საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1410აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1410აპ-23 თბილისი

მ. ფ., 1410აპ-23 12 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით ფ. მ-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი აეთვალა 2023 წლის 23 მარტიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ფ. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. მ-მა 2022 წლის 29 დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ის რესპუბლიკიდან ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „ს-ში“, საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომობილის მისაბმელში დამალვით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, რისთვისაც ამხილეს 2023 წლის 23 მარტს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ფ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 23 მარტიდან; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული ფ. მ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი უსამართლო და მძიმეა, რის გამოც, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი მიქაილ ქობულაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ფ. მ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული უსამართლოდ მიიჩნევს დანიშნულ სასჯელს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ფ. მ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ფ. მ-სათვის განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ზემოაღნიშნული მუხლის სასჯელის მინიმუმია. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა სასამართლოს შეუძლია, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

9. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. მ-სათვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, იმსჯელა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე, დაიცვა სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.

10. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა მის დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნია უკანონოდ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ფ. მ. დამნაშავედ ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ- გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე