საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100122006164169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №812აპ-23 8 სექტემბერი, 2023 წელი
ა–ი ნ., №812აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ ნ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. შპს „მარნეული 2019-ის“ (ს/ნ ..........) ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ბაზალტით, ბაზალტის ბორდიურებით და ფილებით, აგრეთვე - მომსახურების გაწევა ექსკავატორებით და ბულდოზერებით. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 ოქტომბრის N..... ბრძანებით დაინიშნა შპს „..............-ის“ (ს/ნ..........) საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 23.10.2019-დან 30.09.2020-მდე. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „...........-ის“ (ს/ნ ..........) დირექტორი იყო ნ. ა–ი. შემოწმების შედეგების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა გადასახადები, როგორც დღგ-ს, ასევე, საშემოსავლო გადასახადების სახით. გადამხდელმა არ ითანამშრომლა და სრულყოფილად არ წარადგინა დოკუმენტაცია, რის გამოც შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხვა განხორციელდა ელექტრონული ბაზების მეშვეობით - საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა 181591 ლარი, მათ შორის, ძირითადი - 109477 ლარი, ჯარიმა - 55338 ლარი და საურავი - 16776 ლარი.
დადგენილია, რომ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი პირადად გაეცნო 02.05.2022 წელს და იგი გაასაჩივრა დავების დეპარტამენტში. დავების საბჭომ საჩივარი დაუშვებლად ცნო საჩივრის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის გამო და გადამხდელს უარი უთხრა მის წარმოებაში მიღებაზე. გადამხდელის მიერ საგადასახადო მოთხოვნა არ გასაჩივრებულა არც საგადასახადო სისტემის ზემდგომ ინსტანციაში და არც სასამართლოში. მას არც საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუმართავს საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის განაჩენით ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარი.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ა–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი.
3.2. 2023 წლის 27 ივნისს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 29 ივნისს მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკიურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის პოზიციით, სასამართლომ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისას არ გაითვალისწინა ნ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი განხორციელების ხერხი, სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ასევე ის, რომ ნ. ა–ს დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 109000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის. ამასთან, მისთვის განსაზღრვრული სასჯელი შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს როგორც ნ. ა–სთვის, ისე სხვა მეწარმეებისთვის, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია „მეწარმე“ სუბიექტების მხრიდან დაკისრებული გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტები.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს პოზიციით სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნ. ა–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი და გამოთქვამს მზაობას ეტაპობრივად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. ამასთან, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია სრულიად შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნითაც.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ნ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას ზიანის აუნაზღაურებლობის შესახებ აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის N223აპ-21 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: ,,ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება“. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ნ. ა–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, მზად არის ეტაპობრივად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი) სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ნ. ა–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, ნ. ა–სთვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის შესახებ და მიაჩნია, რომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად იქნა გათვალისწინებული დაცვის მხარის მიერ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რისი მხედველობაში მიღებითაც ნ. ა–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით.
5.7. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ ნ. ა–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–სის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე