საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.11.2023
საქმის ნომერი
2კ-1062აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100121004878235

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1062აპ-23 ქ. თბილისი

დ-ე ე, 1062აპ-23 9 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენით:

1.1. ე. დ-ძე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

1.2. გაუქმდა ე. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო; ასევე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით ე. დ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 2500 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ქ. დ-ის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე ხ-ის რაიონის სოფელ გ-ში, საკადასტრო კოდი: N...., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2014.00 კვ.მ.

1.3. ი. ხ-ში, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

1.4. ი. ხ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; ასევე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. ხ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 2500 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ი. ხ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე ქ.ბ-ში, ი-ის ქუჩა N.., საკადასტრო კოდი: N... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 21.71 კვ.მ.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. დ-მ და ი. ხ-მა ჩაიდინეს სამსახურეობრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 თებერვლის №515 ბრძანებით ე. დ-ძე დაინიშნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის № პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის № დაწესებულების დირექტორის მიერ 2020 წლის 4 მარტს დამტკიცებული № პენიტენციურ დაწესებულებაში მორიგე განწესის განაწილების შესახებ ბრძანების თანახმად, მას სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა №3 დაწესებულების № საგუშაგოზე, რომელშიც შედიოდა სხვა საკნებთან ერთად №222 საკანიც.

· სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 12 მარტის №4609 ბრძანებით ი. ხ-ში დაინიშნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის № პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ კონტროლიორის თანამდებობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის № დაწესებულების დირექტორის მიერ 2020 წლის 4 მარტს დამტკიცებული № პენიტენციურ დაწესებულებაში მორიგე განწესის განაწილების შესახებ ბრძანების თანახმად, მას სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა № დაწესებულების № საგუშაგოზე, რომელშიც შედიოდა სხვა საკნებთან ერთად №222 საკანიც.

· ე. დ-ს, როგორც სამორიგეო ცვლის ოფიცერს, მთავარ ინსპექტორს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ,,პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, ევალებოდა სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება, დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა დაცვა, ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველობა. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109-ე ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 89-ე მუხლისა და 90-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო დაეცვა საგუშაგოებზე სამართლებრივი რეჟიმი.

· ი. ხ-ს, როგორც სამორიგეო ცვლის ინსპექტორ კონტროლიორს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ,,პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, ევალებოდა სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება, დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა დაცვა, ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველობა. ამავე ინსტრუქციის 36-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო მიეღო ზომები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109-ე ბრძანებით დამტკიცებული № პენიტენციური დაწესებულების დებულების 89-ე მუხლისა და 90-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დაეცვა საგუშაგოებზე სამართლებრივი რეჟიმი.

· მიუხედავად მკაფიოდ განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობისა, ე. დ-მ და ი. ხ-მა, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ გაუწიეს სათანადო ზედამხედველობა № პენიტენციური დაწესებულების 222-ე საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულ/ბრალდებულ ნ. ქ-სა და ბრალდებულ ვ. ა-ს, კერძოდ:

· 2021 წლის 4 მარტს, 222-ე საკანში, დაახლოებით 10:10 საათზე, ვ. ა-მ, მოკვლის განზრახვით, საწოლში მწოლიარე მძინარე ნ. ქ-ს თავის არეში მარილით სავსე ორ ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შედეგად ნ. ქ-მა დაკარგა გონება. მიუხედავად ამისა, ვ. ა-მ თანნაქონი მჭრელი თვისებების მქონე საგნით, განაგრძო, მოკვლის განზრახვით, ნ. ქ-ის დაზიანებების მიყენება სახისა და კისრის მიდამოში. დაახლოებით 10:12 საათზე 222-ე საკანის კარი გააღეს შესაბამისი სიგნალის საფუძველზე მისულმა სამორიგეო ცვლის მთავარმა ინსპექტორმა ე. დ-მ და ინსპექტორ-კონტროლიორმა ი. ხ-მა. ე. დ-ძე შევიდა საკანში, ხოლო საკნის შესასვლელში დადგა ი. ხ-ში, რომელსაც ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ეკონტროლებინა მსჯავრდებულთა ქცევა. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებმა არ დაიცვეს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები, არ განახორციელეს მსჯავრდებულთა სათანადო ზედამხედველობა და ქცევის კონტროლი, რის გამოც ვ. ა-ას მიეცა სრული შესაძლებლობა, ამჯერად უკვე ე. დ-ისა და ი. ხ-ის თანდასწრებით, დაბრკოლების გარეშე სისრულეში მოეყვანა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ნ. ქ-ის მკვლელობის განზრახვა. ამ მიზნით ვ. ა-ამ თანნაქონი მჭრელი საგნის გამოყენებით უგონო მდგომარეობაში მყოფ ნ. ქ-ს არაერთხელ მიაყენა დაზიანებები სახისა და კისრის მიდამოში. ე. დ-სა და ი. ხ-ს, რომლებსაც ,,პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ მე-3, 36-ე მუხლების და № პენიტენციური დაწესებულების დებულების 89-ე, 90-ე მუხლების შესაბამისად, უნდა აღეკვეთათ ვ. ა-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ მიიღეს შესაბამის ზომები, სანამ ვ. ა-მ თავად არ დაასრულა ქმედება. ე. დ-სა და ი. ხ-ის მიერ გამოვლენილმა სამსახურებრივმა გულგრილობამ გამოიწვია ნ. ქ-სა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, მძიმე შედეგი - ნ. ქ-მა მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები და მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - პროკურორმა დათო ცირეკიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - ე. დ-სა და ი. ხ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულების - ე. დ-სა და ი. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ-მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორ დათო ცირეკიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულების - ე. დ-სა და ი. ხ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების - გ. მ-ის, თ. გ-ის, ს. გ-ის, ვ. ლ-ის, ი. ქ-ის, ლ. ა-ის, ე. ი-ის, ზ. ი-ის, ნ. ჯ-ას, მ. თ-ას, ი. ს-ის, ვ. ა-ას, გ. ჩ-ის, ს. ს-ის დ. ხ-ს, გ. ა-ის, ი. ა-ის, დ. ი-ის, ნ. ჟ-ის, ა. დ-ის, გ. ბ-ის, ნ. ვ-ის, მ კ-ის, დ. დ-ის, დ. ლ-ის, მ. ი-ის, გ. ყ-ის, გ. გ-ის, ლ. რ-ას, ვ. თ-ის, რ. ბ-ის, ქ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების შესახებ ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულების - ე. დ-სა და ი. ხ-ის დანიშნული სასჯელების დამძიმებას.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ორივე მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მათ უდავო გახადეს მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველად არიან სამართალში, ხასიათდებიან დადებითად, დაზარალებულის წარმომადგენელს მათ მიმართ არ აქვს პრეტენზია), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. დ-სა და ი. ხ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ორივე მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნებას).

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ე. დ-სა და ი. ხ-ს ბრალი ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და ისინი აღიარებენ დანაშაულს. ამასთან, არცერთი არ არის ნასამართლევი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

12. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი