ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №901აპ-24 5 ნოემბერი, 2024 წელი
ა--–-----ი ნ----- №901აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ----- ა--–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს------- ბ-------------ს – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ----- ა--–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი. ნ----- ა--–-----ი (პირადი №-----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----- ა--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლის ვადით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ნ----- ა--–-----მა ჩაიდინა:
1.2.1. ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით: ნ----- ა--–-----მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 23,2279 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერებები, საიდანაც, 2022 წლის 6 აპრილს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ---–--–ი, წ---–-----------–-------ში, კორპუსი N---ის მიმდებარედ განთავსებულ ავტოფარეხში მყოფი ნ----- ა--–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 22,9241 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერებები, ხოლო 0,8726 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერებები – იმავე მისამართზე განთავსებული ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად.
1.2.2. მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით: ნ----- ა--–-----მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თ---–--–ი, წ---–-----------–-------ში, კორპუსი N---ის მიმდებარედ განთავსებულ ავტოფარეხში შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 620,18 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც 2022 წლის 6 აპრილს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს იმავე მისამართზე განთავსებული ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად.
1.2.3. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით: ნ----- ა--–-----მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თ---–--–ი, წ---–-----------–-------ში, კორპუსი 1--ის მიმდებარედ განთავსებულ ავტოფარეხში შეინახა ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა – 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი 8 ცალი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრიანი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПM“, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“ და სხვ., რაც 2022 წლის 6 აპრილს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს იმავე მისამართზე განთავსებული ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად.
2. საკასაციო საჩივარი:
2.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა მსჯავრდებულ ნ----- ა--–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს------- ბ-------------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ----- ა--–-----ის უდანაშაულოდ ცნობა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის აშკარად უკანონო, დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ნ----- ა--–-----ის პირადი და ავტოფარეხის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერები ასახავს არა საგამოძიებო მოქმედებების სრულ მიმდინარეობას, არამედ – ფრაგმენტებს, რაც უკარგავს ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას სანდოობას; ნ----- ა--–-----ი ფლობდა მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალებები კი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს; გაურკვეველია, ვის ეკუთვნოდა ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნები; დაკავებისას ნ----- ა--–-----ს მისთვის გასაგებ ენაზე არ ეცნობა დაკავების მიზეზი და წარდგენილი ბრალდება. წარსული განაჩენებით თვალსაჩინო იყო თარჯიმნის საჭიროება, მიუხედავად ამისა, ნ----- ა--–-----ს სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე, თარჯიმნის მომსახურებით სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე უსარგებლია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება (მოწმეთა, მათ შორის, ძირითადი საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები; პირადი ჩხრეკის და ავტოფარეხის ჩხრეკის ოქმები; აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერები; ამოღებული ნივთმტკიცებები და ექსპერტიზის დასკვნები), რომელთა ერთობლიობით დასტურდება ნ----- ა--–-----ის მიერ მსჯავრადშერაცხილი თითოეული დანაშაულის ჩადენა.
4.3. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ----- ა--–-----ის უდანაშაულობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიმე პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, ნ----- ა--–-----ის მიმართ, პირადი სუბიექტური დამოკიდებულება არ გამოკვეთილა. მეტიც, მსჯავრდებულის პირადი და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რა დროსაც ვიდეოფირზე თვალსაჩინოდ აისახა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება, რის შემდეგაც, შედგა საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ორი დამოუკიდებელი ოქმი და ორი დამოუკიდებელი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც საქმეს დაერთო. შესაბამისად, გაუგებარია, რას გულისხმობს დაცვის მხარე ფრაგმენტულ ვიდეოჩანაწერებში, რომლებზეც ასე დაჟინებით უთითებდა და რასაც საკუთარი პოზიციის განმტკიცების ერთგვარ საყრდენ არგუმენტად იშველიებდა.
4.4. საკასაციო სასამართლოსთვის საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. აგრეთვე ისიც, რომ ნ----- ა--–-----ს საკუთარი უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთა მხრიდან სხვა, რაიმე უკანონო მოქმედების შესახებ, ამ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას არ განუცხადებია. ჩხრეკა მიმდინარეობდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ასეთ პირობებში კი, ნარკოტიკული საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ამოღება, დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ „ჩადების“ ვერსიას დაუსაბუთებლად აქცევს.
4.5. აქვე, საკასაციო სასამართლო ამოღებულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) ნ----- ა--–-----ის ბიოლოგიური მასალის არარსებობის შესახებ აღნიშნავს, რომ მისი აღმოუჩენლობა მსჯავრდებულის გამართლების წონად არგუმენტად ვერ განიხილება. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ, იმ შემთხვევაში, როცა მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობაში არავითარი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამოღებულ საგანზე არ გამოვლინდა პირის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს მისი გამართლების საფუძველს (მაგ., იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი N262აპ-17).
4.6. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, უტყუარად დადასტურებულია.
4.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ეხება. ადვოკატის მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას და პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ----- ა--–-----ს შეეზღუდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდგომში – საქართველოს სსსკ) გარანტირებული – თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის – უფლება.
4.8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც საკმაოდ ვრცლად და დასაბუთებულად არის აღწერილი, თუ რამ განაპირობა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში ჩართვა და თავის მხრივ, აღნიშნავს: საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ნ----- ა--–-----ი ქართულად თავისუფლად წერდა და მეტყველებდა. მაგალითად, პირადი და ავტოფარეხის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა თარჯიმნის მომსახურებაზე თავად განაცხადა უარი. გამომძიებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ნ----- ა--–-----მა განაცხადა, რომ ქართულად წერა-კითხვა თავისუფლად შეეძლო. მეტიც, ის გულდასმით გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ დადგენილებას. ქართულად წერის უნარი ვლინდება საკუთარი ხელით დაწერილ ხელწერილში (ტ. 1, გვ. 25). გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებშიც ნ----- ა--–-----ი ქართულად აწერს ხელს. მათ შორისაა, მისი გამოკითხვის ოქმიც. იგი შეიცავს არა მხოლოდ ხელმოწერას, არამედ – ქართულ ენაზე შესრულებულ ჩანაწერსაც (ტ.1, გვ. 43-45; 104-107). საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულს, აღნიშნულ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში, როგორც წინასასამართლო სხდომის, ისე – საქმის არსებითი განხილვის მოსამართლემ, ნ----- ა--–-----ს განუმარტა თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის უფლება, რაზეც თავადვე განაცხადა უარი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, 12:10:37; ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის არსებითი განხილვის სხდომის ოქმი, 13:43:24). ამ პროცესში მას ჰყავდა საკუთარი სურვილით მოწვეული არაერთი ადვოკატი, თუმცა არც მათ მოუთხოვიათ თარჯიმნის მოწვევა, რადგან სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მსჯავრდებული ქართულად გამართულად მეტყველებდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ვერც პოლიციის თანამშრომლებს და ვერც მოსამართლეებს, ვერ გაუჩნდებოდათ ეჭვი ნ----- ა--–-----ის მიერ სამართალწარმოების ენის შესაძლო არცოდნის შესახებ.
4.9. განსახილველ საკასაციო საჩივარში ადვოკატი ნ----- ა--–-----ის მიმართ წარსულში (2005, 2009 და 2010 წლებში) გამოტანილ განაჩენებში თარჯიმნის არსებობაზე მითითებით, ამტკიცებდა, რომ სამართალწარმოების ორგანო ვალდებული იყო ბრალდებულისთვის უპირობოდ დაენიშნა თარჯიმანი. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად აფასებს დამცველის მოთხოვნას და, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ შორეულ წარსულში პირისთვის თარჯიმნის უფლების გამოყენება იმთავითვე არ გულისხმობს, რომ მომავალში, ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, მას აუცილებლად დასჭირდება თარჯიმანი. განსახილველ შემთხვევაში, 10 წელზე მეტია გასული იმ სასამართლო სხდომიდან, როდესაც ნ----- ა--–-----ს ჰყავდა თარჯიმანი. ეს სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანს შეესწავლა სამართალწარმოების ენა. ფაქტია, მან ეს 10 წლის გასვლამდეც შეძლო. ამას ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენიც, რომელშიც ნ----- ა--–-----ს, ადვოკატის მონაწილეობით წარმართულ სხდომაზე თარჯიმნის მომსახურების უფლებით არ უსარგებლია. ასეც რომ არ ყოფილიყო, პროცესის მწარმოებელი ორგანო პირის მიერ სამართალწარმოების ენის ცოდნა-არცოდნას საკუთარი შეხედულებით ვერ დაადგენდა. თარჯიმნის მოწვევის წინაპირობა, ერთი მხრივ, არის ბრალდებულის მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ – ბრალდებულის მხრიდან ენის არცოდნის აშკარად გამოხატული ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო სხდომამდე არცერთი ზემოაღნიშნული წინაპირობა არ არსებობდა. მას შემდეგ კი, რაც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე საქმეში ახლადჩართულმა ადვოკატებმა ითხოვეს მსჯავრდებულისთვის თარჯიმნის დანიშვნა, მათი მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდა. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულის უფლებების დაცვის ცალსახა დასტურია და არასწორია, ამ საფუძვლით ადრე ჩატარებული პროცედურების უკანონობაზე აპელირება. ამდენად, დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს მხრიდან ფასდება უსაფუძვლოდ, რადგან ბრალდებულის უფლება – ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით – სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე დარღვეულა.
4.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ----- ა--–-----ის მსჯავრდების ნაწილში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – სამართლიანი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისი.
4.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტიის კანონის მე-7 მუხლი გაწერს იმ დანაშაულებს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ასეთია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლი (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), რითაც ნ----- ა--–-----ს ერთ-ერთ ეპიზოდში დაედო მსჯავრი.
4.12. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ნ----- ა--–-----ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ¼-ით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს.
4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ----- ა--–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს------- ბ-------------ს – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ----- ა--–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს------- ბ-------------ს – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენი შეიცვალოს;
3. ნ----- ა--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 10 წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 7 წლის და 6 თვის ვადით;
4. ნ----- ა--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 3 წლის ვადით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლის და 6 თვის ვადით;
5. ნ----- ა--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 4 წლის ვადით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----- ა--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 7 წლის და 6 თვის ვადით;
7. ნ----- ა--–-----ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 6 აპრილიდან;
8. ნ----- ა--–-----ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
9. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
• ნ----- ა--–-----ის პირადი და ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული: ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები – განადგურდეს;
• ნ----- ა--–-----ის ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;
• ნ----- ა--–-----ის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები (სამი ცალი ვაზნა დაიხარჯა საექსპერტო კვლევისას, ხოლო ხუთი ცალი ვაზნა ინახება დალუქულ სპეცპაკეტში) – გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს;
• ნ----- ა--–-----ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა –გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს;
• ნ----- ა--–-----ის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი, „სამსუნგის“ და „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი – გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს;
• ნ----- ა--–-----ის პირადი და ავტოფარეხის ჩხრეკის ამსახველი ვიდეო მასალა ერთ ცალ დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ----- ა--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე