შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 09.07.2024
საქმის ნომერი
2კ-343აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007945678

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №343აპ-24 ქ. თბილისი

ბ. გ. 343აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ვინაიდან მისთვის განსაზღვრული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, იგი წარსულში სამჯერაა ნასამართლევი, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ., – დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, გ. ბ-ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №..., რომლითაც გ. ბ-ს აეკრძალა, მეუღლის – ნ. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ. ბ. შესაძლოა იმყოფებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ბ-მ 2023 წლის 15 აგვისტოს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, საღამოს საათებში მივიდა .... - მდებარე ნ. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან და დაიწყო სახლის კარზე ხელების დარტყმა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ საქმეში გ. ბ-ს აღიარების გარდა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ბ-ს, მოწმეების – მ. ხ-ს, გ. ხ-ს, ს. ქ-ს გამოკითხვის ოქმები, ტელეფონის დათვალიერების ოქმი, №... შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რის შესახებაც პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რასაც არც ბრალდების მხარე ხდის სადავოდ.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

4. მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებების, ასევე – გ. ბ-ს ინდივიდუალური მახასიათებლების (მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ, ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით (რამდენჯერმე ნასამართლევია ოჯახის წევრის (მეუღლის – ნ. ბ-ს) და სხვა პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის, ასევე – ოჯახის წევრზე (ნ. ბ-ზე) სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებზე, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი), გ. ბ-სათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სამართლიანია და სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატა კანონისმიერად არ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ბ. წარსულში ნასამართლევია, სახელდობრ:

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, რომლითაც ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში. განაჩენის მიხედვით, გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და, საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს მატერიალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სახისა და ზომის შერჩევის დროს სასამართლო შებოჭილია იმპერატიული სახის ნორმებით, რომელთა შორის არის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილიც.

8. სააპელაციო პალატა აპელირებს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გ. ბ-ს ზემოაღნიშნული განაჩენებით ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს. ამდენად, დგინდება, რომ მსჯავრდებული გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენის დროს (2023 წლის 15 აგვისტოს), წარსულში ნასამართლევი იყო სამი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამოსილი არ იყო, გ. ბ-სათვის შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.

9. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა გ. ბ-ს ასაკზე, რომ იგი 77 წლისაა, თუმცა, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება და არც სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან. ცალკე აღებული ხანდაზმული ასაკი, უპირობოდ არ გამორიცხავს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შეუძლებლობას.

10. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით ითვალისწინებს პენიტენციური კოდექსის მე-110 მუხლის მე-4 ნაწილსა და ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-4 ნაწილს; აღნიშნული ნორმები პენიტენციურ დაწესებულებაში ხანდაზმულთათვის (მამაკაცს 65 წლიდან) სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და მათი მდგომარეობის შესაბამის კვების საკითხს შეეხება. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის დანაწესს, რომლითაც განსაზღვრულია ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების წესი და წინაპირობები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, გ. ბ-ს ექნება შესაძლებლობა, გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს – 2023 წლის 16 აგვისტოდან იმავე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმებულია;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი