანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2021 წლის 28 ივლისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ს. რ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ს. რ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ს. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა საექიმო და სააფთიაქო საქმიანობის უფლება 2 წლით;

3.5. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 28 ივლისიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. 2021 წლის 16 ივლისს, ს. რ-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის წესის დარღვევით, საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება - 0,31047 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერებები. რაც გამოიხატა მასში რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N..... ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ს. რ-მა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო ორგანოებს არ წარუდგინა: საბაჟო დეკლარაცია: ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრებოდა; ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი, რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი, რითაც თავი აარიდა კანონით დადგენილ კონტროლს. ს. რ–ს მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის წესის დარღვევით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებებიდან - 0,02447 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება მოექცა უკანონო ბრუნვაში.

4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვისა და გ.გ-ზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტები.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და მსჯავრდებულ ს. რ–სინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჭ-მა.

5.1. პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. რ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

5.2. ადვოკატმა მ. ჭ-მა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. რ–სუდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენში:

6.1. ს. რ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

6.2. ს. რ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

6.3. ს. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4. ს. რ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

6.5. ს. რ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 28 ივლისიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენში არსებული უზუსტობა და განაჩენის სარ-----ლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი (აქ 6.4.) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

,,ს. რ–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით უნდა ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება“.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და მსჯავრდებულ ს. რ–ს ადვოკატმა მ. ჭ-მა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ს. რ–სინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. რ–სსისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (მოწმე გ. გ-ის ჩვენების გარდა) მხარეებმა საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სცნეს უდავოდ.

4. ს. რ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც ს. რ–სსაქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობეს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დასჯადი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.), როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. რ–სმიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

6. მოწმის სახით დაკითხვისას გ. გ-მა განმარტა, რომ ს. რ. რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი აბი სუბოტექსი, 2021 წლის 18 ან 19 ივლისს, ს. რ-მა მადლობის ნიშნად გადასცა, რადგან მას 500 აშშ დოლარი ასესხა; ისინი ერთმანეთს ,,.......-ის’’ მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ; მისი ტელეფონის ნომერი იყო 5........ მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არანაირი ინტერესი არ აქვს ბრალდებულის მიმართ და არც პროკურატურა დაჰპირებია რაიმე შეღავათს. ის და ს. რ. მეგობრობდნენ. დაკავების შემდეგ პოლიციას მოუყვა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების წარმომავლობა. ს. რ-მა სულ 7 აბი ,,სუბოტექსი’’ გადასცა, საიდანაც 4 მოიხმარა, ხოლო დარჩენილი აბები პოლიციამ ამოიღო მისი ბინის ჩხრეკის შედეგად 2021 წლის 28 ივლისს(იხ.: 2021 წლის 28 ივლისის ბინის ჩხრეკის ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 206-209)

7. მოწმის სახით დაკითხვისას ს. რ–მა დაადასტურა გ. გ-თან მეგობრობის ფაქტი. მისი განმარტებით, ის კ-დან ს–ში 2021 წლის 16 ივლისს ჩამოფრინდა. ადრე მგზავრობისას მას დეკლარირების ფურცელს ურიგებდნენ, თუმცა ბოლო ფრენისას აღნიშნული ფურცელი მისთვის არავის მიუცია. იფიქრა, რომ წამლები დაედეკლარირებინა, თუმცა აეროპორტში არსებული ქაოსის გამო ვერ მოახერხა. თ. რ. აპირებდა გაფრენას, მაგრამ პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა და გაფრენა ვერ შეძლო. მისი პირადი ჩხრეკის და სასტუმრო ,,ჩ..’’ N.... ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მას ეკუთვნოდა. მე-4 სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს და აღნიშნული საშუალებები ექიმმა გამოუწერა კ-ში. სუბოტექსის აბები დ.. იყიდა. საქართველოში შემოსვლისას დაახლოებით 65 ან 68 აბი ჰქონდა. დღეში დაახლოებით ოთხ აბ სუბოტექსს იღებდა, ჩივილების შესაბამისად, სამკურნალოდ ასევე დანიშნული ჰქონდა კანაფის ზეთი და მარიხუანა. გ. გ-ი ს–ში ყოფნისას რამდენჯერმე ნახა და მასთან ერთად მარიხუანა მოიხმარა. მადლობის ნიშნად გ. რესტორანში დაპატიჟა. სუბოტექსის აბები გ. გ-ისთვის არ უჩუქებია, საიდან აღმოჩნდა მასთან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება არ იცის. ზურგჩანთა რამდენჯერმე დაუტოვა გ-ს და შეიძლება მაშინ აიღო გ-მ მისი ჩანთიდან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. წამლები მას სულ თან დაჰქონდა, მათ შორის სამი-ოთხი დღის საკმარისი სუბოტექსი. გ. გ-მა მეგობრისთვის სთხოვა სუბოტექსი, თუმცა უარი უთხრა. ს. რ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ. გ-ს მისთვის ფული არ უსესხებია. ს–ში ბევრჯერაა ნამყოფი და წამლებიც დაუდეკლარირებია.

8. სასამართლო ითვალისწინებს: ქიმიური ექსპერტიზის N.... დასკვნას, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F......, F....., F.... პაკეტებში მოთავსებული კონვალუტები დამზადებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე მასალისგან (იხ.: ტ.1, ს.ფ. 301-306); ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნას, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N F....., F..., F..... პაკეტებში მოთავსებული კონვალუტები წარსულში შესაძლებელია წარმოადგენდნენ ერთ მთლიანს (იხ.: ტ. 1; ს.ფ. 291-298); დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N- დასკვნას, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შსს სპეც პაკეტებში F......, F......, F..... განთავსებულ კონვალუტებზე არსებული ფერადი ჩანაწერები (გარდა შავი ფერის საღებავით შესრულებული ჩანაწერებისა) დატანილია სტამბური წესით და გამოსახულებით, ტექსტის შინაარსით, შრიფტის კონფიგურაციით, განთავსებით, მანძილით, არსებული დეფექტებით ერთმანეთის იდენტურია; ხოლო შავი ფერის საღებავით დატანილი ჩანაწერები შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. შრიფტის კონფიგურაციით, განთავსებით, მანძილით ჩანაწერები ერთმანეთის იდენტურია (იხ. ტ.1., ს.ფ. 282-284); ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნას, რომლის თანახმად, რ. გ–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი წონით - 0.04 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0.00077 გრამს ( ობ. N1); სამ ცალ კონვალუტის ნაჭერზე წარწერით: Subutex -8mg, buprenorphine” განთავსებული სულ სამი ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტი, თითოეულზე წარწერით : „B8“ საერთო წონით - 1.188 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო წონით - 0.0237გრამს (ობ. N2); საკვლევ ობიექტებში N1,2 ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0.02447 გრამი; 6 ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, საერთო წონით (ფესვის გარეშე) -79.8 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - მცენარე კანაფს ( ობ. N.. - ობ. N..).

9. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. გ–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ს. რ–ს მიერ მოცემული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დასადგენად ირელევანტურია, ხოლო რ. გ–ის ჩვენება იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს ს. რ. (გ. გ-მა სუბოტექსი სთხოვა თავისი მეგობრისთვის, რაზეც უარი უთხრა, ხოლო მოგვიანებით ზურგჩანთა დაუტოვა მას და შეიძლება მაშინ აიღო გ. გ-მა მისი ჩანთიდან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება) და სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ნეიტრალური მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ რ. გ–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მან შეიძინა ს. რ.სგან.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი); გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი); გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი (საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი); გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას (საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი). შესაბამისად, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, არ არსებობს ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნის (ს. რ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ს. რ–სსაქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალებები - სუბოტექსის აბები ს. რ–მა შეიძინა დ., ექიმის დანიშნულების საფუძველზე, რეცეპტით, ინდივიდუალური საჭიროებისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - ს. რ–ს აქვს მრავლად გამოხატული გლიობლასტომა(ტვინის სიმსივნე). სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია ექიმის რეცეპტი, რომელიც დამოწმებულია დ- ჯანდაცვის სამმართველოსა და დ- საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ(იხ.: ტ.1, ს.ფ. 350-358) და უფლებას ანიჭებს ს. რ–ს თან ჰქონდეს შემდეგი მედიკამენტები: სუბოტექსი ( გენერიკული დასახელება: ბუპრენორფინი) და რივოტრილი ( გენერიკული დასახელება: კლონაზეპამი).

11.1. შესაბამისად, ვინაიდან ს. რ–ს სახელზე გაცემული დოკუმენტით უტყუარად დასტურდება, რომ მასზე ოფიციალურად იქნა გაცემული ნარკოტიკული საშუალება - სუბოტექსი, აღნიშნული საშუალების სახელმწიფო საზღვარზე დეკლარირების წესის დარღვევით გადმოტანის მიუხედავად, იმის მტკიცება რომ ს. რ. ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა უკანონოდ უსაფუძვლოა, რადგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა გულისხმობს მისი შენახვის და საჭიროებისამებრ გამოყენების ნებართვასაც. შესაბამისად, ს. რ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისათვის - უსაფუძვლოა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20); „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“(იხ.: იქვე, II-22).

13. საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობით ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევისთვის, რამაც მისი უკანონო ბრუნვაში მოქცევა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება ამ ნარკოტიკული საშუალების/პრეკურსორის უკანონო ბრუნვაში მოქცევის ან სხვა მძიმე შედეგის დადგომის მომენტიდან. ამდენად, ს. რ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დგინდებოდეს, ერთი მხრივ, ს. რ–ს მიერ სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანის წესის დარღვევა და მეორე მხრივ, სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანის წესის დარღვევით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.

14. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია, ნორმის შინაარსის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N.... ბრძანება, რომელიც ადგენს ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს.

15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N... ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად: ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოსატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება: ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის (აბის), ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში); ბ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი; გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა. ამავე ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად შემოტანილ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.

16. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N....... ბრძანებით ს. რ. ვალდებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო ორგანოებისათვის წარედგინა: საბაჟო დეკლარაცია: ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრებოდა; ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი, რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი.

17. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 28 ივლისის ს. რ–სსაცხოვრებელი ადგილიდან ამოღებული დოკუმენტები, მათ შორის: სამედიცინო დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ს. რ. მკურნალობს კ-ს მუნიციპალიტეტის ნარკოთერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტრში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ს. რ–ს უფლება აქვს თან ჰქონდეს შემდეგი მედიკამენტები: სუბოტექსი ( გენერიკული დასახელება: ბუპრენორფინი) და რივოტრილი (გენერიკული დასახელება: კლონაზეპამი). მოცემული ოფიციალური საბუთი ხელმოწერილია ექიმ ლ. ე-ის მიერ, ხელმოწერა დამტკიცებულია დ.. ჯანდაცვის სამმართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდითა და ხელმოწერით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 133-179; 350-358). ამდენად, ს. რ–მა ნარკოტიკული საშუალების კანონიერი შეძენის მიუხედავად(რასაც ბრალდების მხარეც არ ედავება) არ განახორციელა რეცეპტის საფუძველზე შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების დეკლარირება.

18. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი 2021 წლის 28 ივლისის რ. გ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, 2021 წლის 29 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის N...... დასკვნით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N..... დასკვნით; 2021 წლის 20 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და 2020 წლის 20 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნით დგინდება, რომ რ. გ–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - 0,02447 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს ს. რ–სმიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, ს. რ–ს მიერ ექიმის რეცეპტის საფუძველზე, პირადი საჭიროებისათვის განკუთვნილი სათანადო წესის დარღვევით სახელმწიფო საზღვარზე შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მოექცა უკანონო ბრუნვაში და ამოიღეს 2021 წლის 28 ივლისს რ. გ–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

18.1. 2021 წლის 29 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, რ. გ–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,04 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00077 გრამს(ობ. N1); სამ ცალ კონვალუტის ნაჭერზე, წარწერით „SUBUTEX – 8 MG, BUPRENORPHINE” განთავსებული სულ სამი ცალი ოვალური ფორმის თეთრი ტაბლეტი, თითოეულზე წარწერით: „B8”, სერთო წონით - 1,188 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორჰინს, საერთო წონით - 0,0237 გრამს (ობ. N2); საკვლევ ობიექტებში N1 და N2 ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონა - 0,02447 გრამი.

19. შესაბამისად, ს. რ–სმიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N------- ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებებიდან - 0,02447 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება, რომელიც 2021 წლის 28 ივლისს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს რ. გ–ის ბინიდან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N2 დანართის თანახმად წარმოადგენს დიდ ოდენობას.

20. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმების - ა. შ-ის, რ. ქ-ის, მ. ბ-ის, ი. მ-ის, მ. ჟ-ის, შ. წ-ს გამოკითხვის ოქმებით, ს. რ–ს ჩვენებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 აგვისტოს N...... წერილით, 2021 წლის 28 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2021წლის 28 ივლისის რ. გ–ის ბინის ჩხრეკის ოქმით, სასტუმრო ,,ჩ...’’ 3... ნომრის ჩხრეკის ოქმით, 2021 წლის 29 ივლისის ექსპერტიზის N..... დასკვნით, 2021 წლის 12 აგვისტოს ექსპერტის N- დასკვნით, 2021 წლის 29 ივლისის ექსპერტის N .... დასკვნით 2021წლის 20 აგვისტოს ექსპერტის N....... დასკვნით და 2021 წლის 20 აგვისტოს ექსპერტის N... დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, ს. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების შემოტანის წესის დარღვევა, რამაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია) ჩადენა.

21. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის საფუძველზე ს. რ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, ის ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეცდომა მისატევებელია. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში მან არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ხოლო, თუ შეცდომა არ არის მისატევებელი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ს. რ–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ს–ში ჩამოფრინდა 2021 წლის 16 ივლისს, იცოდა ნარკოტიკული საშუალებების დეკლარირების საჭიროების შესახებ, ადრე მგზავრობისას მას დეკლარირების ფურცელს ურიგებდნენ, თუმცა ბოლო ფრენისას მისთვის ფურცელი არ მიუციათ. იფიქრა წამლები დაედეკლარირებინა, თუმცა აეროპორტში არსებული ქაოსის გამო ვერ მოახერხა, იყო ცუდად, აწუხებდა თავის ტკივილი და შემდეგ უკან მისვლა დაავიწყდა. შესაბამისად, დგინდება, რომ ს. რ–მა იცოდა მის მიერ პირადი საჭიროებისათვის შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების დეკლარირების აუცილებლობის შესახებ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ს. რ–სმიერ წარმოდგენილ ექიმ ლ. ე-ის მიერ ხელმოწერილ სამედიცინო დოკუმენტში გაკეთებულ გაფრთხილებას( იხ. ტ.1,ს.ფ.355), რომლის თანახმად, ს. რ–ს განემარტა, რომ პირადად იყო პასუხისმგებელი საზღვარგარეთ მის მგზავრობასთან დაკავშირებით შესაბამის ქვეყანაში წამლების მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესწავლასა და დაცვაზე დ... შესაბამისი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით. შესაბამისად, დაცვის მხარე კასატორის მითითება საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლზე უსაფუძვლოა.

22. საკასაციო სასამართლო ს. რ–სათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალ---აციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

23. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე; ასევე ითვალისწინებს, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებებს და პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს და იმ გარემოებას, რომ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე - ს. რ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჩადენილი ქმედების ხასიათზე(ნაკლებად მძიმე, გაუფრთხილებელი დანაშაული), იმ გარემოებაზე, რომ ს. რ–ს ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი .

26. სასჯელის ინდივიდუალ---აციის პრინციპის საფუძველზე პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც ... საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ). სამართლიანობის, რესოციალ---აციისა და პრევენციის მიზნების მიღწევის, ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებებისა და ს. რ–სპიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ს. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ს. რ–ს ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ს. რ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ს. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ს. რ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

5. ს. რ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

6. ს. რ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ს. რ–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

8. ს. რ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2021 წლის 28 ივლისიდან;

9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ.გაბინაშვილი