საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007755576
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№206აპ-24 ქ. თბილისი
დ–ე გ., 206აპ-24 13 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. დ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა გ. დ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მა, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: გ. დ–სათვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენის დროს ან ჩადენისთანავე, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, კერძოდ, ნებაყოფლობით წარუდგინა და მიუთითა ყველა ის ადგილი, სადაც ინახავდა კანონით აკრძალული ნივთიერებებს, არ ჰყოლია თანამონაწილეები, რაც, ერთობლივად, აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, პირობითად ჩაუთვალოს შეფარდებული სასჯელის ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე და დაცვის უფლების დარღვევით განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქმის სააპელაციო განხილვის დროს აღარ იცავდა გ. დ–ს ინტერესებს; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის დარღვევით გამოკვლეული მტკიცებულებები, რათა გამოერკვია, სადავოდ გამხდარი საკითხი – გ. დ–ს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წაასწრეს, თუ მან ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას კანონით აკრძალული ნივთიერებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ. დ–ე, – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. დ–ს მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. დ–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. გ. დ–მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი (ფუძე)” საერთო წონით – 9,1482 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)” საერთო წონით – 61,374 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი” წონით – 0,1308 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ,,2 ს-ბ (4-ბრომო-2,5-დიმეთოქსი-ფენეტილამინი)” წონით – 0,0065 გრამი, საიდანაც 2,21 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს (ფუძეს)” 2023 წლის 13 ივლისს უკანონოდ ინახავდა პირადად ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ამოუღეს პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 6,9382 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს (ფუძეს)”, 61,374 გრამ ,,მდმას (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს)”, 0,1308 გრამ ,,ამფეტამინსა” და 0,0065 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,2 ს-ბ (4-ბრომო-2,5-დიმეთოქსი-ფენეტილამინს)” იმავე დღეს უკანონოდ ინახავდა ნაქირავებ ბინაში – ქ.თ–ში, ჯ–ს პირველ შესახვევში, კორპუსი №.., ბინა №..-ში და ამოღებულია ხსენებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
3.2. გ. დ–მემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი” საერთო წონით – 2047,2797 გრამი, რასაც 2023 წლის 13 ივლისს უკანონოდ ინახავდა ნაქირავებ ბინაში – ქ.–ში, ჯ–ს პირველ შესახვევში, კორპუსი №.., ბინა №..-ში და ამოღებულია ხსენებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. დ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ცხადყოფს, რომ გ. დ–საგან კანონით აკრძალული ნივთიერებები ამოღებულია არა მარტო მსჯავრდებულის ბინის ჩხრეკისას, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, როდესაც სამართალდამცავებმა წაასწრეს მას დენადი დანაშაულის ჩადენის დროს, რისი გათვალისწინებითაც, გ. დ–სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას არ აქვს კანონიერი გამართლება. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
11. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებულ საკითხებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის, შესაბამისად, მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, საქმის სააპელაციო განხილვისას მსჯავრდებულ გ. დ–ს დაცვის უფლების დარღვევა არ იკვეთება, ხოლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან მიმართებით, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე – საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე, რაც გამოკვეთილი იყო განსახილველ შემთხვევაში, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა სწორედ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების – წაასწრეს თუ არა მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის დროს – გამოსარკვევად მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ უფლებას მათ შორის წარმოადგენს – ბრალდებულის უფლება, დაკითხოს ბრალდების მხარის მოწმეები. ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან ჩუმი თანხმობის გზით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ იმისათვის, რათა ასეთი უარი კონვენციის მიზნებთან შესაბამისად ჩაითვალოს, ასეთი უარი არ უნდა იძლეოდეს ეჭვის წარმოშობის საფუძველს (უნდა განხორციელდეს არაორაზროვანი ფორმით) და ამ ვითარების დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს. უფრო მეტიც, ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების სამართლებრივ შედეგს (შეეძლო მისი ქცევის შედეგების განჭვრეტა) იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Hermi v. Italy, §73; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე: Sejdovic v. Italy, § 86). საკასაციო სასამართლომ შეაფასა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ თავის უფლებაზე (გამოეკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები) უარის თქმის პროცედურა შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ: იყო არაორაზროვანი და არ არსებობს მასში დაეჭვების საფუძველი; არ ეწინააღმდეგებოდა რაიმე საჯარო ინტერესს და საქმის არსებითად განხილვისას მოსამართლის განმარტებების პირობებში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გუგა დევდორაძის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, მსჯავრდებულს გონივრულად შეეძლო განეჭვრიტა თავისი ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. დ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი