საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100121004310328
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1273აპ-23 ქ. თბილისი
ხ. კ. 1273აპ-23 21 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. მ–სა და ჯ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. ხ–ს, – დაბადებულს 19. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით;
1.2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ–ში, .......ის ქუჩის N...-ე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი კ. ხ–ს, ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხა გ. და გ. ს–ებს, წააქცია ასფალტზე და იარაღიდან გასროლით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა და მოსთხოვა ფულადი თანხა. ასევე წაქცეულ გ. ს–ს ერთ-ერთმა მათგანმა მოსთხოვა ოქროს საყურეები, წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრა, რომ თავად ჩამოჰგლეჯდა. კ. ხ–ს წაქცეულ გ. ს–ს უბჯენდა პისტოლეტს და მოკვლის მუქარით სთხოვდა ფულად თანხას, იმავდროულად, მან გ. ს–ს თავში ჩაარტყა იარაღი. ყაჩაღობის შედეგად თავდამსხმელებმა წაიღეს გ. და გ. ს–ების მობილური ტელეფონები, მაჯის საათები და ოქროს საყურეები. გ. ს–ს მიადგა 114 ლარის, ხოლო გ. ს–ს – 800 ლარის, ქონებრივი ზიანი.
2.2. კ. ხ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა კუსტარული ხერხით, 5,6 მმ კალიბრიანი შაშხანის რგოლური ვაზნების გასასროლად დამზადებული რევოლვერი, რომელსაც ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე – ქ–ში, .........ის ქუჩის N....-ში. რევოლვერი 2020 წლის 10 დეკემბერს ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 აგვისტოს განაჩენით კ. ხ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირიბითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5, მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და სრულად მიემატა დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა – 6000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი;
3.5. კ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 10 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ხ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ჯ. გ–მ და ნ. მ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა – ნ. მ–მ და ჯ. გ–მ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებში კ. ხ–ს გამართლებას და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შერაცხილი მსჯავრდების ნაწილში სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა: კ. ხ–ს ყაჩაღობის ნაწილში გამართლება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ნაწილში – სასჯელის შემსუბუქება. ამდენად, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულების – გ. და გ. ს–ების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი და მასზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ. ხ–მა ჩაიდინა, მათ შორის, მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარი პოზიციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ითვალისწინებს, რომ:
10.1. დაზარალებულებმა – გ. ს–მა და გ. ს–მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ 2020 წლის 26 ნოემბერს მათ სამი პირი დაესხა თავს და იარაღის მუქარით მოსთხოვა ფული. კერძოდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი გ. ს–სთან მივიდა, შუბლზე მიადო შავი იარაღი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო დანარჩენი ორი პირი – გ. ს–სთან მივიდა და მოსთხოვა ფული. წინააღმდეგების გაწევისას გ. ს–სი ბუჩქებში გადავარდა, წამოდგომისას კი მას თავში იარაღი ჩაარტყეს. თავდამსხმელებმა გ. ს–ი წააქციეს და საფულის წართმევას ცდილობდნენ. მათ იარაღიდან ორჯერ გაისროლეს. ემუქრებოდნენ, რომ თუ თანხის არ მისცემდნენ, სიცოცხლეს მოუსპობდნენ. როდესაც თავდამსხმელები მიხვდნენ, რომ დაზარალებულებს ფული არ ჰქონდათ, საათი, ტელეფონები და ოქროს საყურე წაართვეს.
10.2. სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 2 დეკემბრის №............ და №.......... დასკვნების თანახმად, 2020 წლის 27 ნოემბერს ჩატარებული პირადი გასინჯვით გ. ს–სს და გ. ს–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდათ დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
10.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2020 წლის 26 ნოემბრის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გ. ს–მა მიუთითა გზის სავალ ნაწილზე, რომელზეც მისი განმარტებით, მას და მის მეუღლეს იარაღის მუქარით თავს დაესხა სამი პირი. ისინი დაეუფლნენ მისი და მეუღლის მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათებსა და მეუღლის – გ. ს–ს საყურეებს. გ. ს–მა მიუთითა ადგილი, სადაც პისტოლეტით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა გაისროლა იარაღიდან, რომლიდანაც გამოუვარდა მჭიდი, თუმცა მალევე მოათავსა პისტოლეტში. გზის სავალ ნაწილზე, სადაც, გ. ს–ს განმარტებით, თავდამსხმელს პისტოლეტიდან გამოუვარდა მჭიდი, ნაპოვნი იქნა სამი მასრა.
10.4. პირადი ჩხრეკის 2020 წლის 10 დეკემბრის ოქმის თანახმად, კ. ხ–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს შავი პისტოლეტი, მასზე დატანილი წარწერით – „........“, (რომლის ლულის მარჯვენა მხარეზე ასევე დატანილია ციფრები და ასოები, კერძოდ: ,,.........“ დანარჩენი სამი ციფრის ამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან ციფრების ქვედა ნაწილში გაკეთებულია ხვრელი), შავი ლითონის მჭიდით და მასში მოთავსებული 3 ვაზნა.
10.5. ბალისტიკური ექსპერტიზის 2020 წლის 11 დეკემბრის №........ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი 9 მმ კალიბრიანი, აირხმოვანი პისტოლეტის ვაზნის მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 9 მმ კალიბრიანი ........ მოდელის პისტოლეტიდან.
10.6. გარდა ამისა, პირის ამოცნობის 2020 წლის 10 დეკემბრის ოქმების თანახმად, დაზარალებულებმა ამოიცნეს მსჯავრდებული და მიუთითეს, რომ ამოცნობილმა პირმა იარაღის მუქარით გასტაცა მათ პირადი ნივთები.
11. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულის ყაჩაღობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №......... გადაწყვეტილებაზე – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – მითითებით.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული, უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
14. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღს, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, ასევე იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, კასატორის მიერ სადავოდ მიჩნეული, კ. ხ–ს, პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2020 წლის 10 დეკემბერს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი და კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებიც მოპოვებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაზე.
15. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედება – პირადი ჩხრეკისას ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობას.
16. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ოპერატიული ინფორმაცია, რომელმაც განაპირობა მსჯავრდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, არასდროს გამხდარა შესწავლის საგანი და უცნობია (არავინ იცოდა), თუ რა სახის ოპერატიული ინფორმაცია იქნა მიწოდებული, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პატაკის შედგენის დღესვე, 2020 წლის 7 დეკემბერს, მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაიკითხა პატაკის შემდგენელი გამომძიებელი გ. ბ.
17. გარდა ამისა, კასატორი ეჭქვეშ აყენებს ჩხრეკის ჩატარების მეთოდსა და დაზარალებულების მიერ მსჯავრდებულის ამოცნობის სარწმუნოობას, თუმცა ჩხრეკის ჩატარების მეთოდთან დაკავშირებით დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე არგუმენტი. საგამოძიებო მოქმედება – ამოცნობასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს მიეცა ამოცნობის ოქმში მითითებული ინფორმაციის სარწმუნოობის შედავების მიზნით ინფორმაციის წყაროს დაკითხვის შესაძლებლობა. ასევე სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ი. მ–ი და ლ. ვ–ე, რომლებმაც დაადასტურეს ამოცნობაში მონაწილეობა და ოქმში ასახული გარემოებები.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ კ. ხ–ს, რეციდივისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე, განუსაზღვრა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. მ–სა და ჯ. გ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი