განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.10.2023
საქმის ნომერი
2კ-422აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100121005084167

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №422აპ -23 24 ოქტომბერი, 2023 წელი

ო-ი ფ. №422აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის, მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. დ-სა და მსჯავრდებულ ფ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

1.2. ფ. ო--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ი) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ფ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ფ. ო-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ფ. ო-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ფ. ო-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ფ. ო--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან.

1.3. ი. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ი. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ი. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან.

1.4. შ. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

შ. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ჰ--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. შ. ჰ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან.

1.5. ფ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ფ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ფ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან.

1.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: 2021 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, შ. ჰ-ი, ი. ი-ი, ფ. მ-ი და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ფ. ო-ი, ყაჩაღური თავდასხმის ჯგუფურად ჩადენის მიზნით, ფორდ ტრანზიტის ფირმის ავტომანქანით (სახ. ნომერი ---), მივიდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მდებარე მ. ბ-ას საცხოვრებელ სახლთან. ტრანსპორტირების უზრუნველყოფისა და საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილების მიზნით, ი. ი-ი დარჩა ავტომანქანაში, ხოლო შ. ჰ-მა, ფ. მ-მა და ფ. ო-მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს მ. ბ-ას საცხოვრებელ სახლში. ისინი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ მ. ბ--ას, რა დროსაც ფ. მ-მა დაზარალებულისათვის სახეზე დანის დადებითა და მისი დემონსტრირებით, ასევე, თავში მუშტის ჩარტყმითა და ხელების დაჭერით, შ. ჰ-მა – პირის აკვრით, ხოლო ფ. ო-მა – ხელებისა და ფეხების შეკვრით, ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს მ. ბ-ას და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს დაზარალებულის კუთვნილი 600 ლარად ღირებული ოქროს საყურე, 200 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი, 1000 ლარად ღირებული ოქროს ორი ბეჭედი, 220 ლარად ღირებული ოქროს საყურე, 230 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი, 100 ლარად ღირებული ბიჟუტერიის სამი ბეჭედი და ფული – 1030 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა 3 380 ლარის ქონებრივი ზიანი. ასევე დადგინდა, რომ ი. ი-ი ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიან სამხედრო ვაზნას, რომელიც 2021 წლის 26 სექტემბერს ამოიღეს ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

1.7. სააპელაციო სასამართლომ იარაღის გამოყენების მუქარის ფაქტი არ მიიჩნია დამამძიმებელ გარემოებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და განმარტა, რომ ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშანი - „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა“ ძირითადად სწორედ იარაღის არსებობას მოიაზრებს, რის გამოც, კანონიერად მიიჩნია ხსენებული მუხლის სანქციის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის შეფარდებული მინიმალური სასჯელი.

1.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების – ფ. ო-ის, შ. ჰ-ისა და ფ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მინიმალური სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ და ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების – იარაღის გამოყენების/იარაღის გამოყენების მუქარის – მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.9. სააპელაციო სასამართლომ ასევე ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, ინტენსივობის, დანაშაულებრივ ქმედებებში მსჯავრდებულთა როლის, დამამძიმებელი გარემოებებისა და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. ო-ის, შ. ჰ-ისა და ფ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ნორმის გამოყენება, დანაშაულებრივ ქმედებაში მსჯავრდებულის ნაკლებად აქტიური როლისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ი. ი-თან მიმართებით.

2. საკასაციო საჩივრები

2.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა, მსჯავრდებულ ფ. ო--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. დ-–მა და მსჯავრდებულ ფ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ბ-ემ საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2.2. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულთათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის –ყაჩაღობის ჩადენისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილების შესაბამისად დანიშვნა.

2.3. მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ-- დ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში და ფ. ო-ისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

2.4. მსჯავრდებულ ფ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ.- ბ-ემ მოითხოვა ფ. მ--ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის – ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლა იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. კასატორების არგუმენტები:

3.1. ბრალდების მხარის განმარტებით, ვინაიდან მსჯავრდებულებმა ყაჩაღობა ჩაიდინეს იარაღის – დანის გამოყენების მუქარით, მათ სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3.2. მსჯავრდებულ ფ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ-ის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სასჯელის პროპორციულობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები და მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარების, მონანიების, გამოძიებათან თანამშრომლობის, სასამართლოში მისი დამაკმაყოფილებელი ქცევისა და დანაშაულის შედეგების გააზრების მიუხედავად, ზედმეტად მკაცრი სასჯელი შეუფარდა. ამასთან, ადვოკატის მოსაზრებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წარმოადგენს ყაჩაღობის თანმდევ გარემოებას, რის გამოც, არასწორია პირის ქმედების დამატებით კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

3.3. მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ-- დ-ს განმარტებით, ფ. ო-ის მიერ დანაშაულის აღიარება, გამოძიებათან თანამშრომლობა, მათ შორის – თანამონაწილეთა დასახელება და საგამოძიებო მოქმედებებში ნებაყოფლობით მონაწილეობა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, დაზარალებულთან შერიგება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება ქმნის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის საფუძველს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ-- დ–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ფ. მ--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონვრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა, აგრეთვე, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით.

4.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულთათვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა მხედველობაში მიღების გარეშე) შეფარდების შესახებ, თუმცა, იმავდროულად, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.4. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული დანაწესის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, რა დროსაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, აღნიშნული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

4.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშანი – „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა“ შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ხერხისა თუ საშუალების გამოყენებით. მართალია, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა სწორედ იარაღის მეშვეობით რეალიზდება, თუმცა ეს გარემოება თავისთავად ვერ დაავიწროვებს მითითებული ნორმის შინაარსს და ვერ შემოსაზღვრავს მხოლოდ იარაღის გამოყენების/მისი გამოყენების მუქარის შემთხვევებით. შესაბამისად, ყაჩაღობისათვის დამახასიათებელი ძალადობა/ძალადობის მუქარა მისი ჩადენის ხერხთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და იარაღის გამოყენება/მისი გამოყენების მუქარა არ წარმოადგენს ერთადერთ და აუცილებელ კომპონენტს ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის განსახორციელებლად. ამდენად, „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა“ იმთავითვე და უპირობოდ არ მოიაზრებს იარაღის არსებობას, რის გამოც, ეს უკანასკნელი ვერ განიხილება ქმედების შემადგენლობის იმგვარ მაკვალიფიცირებელ ნიშნად, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის გამორიცხავს სასჯელის დანიშვნის დროს მისი დამატებით მხედველობაში მიღების შესაძლებლობას.

4.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, ქმნის სამართლებრივი სიკეთის დაზიანების/განადგურების იმწუთიერ, მყისიერ საფრთხეს, რის გამოც, მნიშვნელოვნად ამაღლებს პირის ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, თრგუნავს დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აადვილებს შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიღწევასა და დანაშაულის სისრულეში მოყვანას. სწორედ მომეტებული საშიშროების გათვალისწინებით, კანონმდებელი იარაღის გამოყენებას/მისი გამოყენების მუქარას მიიჩნევს დამამძიმებელ გარემოებად ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და ადგენს უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველს. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები განსაზღვრავს იმპერატიულ წესს და არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს, გარდა ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შემთხვევებისა. როგორც უკვე აღინიშნა, იარაღის გამოყენება/მისი გამოყენების მუქარა არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის, ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელ – დისპოზიციით გათვალისწინებულ ქმედების შემადგენლობის ნიშანს, რის გამოც, საფუძველს მოკლებულია საპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენებაზე უარი იმ არგუმენტით, რომ „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა“ ძირითადად იარაღის გამოყენებით ხდება.

4.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო, მართალია, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, თუმცა, მოცემული საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, იზიარებს სასამართლოს მიერ საკითხის საბოლოო გადაწყვეტას და აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგი დასაბუთებით:

4.8. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მსჯავრდებულებმა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ყაჩაღობა ჩაიდინეს დანის გამოყენების მუქარით. მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (მაგ, იხ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის N761აპ-21 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის N1283აპ-22 განჩინება), სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოსაყენებლად, აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, რომლითაც დგინდება გამოყენებული დანის კუთვნილება ცივ იარაღთა კატეგორიისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს ბრალად ვერ შეერაცხება ხსენებული დამამძიმებელი გარემოება – „იარაღის“ გამოყენება/მისი გამოყენების მუქარა.

4.9. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დანაშაულის სავარაუდო იარაღი – დანა ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული მაგიდიდან. დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებულ მაგიდაზე, განთავსებული იყო რამდენიმე დანა, თუმცა გამომძიებელმა ამოიღო მხოლოდ ერთი მათგანი.

4.10. დაზარალებულ მ. ბ-ას გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ასევე უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩადენის დროს ფიგურირებდა რამდენიმე დანა. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გაიღვიძა, დაინახა სამი უცნობი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით – ფ. მ--ს) ხელში ეჭირა დანა, რომელიც სახესთან ახლოს მიუტანა და ლოყაზე მიადო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ერთ-ერთი პირი ავიდა სახლის მეორე სართულზე, საიდანაც ჩამოიტანა დაზარალებულის კუთვნილი დანა, რომელიც დატოვეს იქვე – მაგიდაზე. პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, მ. ბ-ამ ამოიცნო ფ. ო-ი, როგორც ის პირი, რომელიც მეორე სართულზე იყო ასული. ამდენად, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, მსჯავრდებულებმა დანა გამოიყენეს თავდასხმის საწყის ეტაპზევე, ხოლო ამის შემდგომ, ფ. ო-მა მეორე სართულიდან ჩამოიტანა დაზარალებულის მიერ შენახული, სხვა დანა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დანითაც დაემუქრნენ თუ არა დაზარალებულს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, არც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით არ დასტურდება და არც ბრალდების შესახებ დადგენილებებშია ამ გარემოებაზე მითითება (ინკრიმინირებული ქმედებების აღწერა, დანის გამოყენების მუქარის ნაწილში, მხოლოდ ფ. მ-ის მიერ, თავდასხმის საწყის ეტაპზე, დაზარალებულისათვის სახეზე დანის დადებითა და მისი დემონსტრირებით შემოიფარგლება).

4.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს იმ დანის ტარი, რომლის გამოყენებითაც ემუქრებოდნენ და არ შეუძლია მისი ამოცნობა. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულის ან/და თავად მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის სავარაუდო იარაღის – ამოღებული დანის ამოცნობის ოქმები, რომლებითაც დადგინდებოდა სწორედ აღნიშნული დანა იყო თუ არა თავდასხმისას გამოყენებული იარაღი. გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულებს სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც არ ამოუცვნიათ ამოღებული დანა და არ დაუდასტურებიათ ხსენებული ფაქტობრივი გარემოება. მართალია, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მტკიცებულებათა გარკვეული ნაწილი (მათ შორის, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები), თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა თუ სხვა წერილობით მტკიცებულებაში ამოღებული დანა დანაშაულის იარაღად არ არის მოხსენიებული. თავის მხრივ, არც დანის უდავოდ ცნობა გულისხმობს თავისთავად იმის აღიარებას, რომ ამოღებული ნივთმტკიცება სწორედ ის იარაღია, რომლის გამოყენებითაც დაემუქრნენ დაზარალებულს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დანაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები სადავოდ იქნა ცნობილი და მოწმეთა (ექსპერტებისა და გამომძიებლის) დაკითხვისას, დაცვის მხარე ცდილობდა გაერკვია, იყო თუ არა ამოღებული დანა დანაშაულის იარაღი.

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოსათვის ბუნდოვანია, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, რომელიც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, წარმოადგენდა თუ არა სწორედ იმ დანას, რომლის გამოყენების მუქარითაც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ყაჩაღობა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ერთ-ერთ ფოტოსურათზე დანა მოთავსებულია თავისსავე ყუთში. ასევე, საგულისხმოა, რომ დაზარალებულის სახლის მეორე სართულიდან ამოიღეს დანის ბუდე, რომელიც, გარეგნული ნიშნების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ამოღებულ დანას ეკუთვნის. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან – მისაღები ოთახის მაგიდიდან ამოღებული დანა წარმოადგენს სწორედ დაზარალებულის მიერ სახლის მეორე სართულზე შენახულ და ფ------ ო---------ის მიერ თავდასხმის შემდგომ ჩამოტანილ ნივთს (რომელიც დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულებმა დატოვეს მაგიდაზე) და არა იმ დანას, რომლის გამოყენებითაც თავდასხმის პირველივე წუთებში დაემუქრნენ დაზარალებულს.

4.13. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპსა და თანაამსრულებელთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას საკუთარი ბრალის ხარისხის შესაბამისად. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ დანის გამოყენება თავისთავად ვერ განაპირობებს სხვა ამსრულებლისათვის პასუხისმგებლობის დამძიმებას, თუ მას ეს გარემოება არ ჰქონდა შეცნობილი და არ იყო მოცული მისი განზრახვით. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულისთვის სახეზე დანის დადება და მისი დემონსტრირება ფ. მ-მა ჩაიდინა.

4.14. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულები დანით შეიარაღებული მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ან/და სიტყვიერად თუ კონკლუდენტური მოქმედებით (წინასწარ ან/და დანაშაულის ჩადენის პროცესში) შეთანხმდნენ დანის გამოყენების მუქარაზე და რომ ეს უკანასკნელი მათი განზრახვითაც იყო მოცული. ამდენად, თუნდაც დადასტურებული იყოს საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ მსჯელობაში სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება (ამოღებული დანისა და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული დანის იგივეობრიობა), საკასაციო სასამართლო მაინც ვერ გაიზიარებდა ბრალდების მხარის პოზიციას ყველა ამსრულებელთან მიმართებით საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენების შესახებ.

4.15. საკასაციო სასამართლო, ხელმძღვანელობს რა, ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულთა (მსჯავრდებულთა) სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპით, აღნიშნავს შემდეგს: იმ პირობებში, როდესაც უტყუარად ვერ დგინდება ამოღებული დანა წარმოადგენს თუ არა დანაშაულის იარაღს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული დანა არ ამოღებულა და არ ჩატარებია შესაბამისი ექსპერტიზა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. ამდენად, ბრალდების მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალად წარდგენილი დანაშაულების – ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტობრივი გარემოებები ერთმანეთთან თანხვდენილია, ზემოაღნიშნული მსჯელობა ასევე რელევენტურია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელთან მიმართებით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორედ იარაღის გამოყენების/იარაღის გამოყენების მუქარის გათვალისწინებით დაუმძიმა მსჯავრდებულებს (ფ. ო-ს, შ. ჰ--სა და ფ. მ--ს) პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან საკასაციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ დანის გამოყენების მუქარის ფაქტი ყაჩაღობასთან მიმართებით, მოცემულ შემთხვევაში, ვერ განაპირობებს სასჯელის დამძიმებას, ანალოგიურად ითქმის თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან მიმართებითაც.

4.17. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ფ. მ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს რა საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლით (საკასაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი), აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებლივი მოცემულობა – საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების – „იარაღის“ გამოყენების მუქარის ფაქტის დაუდგენლობა საერთოა ყველა მსჯავრდებულისთვის და განაპირობებს სასჯელის შეცვლას იმ მსჯავრდებულებთან მიმართებითაც, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შემოუტანიათ.

4.18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებს – ფ. ო-ს, შ. ჰ-სა და ფ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოთ თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – 2 წლით.

4.19. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ფ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების შესახებ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ-----ის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ყაჩაღობა, მართალია, მოიაზრებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ძალადობას, თუმცა, ამგვარი ძალადობა თავისთავად არ მოიცავს დაზარალებულისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. იმ შემთხვევაში, თუ პირის ქმედებები არ შემოიფარგლება დაზარალებულზე მხოლოდ ფიზიკური ან/და ფსიქიკური ზემოქმედებით და დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა თუ მსხვერპლის ნების დათრგუნვის მიზნით, იგი ასევე უზღუდავს დაზარალებულს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და მოითხოვს პირის ქმედების კვალიფიკაციას დამატებით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით. შესაბამისად, ადვოკატის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

4.20. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების – ფ. ო-ისა და ფ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს:

4.21. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ფ. ო-მა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის დროს კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას ადგენს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში – მხარეთა შორის საქართველოს სსსკ-ის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას. გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის N525აპ-22 განაჩენი).

4.22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას. შესაბამისად, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობის საკითხს.

4.23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ფ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს (ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები დამამძიმებელ გარემოებებში), საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილი დანაშაულები ხელყოფს არა მარტო დაზარალებულის საკუთრებას, არამედ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, უზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას), დანაშაულებრივ ქმედებებში მის როლსა და მისი მონაწილეობის ხარისხს, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (სწორედ ფ. მ-ი იყო ის პირი, რომელიც დანის გამოყენებით უშუალოდ დაემუქრა დაზარალებულს), მსჯავრდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან არასრულყოფილ თანამშრომლობას (მიუხედავად გამოძიების საწყის ეტაპზე დანაშაულის აღიარებისა, ფ. მ-მა ბრალის წაყენების შემდეგ ისარგებლა დუმილის უფლებით, სასამართლოში არ მისცა ჩვენება, სადავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი), რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სწორედ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი სასჯელის გადაჭარბებული სიმკაცრისა და არაპროპორციულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

4.24. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ბრალდების მხარისა და მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ფ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ფ. ო-ს, შ. ჰ-სა და ფ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – 2 წლით.

4.25. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა ნივთიერი მტკიცებულების, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან – მისაღები ოთახის მაგიდიდან ამოღებული მობილური ტელეფონის ბედი და აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დაუქვემდებარა განადგურებას. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტის ნაწილშიც და შემთხვევის ადგილიდან – მისაღები ოთახის მაგიდიდან ამოღებული მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ფ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ფ. ო-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

4. ფ. ო-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ფ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ფ. ო-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ფ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

8. ფ. ო-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია. ფ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან;

9. ი. ი-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

10. ი. ი-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი;

12. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პირობით მსჯავრდებულის – ი. ი-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და მისი დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

13. ი. ი--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია. ი. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან;

14. შ. ჰ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

15. შ. ჰ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

17. შ. ჰ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია. შ. ჰ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან;

18. ფ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

19. ფ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

20. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

21. ფ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია. ფ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 სექტემბრიდან;

22. შემთხვევის ადგილიდან – მისაღები ოთახის მაგიდიდან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი სხვა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში დარჩეს უცვლელად;

23. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე