საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.10.2023
საქმის ნომერი
2კ-861აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100122006434162

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №861აპ-23 ქ. თბილისი

ღ–ი დ., 861აპ-23 27 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ღ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ღ–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან მას რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დამტკიცდა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორს - ანა ცუცქირიძესა და ბრალდებულ დ. ღ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. ღ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით – განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით – ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ღ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით – განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით – ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დ. ღ–ს მიმართ გაუქმდა ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ღ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით – განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დ. ღ–მა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პრობაციის ბიუროს.

გაუქმდა დ. ღ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

დ. ღ–სს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 17 აგვისტოდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ღ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა.

დ. ღ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........ში მდებარე, ბ. ღ–სა და მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, უსაფუძვლო მოტივით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ. ღ–მა, იცოდა რა, რომ თავისი ძმა - ბ. ღ–ი იყო 16 წლის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში - ლოყისა და ყურის მიდამოში, ხოლო შემდეგ, მინის ნატეხი მოარტყა მარჯვენა ხელში, რა დროსაც მას წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ქმედების შედეგად, ბ. ღ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა დ. ღ–მა, 2022 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, უკანონოდ შეაღწია დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ის საჯარო სკოლის ეზოსა და შენობაში, კერძოდ, ჯერ ლითონის მავთულბადის მესერზე გადაცოცდა, შევიდა ეზოში და შემდეგ სკოლის შენობაში განთავსებული სპორტდარბაზის შუშა ჩაამტვრია, ფანჯარა გააღო და გადაცოცდა იმავე ოთახში. დ. ღ–მა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სცადა დაუფლებოდა კომპიუტერულ ტექნიკას, თუმცა, იმის გამო, რომ კომპიუტერების ოთახის კარი ვერ გააღო, ხოლო სხვა ოთახებში ასეთი ნივთი ვერ მოიძია, განზრახვა ვერ აღასრულა და დატოვა შენობა. აღნიშნული ქმედებით, სსიპ დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ის საჯარო სკოლას შესაძლოა, მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 07 მაისს, საღამოს საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში, სოფელ ა–ს მიმართულებით, დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით, მოძრაობდა „გაზ-53-ის“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით - ........) ავტომობილი, რომელსაც მართვადა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი - გ. დ–ი. მძღოლის გვერდით, მგზავრის სავარძელში იჯდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ. ღ–ი. იმავე დროს აღნიშნულ სავალ ნაწილს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთდა ქვეითი კ. ჩ–ი. მოძრობისას, გ. დ–ი შეეჯახა კ. ჩ–ის. შეჯახების შემდეგ დ. ღ–ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაშავებული აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაგრამ მან დაზარალებულს არ გაუწია გადაუდებელი დახმარება, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო მისი დახმარება, თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის გარეშე. ამასთან, დ. ღ–მა კ. ჩ–სათვის დახმარების საჭიროების შესახებ არ შეატყობინა შესაბამის დაწესებულებას. მიღებული დაზიანებების შედეგადკ. ჩ–ი გარდაიცვალა.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ღ–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისთვის დაბრუნება. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ განაჩენის გაუქმების მოტივად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ვერ აცნობიერებდა მის წარდგენილ ბრალდებებს, მის მიმართ დაირღვა დაცვის უფლება, ვინაიდან საპროცესო შეთანხმების პროცესუალურ დოკუმენტაციაში ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდში მითითებული იყო საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლი და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინა ბრალდების მხარემ ბრალდების ახალი ფორმულირება. ასევე საქმეში არ მოიპოვებოდა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ღ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 129-ე მუხლითა და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, კერძოდ: მოწმეების - ბ. ღ–ს, ი. ჯ–ს, ლ. ი–ს, ლ. დ–ს, მ. ხ–ს, გ. ბ–ს, თ. ბ–ს, ვ. ხ–ს, თ. ხ–ს, ზ. ჩ–ს, ი. ი–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებით, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით.

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით დამტკიცდა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორს - ანა ცუცქირიძესა და ბრალდებულ დ. ღ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაამოწმა საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნები, მათ შორის - საპროცესო შეთანხმება დადებული იყო თუ არა ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებდა თუ არა ბრალს, სრულად აცნობიერებდა თუ არა იმ დანაშაულთა ხასიათსა და მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების სანქციით გათვალისწინებულ სასჯელს; საპროცესო შეთანხმება ხომ არ იყო დადებული წამების, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების საფუძველზე, რომელთა შესახებაც დ. ღ–ს სასამართლოში არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია. მან დაადასტურა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებული იყო ნებაყოფლობით, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, ასევე განმარტა, რომ მისთვის გასაგები იყო წარდგენილი ბრალდებების არსი, თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ და თავისი ადვოკატისაგან სრულად ჰქონდა მიღებული იურიდიული კონსულტაცია. აღნიშნული ასევე დასტურდება საპროცესო დოკუმენტებზე დ. ღ–სა და მისი ადვოკატის ხელმოწერებითაც. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მართებულად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ღ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი