საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.11.2023
საქმის ნომერი
2კ-842აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100121004466486

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№842აპ-23 ქ. თბილისი

შ. ე. 842აპ-23 3 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ე. შ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით, 19:50 საათზე, ქალაქ ბ–ში, ა–ს გზატკეცილის №..-ის მიმდებარედ, ე. შ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურებით დაემუქრა ჯ. ჭ–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენით:

3.1. ე. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი;

3.2. გაუქმდა ე. შ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) და გირაოს თანხა – 10 000 ლარი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, ნ. ფ–სს (პ/ნ ..............).

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ მოითხოვა ე. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ასევე მსჯავრდებულ ე. შ–ს მიმართ გამოყენებული გირაოს სახით შეტანილი თანხის ჩამორთმევა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ე. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ–მ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განაჩენით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ე. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი;

5.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ე. შ–ს, სასამართლო განხილვამდე - 2021 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით – პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 9000 ლარი;

5.3. ცნობად იქნა მიღებული, რომ ე. შ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ნ. ფ–ს (პ/ნ №................) მიერ ე. შ–ს სასარგებლოდ სს „.......... ბანკში“ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10 000 ლარი (დასტური ........), საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. შ–მ. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ე. შ–ს სასარგებლოდ ნ. ფ–ს მიერ შეტანილი გირაოს თანხა 10 000 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. დაცვის მხარე ითხოვს ასევე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან სასამართლოს გაანგარიშება პატიმრობაში ყოფნის ვადის ჯარიმის თანხასთან შეფარდების კუთხით არის არაგონივრული.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს ე. შ–ს მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას და გირაოს სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. შ–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:

10. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. შ–ს სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 10 000 ლარი 2021 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 9000 ლარი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ე. შ–სათვის ჯარიმის თანხის 1000 ლარით შემცირება 2021 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლამდე პატიმრობაში ყოფნის მხედველობაში მიღებით არაგონივრულია, თუმცა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულ ე. შ–ს დაუმძიმოს სასჯელი.

12. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე აგრეთვე ითხოვს ე. შ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული და შეტანილი გირაოს საკითხის გადაწყვეტის ნაწილში გირაოს თანხის - 10 000 ლარის დაბრუნებას.

13. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. შ–ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით შეეფარდა გირაო - 10 000 ლარი, საპატიმრო უზრუნველყოფით. იმავე დღეს, 2021 წლის 10 თებერვალს ნ. ფ–სმა ე. შ–ს სასარგებლოდ გადაიხადა გირაოს თანხა და ე. შ–ე გათავისუფლდა პატიმრობიდან.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, გირაოს შეტანის წინ როგორც ე. შ–ე, ისე უშუალოდ მისი შემტანი (განსახილველ შემთხვევაში - ნ. ფ–ი) გაფრთხილებულები იყვნენ წერილობით. ბრალდებულ ე. შ–სის მიერ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგის თაობაზე (გირაოს შემტან პირს - ნ. ფ–ს გაეცნო გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმი, რაც დაადასტურა ხელმოწერით (იხ. ტ1, ს.ფ. 136), ოქმით აღკვეთის ღონისძიების გაფრთხილებისა და გაცნობის შესახებ ე. შ–ს ადვოკატ ი. შ–ს დასწრებითა და მონაწილეობით განემარტა საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები(იხ. ტ.1, ს.ფ. 137), რაც დაადასტურა ხელმოწერით). აღნიშნულის მიუხედავად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენებით დგინდება, რომ გირაოს მოქმედების პერიოდში ე. შ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რითიც დაარღვია მითითებული ღონისძიების გამოყენების პირობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძველს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ნ. ფ–ს (პ/ნ №............) მიერ ე. შ–ს სასარგებლოდ სს „........... ბანკში“ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის 10 000 ლარის (დასტური ...), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა სრულად კანონშესაბამისია.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. შ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე