დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123006967106
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№887აპ-23 ქ. თბილისი
ბ-–ი ა., 887აპ-23 29 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ა. ბ-ს, - დაბადებული 1... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 16 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ი.... სამმართველოს გამომძიებელ ზ. ა–ს მიერ, ა. ბ–ს მიმართ 30 დღით გამოიცა №....... შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ა. ბ–ს ოჯახის წევრის, კერძოდ, დედის - ხ. ყ–ს მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვეპლი იმყოფება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით და თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ნასამართლევი ა. ბ-ი 2023 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, მივიდა ქ. თ., ქ-ს მ......., №.. კორპუსის, ბინა №..ში მდებარე ხ. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით:
3.1. ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (თავისუფლების აღკვეთა 4 წელი) 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. მსჯავრდებულ ა. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 22 იანვრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
4.1. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. პ-მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილება, კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება და მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულმა ა. ბ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. პ-მ. კასატორი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას და ა. ბ–სათვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ბ–ს საქართველის სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ა. ბ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა (რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ).
3. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ, თუმცა, ნაწილობრივ არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სასჯელის დასაბუთებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით ა. ბ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით - დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის მხედველობაში მიღებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მუხლის სანქციით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ზომის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 7 ივლისის განაჩენი N14აპ-22; ასევე - 2023 წლის 8 მაისის განაჩენი N150აპ-23). კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“;
7. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად, მათ შორის, მიიჩნევა დედა;
8. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული წესი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე;
9. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახური დანაშაულის ცნებასა და კვალიფიკაციის საკითხს, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესს ადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-4 ნაწილები.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდებოდა ა. ბ–ს მიერ დედის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, ა. ბ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენება - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო - გამოიწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის N14აპ-22 განაჩენი, II-15; ასევე - 2023 წლის 8 მაისის განაჩენი N150აპ-23). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო მსჯავრდებულისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანიშვნის შესახებ.
13. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომაზე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5
ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა. ბ–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
13.1. შესაბამისად, მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს – 2023 წლის 21 იანვარს, - ა. ბ-ი იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა), რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს და განაპირობებს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად. კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
14. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ხოლო რეციდივის წესით დასანიშნი სასჯელი აჭარბებს (მინიმუმ - 1 წელი და 6 თვე) საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ხანგრძლივობას, ა. ბ–ს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სასჯელად თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით, მოცემულ შემთხვევაში – 1 წლით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის - ხანგრძლივობა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი