საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2024
საქმის ნომერი
2კ-1343აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100120004092993

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1343აპ-23 ქ. თბილისი

კ. ა. 1343აპ-23 3 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – თეონა გოდერძიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით;

1.2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით;

1.3. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2015 წლის ივლისში ა. კ–მა და ზ. თ–მა გადაწყვიტეს თაღლითურად მიეღოთ საკუთრების უფლება ქ. თ–ში, .........ის მე-4 მიკრო რაიონში, N.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ, 2 000 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის 16 ივლისს ა. კ–მა ზ. თ–ს მითითებით, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა 2000 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე მისი ელექტრონული ვერსია; ზ. თ–ს მიერ მოძიებული და ა. კ–ს მიერ ხელმოწერილი, 1992 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N... აქტი, რომლის მიხედვითაც ა. კ–ს, თითქოსდა მიწის რეფორმის შედეგად, მიღებული ჰქონდა 4 ერთეული, ჯამში 0.56 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, საიდანაც: 0.20 და 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები მდებარეობდა დ. დ-ში, 0.06 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ დ–ში და 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი – ნ–ში. 2015 წლის 24 ივლისს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან ა. კ–ს მიერ წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზით განსაზღვრულ კოორდინატებში უკვე რეგისტრირებული იყო ქ. თ–ს თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა მის ხელმეორედ რეგისტრაციას. ამასთანავე, 2016 წლის 17 თებერვალს ა. კ–მა კვლავ მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ იმავე მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად და დამატებით წარადგინა გ. მ–ს მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დამზადებული და ი. კ–სა და ზ. კ–ს მიერ სანოტარო წესით დამოწმებული, 2016 წლის 16 თებერვალის ყალბი სანოტარო განცხადებები, რომელშიც ეს უკანასკნელნი ადასტურებდნენ ა. კ–ს მიერ მიწის რეფორმის შედეგად, ჯამურად – 0.56 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მიღების ფაქტს. აღნიშნულ განცხადებაზე მარეგისტრირებელი ორგანის მიერ კვლავ შეწყდა წარმოება, რადგან დასარეგისტრირებლად წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ქ. თ–ს თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. ვინაიდან ა. კ–სა და ზ. თ–სათვის საინტერესო მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტირებული იყო ქ. თ–ს თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება და მარეგისტრირებელი ორგანო ამ მოტივით უარს უცხადებდა ა. კ–ს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე, 2016 წლის თებერვლის ბოლოს, ა. კ–მა ამჯერად განცხადებით მიმართა ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მთავრობას და წარადგინა ზემოთ მითითებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი და გ. მ–ს, ი. კ–სა და ზ. კ–ს მიერ შედგენილი ყალბი სანოტარო აქტები, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები, რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და მოითხოვა ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მთავრობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, რათა აღმოფხვრილიყო რეგისტრატორის მიერ ა. კ–სათვის დადგენილი ხარვეზი.

2.2. ა. კ–სის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 23 მარტს, ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, თ–ს მუნიციპალიტეტის მთავრობას მიეცა რეკომენდაცია განეხილა იმ ტერიტორიის საზღვრების კორექტირების საკითხი, რომლის ნაწილიც ფარავდა ა. კ–ს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებებით დასარეგისტრირებლად მოთხოვნილ ტერიტორიას. აღნიშნულის საფუძველზე, ქალაქ თ–ს მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 22 ივნისის განკარგულებით დაკმაყოფილდა ა. კ–ს მოთხოვნა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კუთვნილ, N.................. საკადასტრო კოდის მქონე, მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებისა და საზღვრების კორექტირების თაობაზე, რაც გადაგზავნილ იქნა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“. ამის შემდგომ, 2016 წლის 15 ივლისს ა. კ–მა კიდევ ერთხელ მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ იმავე მოთხოვნით და განცხადებაში მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტები ეხილათ მის მიერ 2015 წლის 16 ივლისს და 2016 წლის 17 თებერვალს წარდგენილ განცხადებებში. ვინაიდან, N............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე აღარ იყო რეგისტრირებული ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მთავრობის საკუთრების უფლება, 2016 წლის 8 აგვისტოს დასრულდა სარეგისტრაციო წარმოება და ზ. თ–მა და ა. კ–მა, ამ უკანასკნელის კომლის წევრებთან ერთად თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება ქ. თ–ში, .........ის მე-.. მიკრო რაიონში, N.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ, 2 000 კვ.მ. ფართობის, N.......... საკადასტრო კოდის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით, 178 425 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენით:

3.1. ა. კ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა;

3.2. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ ქვეპუნქტით ჯარიმა – 7 000 ლარი;

3.2.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ფორმალურად კ. ა–ს სახელზე რეგისტრირებული, მ–ს რაიონის სოფელ .........ში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით – №.............;

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 4 000 ლარი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა. კ–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7 000 ლარი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ფორმალურად კ. ა–ს სახელზე რეგისტრირებული, მ–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით – N.............;

3.4. ყადაღა მოეხსნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას: მაჯედ ო.ს. ალ-შოუბაკის სახელზე (პ/ნ: ...........) რეგისტრირებულ, სოფელ დ–ში მდებარე, 1400.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით – N............; ყადაღა მოეხსნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას: კ. ა–სის სახელზე (პ/ნ: ..........) რეგისტრირებულ, სოფელ დ–ში მდებარე, 600.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით – N ........... .

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილთან ერთად, ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა, იმავდროულად, მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება;

5.1. ა. კ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამ ნაწილში გამართლდა;

5.2. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.2.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით ჯარიმა – 7 000 ლარი;

5.2.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 4 000 ლარი;

5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7 000 ლარი;

5.4. ყადაღა მოეხსნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას: მაჯედ ო.ს. ა–ის სახელზე (პ/ნ: .............) რეგისტრირებულ, სოფელ დ–ში მდებარე, 1400.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით N .........., ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას: კ. ა–სის სახელზე (პ/ნ:.............) რეგისტრირებულ, ს. დ-ში მდებარე, 600.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით N ............

5.5. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა. კ–სისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კ. ა–სის სახელზე (პ/ნ ..........) რეგისტრირებული, მცხეთის რაიონის ს. დ-ში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N................ უნდა დაუბრუნდეს კ. ა–სს.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თეონა გოდერძიშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილთან ერთად, ა. კ–სის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, იმავდროულად, მსჯავრდებულისათვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას. ასევე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახით, ქონების – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, კ. ა–ს სახელზე რეგისტრირებული, 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N..............– ჩამორთმევას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ა. კ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი, თავდაპირველი (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) კვალიფიკაციით და მისთვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – შეფარდებას, ასევე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევას.

9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ა. კ–მა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული; ასევე –შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა და დამატებითი სასჯელის საკითხი.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (როგორც ზედმეტად წარდგენილში) გამართლების, ასევე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ მცხეთის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის – ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების – მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ა. კ–სისათვის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახით ქონების – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, კ. ა–ს სახელზე რეგისტრირებული 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N........... – ჩამორთმევის თაობაზე.

14. ბრალდების მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ იმსჯელა და გადაწყვიტა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის საკითხი, როცა ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულ განაჩენში შეიტანა ცვლილება და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ნაცვლად, დაადგინა – მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის დაბრუნება, მაშინ, როდესაც აღნიშნული გასაჩივრებული არ ჰქონდა დაცვის მხარეს (მათ შორის, ამ ნაწილში არ ასაჩივრებდა არც ბრალდების მხარე), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, მაგრამ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20); „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“ (იხ.: იქვე, II-22).

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებულ ა. კ–სთვის დამატებითი სასჯელის სახით კ. ა–ს სახელზე რეგისტრირებული ქონების ჩამორთმევა შეუძლებელია და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

15.1. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მცხეთის რაიონის ს. დ-ში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით – N.............., ა. კ–მა 2016 წლის 23 აგვისტოს გაასხვისა დ. მ-ზე, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი, თავის მხრივ, 27 სექტემბერს 15000 აშშ დოლარად გაასხვისა კ. ა–ზე და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა კ. ა–სის სახელზე.

15.2. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კ. ა–სმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოიპოვა ან/და კ. ა–ს ინფორმირებულობა, მის მიერ შეძენილი ქონების, დანაშაულებრივი გზით მოპოვების/მიღების თაობაზე. საკასაციო სამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძვლების არსებობის და აღნიშნულის შესაბამისად, ჩამორთმევის შემთხვევაშიც კი, ა. კ–ს, როგორც სახელმწიფოს, ისე კეთილსინდისიერ შემძენთან მიმართებით ეკისრება ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, არსებული საკითხი ვერ იქონიებს არსებით გავლენას მსჯავრდებულის ვერც სამოქალაქო სამართლებრივ მდგომარეობაზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – თეონა გოდერძიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე