საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №484აპ-23 თბილისი
ო-ი ლ., 484აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის, მსჯავრდებულ ლ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ის, მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ასა და მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, დ. ბ-ეს ბრალად დაედო ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; გ. წ-სა და ლ. ო-ს – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და არაერთგზის, ხოლო მ. ბ-ს – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის (2 ივნისის) განაჩენით:
2.1. დ. ბ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 დეკემბრიდან;
2.2. გ. წ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 5 დეკემბრიდან;
2.3. მ. ბ-ის, –ნასამართლევის, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შთანთქა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 4 დეკემბრიდან.
2.4. ლ. ო-ის, – ნასამართლევის, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ლ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 2 ივნისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 4 დეკემბრიდან 2022 წლის 10 მარტამდე, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი – 2022 წლის 10 მარტიდან იმავე წლის 2 ივნისამდე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის (2 ივნისის) განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
• თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
• 2021 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 00:50 საათზე, თ-ში, მ-ის გამზირი №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს „პ- -ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, დანით შეიარაღებული, წარსულში ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი გ. წ-ი და დ. ბ-ე თავს დაესხნენ ჩამსხმელ-ოპერატორ ნ. დ-ს, რა დროსაც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას – 1273 ლარს, რის შედეგადაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენეს ქონებრივი ზიანი.
• არასრულწლოვნებმა – მ. ბ-მა და ლ. ო-მა იცოდნენ გ. წ-ისა და დ. ბ-ის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის, კერძოდ, ჯგუფური ყაჩაღობის შესახებ და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. კასატორი – პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას, ლ. ო-ისა და მ. ბ-ის დამნაშავეებად ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულების – ლ. ო-ისა და მ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – თ. დ-ი და გ. კ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ლ. ო-ისა და მ. ბ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. ადვოკატი ს. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. წ-ისათვის სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №474აპ-20, №572აპ-19 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ლ. ო-ისა და მ. ბ-ის ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მათი მონაწილეობა ყაჩაღობაში, თუმცა დადგენილია, რომ მათ შეცნობილი ჰქონდათ გ. წ-ის და დ. ბ-ის მიერ ჯგუფური ყაჩაღობის ჩადენა (რაც საქმის არსებითი განხილვისას არ უარყო მ. ბ-მაც) – მსჯავრდებულები მეგობრები არიან, შემთხვევის ადგილზე ერთად იმყოფებოდნენ და ასევე ერთად წავიდნენ ე.წ. „ე-ის ს-ზე“, საიდანაც აღელვებულმა ლ. ო-მა შეყვარებულს დაურეკა და სთხოვა ტაქსის გამოძახება. ამასთან, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მათ იცოდნენ საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის გ. წ-ის ნასამართლობის შესახებ.
12. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. წ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მინიმალური სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. იმის გათვალისწინებით, რომ გ. წ-მა ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საკასაციო სასამართლოს (მიუხედავად შემამსუბუქებელი გარემოებებისა) მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არაგონივრულ შეზღუდვად იმ პირობებში, როდესაც მომჩივნის რელევანტური არგუმენტები შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ (Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, § 34, ECtHR, 2/09/2014). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, № 15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).
14. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ლ. ო-ისა და მ. ბ-ის ქმედებათა კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
15. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა.
16. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის, მსჯავრდებულ ლ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ის, მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ასა და მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე