საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№561აპ-23 თბილისი
ბ. ე., 561აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას, მსჯავრდებულ ე. ბ-ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ისა და მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ე. ბ-ოს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით), 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და შესრულებისათვის ხელის შეშლა), ხოლო ს. დ-ეს – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ-ში, შ-ას ქ. №--ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით შეაღწიეს ე. ბ-ომ და ს. დ-ემ, რა დროსაც ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხნენ კ. ბ-ვს, რომელსაც სხეულის არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბასრი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა. მათ იმავე ვითარებაში, ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით კ. ბ-ვს მიაყენეს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, კერძოდ, კ. ბ-ვი გააკავა ს. დ-ემ, ხოლო ე. ბ-ომ მუცლის ღრუში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. მას შემდეგ, რაც ე. ბ-ომ და ს. დ-ემ ვერ შეძლეს თანხის დაუფლება, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაჭრილი კ. ბ-ვი ჩაკეტეს საცხოვრებელ ბინაში.
· 2021 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ-ში, შ-ას ქ. №--ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით შეაღწიეს ე. ბ-ომ და ს. დ-ემ, რა დროსაც ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხნენ კ. ბ-ვს, რომელსაც სხეულის არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბასრი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა. იმავდროულად, ბასრი საგნის გამოყენებით კ. ბ-ვს მიაყენეს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. ე. ბ-ომ და ს. დ-ემ ვერ შეძლეს თანხის დაუფლება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
· 2022 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე ნება დაერთო სპეციალური ცოდნის მქონე პირს, ე. ბ-ოსაგან საექსპერტო კვლევისათვის აეღო სუნის, ხელის კვლების, ნერწყვისა და ხმის ნიმუშები. მიუხედავად ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა, ე. ბ-ომ უარი განაცხადა მის შესრულებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ე. ბ-ო, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 15 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. ბ-ოს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 დეკემბრიდან.
4. იმავე განაჩენით ს. დ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 13 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. დ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 დეკემბრიდან.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით შეიცვალა: ე. ბ-ო ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 14 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. ბ-ოს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 დეკემბრიდან; ს. დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 13 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. დ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-ომ და ს. დ-ემ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად და ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ე. ბ-ოსა და ს. დ-ის დამნაშავეებად ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში და კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ნ. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ე. ბ-ოს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ადვოკატი გ. ჩ. – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ს. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. ბ-ოსა და ს. დ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ე. ბ-ოს – ასევე სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. ბ-ოსა და ს. დ-ეს კ. ბ-ვის მოკვლის განზრახვა გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც ვერ დაეუფლნენ თანხას. ასევე, საქმის მასალების ანალიზიდან გამომდინარე, მკვლელობის მცდელობის ჩადენისას იკვეთება არა ანგარების, არამედ – შურისძიების მოტივი. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად არ დასტურდება ე. ბ-ოს მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ საყოველთაოდ აღიარებული პინციპის – „in dubio pro reo-ს“ საფუძველზე.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. დაზარალებულმა კ. ბ-ვმა თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, თავდამსხმელ პირთა გარეგნობა, მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებები და მოგვიანებით ამოიცნო ორივე მათგანი. ამასთან, ამოცნობა ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, მოწმეების: დ. წ-ას, მ. მ-ას, ი. ბ-ის, ლ. ფ-ისა და სხვათა ჩვენებები, მოწმე დ. ხ-ას საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული ჩვენება, ამოცნობის, ამოღების, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, სამედიცინო, ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური, ფონოსკოპიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ე. ბ-ოსა და ს. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. მსჯავრდებულთა განზრახვაზე, მოეკლათ კ. ბ-ვი, მიუთითებს ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და მიყენებული დაზიანების ხარისხი, სიმძიმე და ლოკალიზაცია, ხოლო ჯგუფურობაზე – მათი ერთობლივი დარტყმები, ს. დ-ის მიერ დაზარალებულის გაკავებით მისი ფიზიკური შესაძლებლობების დათრგუნვა, გადაადგილებისა და თავდაცვის გართულება და ამით ე. ბ-ოს ქმედებების ხელშეწყობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
14. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – ე. ბ-ოსა და ს. დ-ეს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მათი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
15. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ე. ბ-ოსა და ს. დ-ის ქმედებათა კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
16. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა ქმედებები საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას, მსჯავრდებულ ე. ბ-ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ისა და მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე