დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.11.2024
საქმის ნომერი
22აგ.-2024
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142224701686032

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №22აგ-24 ქ. თბილისი

ო. გ. 22აგ-24 22 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა განაჩენით:

1.1. გ. ო–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

1.2. გ. ო–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

1.3. გ. ო–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

1.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N......... გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N...... გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 14 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ო–ს და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის დავით ნეფარიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

2.1. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი გ. ო–ს მიმართ.

3. 2024 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ღ–მ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – ,,საქართველოს სსსკ-ის“) 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვა.

3.1. 2024 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ღ–მ და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და გ. ო–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ. ო–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობების (2024 წლის 22 და 25 იანვრის) საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც დაუშვებლად ცნო.

3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო–ს ადვოკატ მ. ღ–ს შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელი.

4. 2024 წლის 26 აპრილს მსჯავრდებულ გ. ო–ს ადვოკატმა მ. ღ–მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის (Okropiridze v. Georgia, no. 43627/16 and 71667/16) და 2023 წლის 2 ნოემბრის (Okropiridze v. Georgia, no. 53974/15) გადაწყვეტილებებსა და შუამდგომლობაზე დანართის სახით დართულ მტკიცებულებებზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის განაჩენი; გაზეთ „ბ–ს“ ჟურნალისტური გამოძიება, მთავარი რედაქტორის წერილი ......, ჟურნალის სტატია, აუდიო ჩანაწერები ი. და მ. თ–ვთან, DVD დისკზე: გ. ო–ს ბებიის ნ. დ–ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოასლი; ........ განცხადება ინფორმაციის მოწოდებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ...... წლით დათარიღებული N....... წერილი საზღვრის კვეთის არარსებობაზე; 2016 წლის 26 აპრილის N......თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი ვიდეოკამერებზე; ..... განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობას ს–ში; ....... წლის ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის ბატონ ი. ჰ–ს წერილი; ხ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის დადგენილება N..; ლომბარდის გადასახურდავებელი ჯიხურის ფოტოები; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის N.. ბრძანება, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე; გ. ო–ს შორტების და „ამოღებული“ შარვლის და მაისურის ფოტოები; დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2015 წლის 16 იანვრის N......... დასკვნა, თანდართული ფოტოებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის N........ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის N........ განაჩენები; მოწმე ნ. თ–ს ჩვენება, DVD დისკზე; მოწმე მ. ვ–ს ჩვენება, DVD დისკზე; მოწმე გ. ჩ–ს ჩვენება, DVD დისკზე; ი. ო–ს სახელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული N....... მოწმობის ასლი იარაღის შენახვა, ტარების უფლების შესახებ; ი. ო–ს სახელზე ს–ს ...... ბანკის მიერ გაცემული სამსახურებრივი მოწმობის ასლი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.01.2016 წლის განჩინება; ი. ო–სის 2016 წლის 22 იანვრით დათარიღებული განცხადება კუთვნილი ნივთების დაბრუნების თაობაზე; 2014 წლის 01 ოქტომბრის N.......... სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ...... წლით დათარიღებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ნაფიც მსაჯულთა თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების გამჟღავნებისა და სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში უკანონო ჩარევის საქმეზე; სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშიდან ამონარიდი გ. ო–ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაეფექტიან გამოძიებაზე; სასამართლო სხდომის დარბაზის ამსახველი ფოტო; თ–ში, .....ის ქუჩის კამერების ფოტოები; პირველი რადიო FM 106,4-ით გავრცელებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ი. ა–ს მეუღლის ნ. ფ–ს განცხადება; ...... წლით დათარიღებული N..... წერილზე პასუხი; საგარეო საქმეთა სამინისტროს ....... და ....... წერილები; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N.... ბრძანება სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ; ა–ს ხმის ონლაინ პორტალზე გავრცელებული ინფორმაცია გ. ო–ს დაკავების თაობაზე; ამონაწერი ბანკი „რ–დან“; ს–ს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის წერილი და ბრძანებები გ. ო–ს ნამსახურობის შესახებ; გავრცელებული ინფორმაცია თ. წ–სა და ი. შ–ს მიერ ნაფიც მსაჯულთა საიდუმლოებასთან დაკავშირებით; დისკები) მითითებით, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვა და გ. ო–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილს (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიძლება შეტანილი იქნეს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში), ასევე იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებაშიც (გასაჩივრებული განჩინება) განმარტებულია მისი გასაჩივრების წესი და ვადა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

6.1. აღნიშნული განჩინება 2024 წლის 14 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ღ–მ, რომელიც ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

6.2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 20 მაისს შემოვიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოგზავნილი გ. ო–ს საკასაციო საჩივარი (რეგისტრაციის ნომერი ....). სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულია ვადის დარღვევით, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ით დადგენილ ვადაში არის ჩაბარებული შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას (იხ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულების მომართვის წერილი; ტ. N2, ს.ფ. 199).

7. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან 2024 წლის 5 ივნისს, 2024 წლის 11 ივნისს, 2024 წლის 2 აგვისტოს, 2024 წლის 19 სექტემბერს და 2024 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა გ. ო–ს განცხადებები.

7.1. მსჯავრდებულს (მისი მომართვის პასუხად) 2024 წლის 21 ოქტომბერს ეცნობა, რომ ,,მსჯავრდებულ გ. ო–ს სასამართლო წარმოება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განსახილველად შემოვიდა 2024 წლის 24 მაისს და დაეწერა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს”. აღნიშნული წერილი გ. ო–ს ჩაბარდა 2024 წლის 28 ოქტომბერს (იხ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულების წერილი სარეგისტრაციო ნომრით: Nგ-2039-24). აღნიშნულის შემდგომ, მსჯავრდებულ გ. ო–ს არ მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.

7.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მე-9 პუნქტში მითითებული განცხადებები, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ვადადარღვევით შემოსული საპროცესო დოკუმენტები/საჩივრები. შესაბამისად, სასამართლო განიხილავს გ. ო–ს და მ. ღ–ს საკასაციო საჩივრებს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის – „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – ,,საქართველოს სსსკ-ის“) 192-ე მუხლის 11 ნაწილს (სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა).

3. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას.

4. მოცემულ შემთხვევაში კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინების გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, – არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ხოლო ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

5. კასატორები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვას, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვენ ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის (Okropiridze v. Georgia, no. 43627/16 and 71667/16) და 2023 წლის 2 ნოემბრის (Okropiridze v. Georgia, no. 53974/15) გადაწყვეტილებებზე მითითებით.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის №10აგ-24 განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო–ს ადვოკატის – მ. ღ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო–ს ადვოკატის – მ. ღ–ს შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, დარჩა უცვლელად; საკასაციო სასამართლომ კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის, განმარტა, რომ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ დაუდგენია ევროპული კონვენციის დარღვევა, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულია გ. ო–ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრისა და 2 ნოემბრის გადაწყვეტილებები, მოცემულ საქმესთან მიმართებით, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

6.1. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით, კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ევროპულმა სასამართლომ ცალკეულ პუნქტებში მიუთითა კონვენციის ან/და მისი ოქმების დარღვევაზე, საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ მართალია აღნიშნული გადაწყვეტილების სხვადასხვა პუნქტებში, მაგალითად: 90-ე პუნქტში, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა: ,,სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებები თ.ა.-ს ჩვენების ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით იყო რამდენადმე გაურკვეველი და ხარვეზიანი (იხ. 33-ე პუნქტი ზემოთ). აღნიშნული ჩვენების მტკიცებულებად მიღების და ნაფიც მსაჯულთათვის მისი ამგვარად წარდგენის მიუხედავად, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ მიუთითა ნაფიც მსაჯულებს, რომ თ. ა-ს ჩვენება მოწმის ჩვენებად არ განეხილათ. შედეგად, მან არ გააფრთხილა ნაფიცი მსაჯულები იმ ჩვენებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების შესახებ, რომელიც არ იყო დაქვემდებარებული სრულ ჯვარედინ დაკითხვას, ასევე – ამ ჩვენების მტკიცებულებად მიღებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ (იხ. საქმე Lawless v. the United Kingdom (dec.), no. 44324/11, §§ 35-36, 2012 წლის 16 ოქტომბერი; საპირისპიროდ იხ. საქმე Simon Price, ციტირებული ზემოთ, §130). სასამართლო ასევე არ არის დარწმუნებული, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო საკმარისი, რადგან მას არ ჩაუტარებია სასამართლოს პრეცედენტული სამართლით გათვალისწინებული სამეტაპიანი ანალიზი ამ საკითხზე (იხ. 42-ე პუნქტი ზემოთ)“, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ (აღნიშნული საკითხის) შეჯამებაში, მიუთითა: ,,საბოლოო ჯამში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ... მოცემულ საქმეში ნაფიც მსაჯულთა მიერ მტკიცებულებების სამართლიანად და სათანადოდ შეფასების შესაძლებლობა არ შეზღუდულა იმ სირთულეებით, რომლებიც დაკავშირებულია მომჩივნის მიერ თ.ა.-ს ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობასთან“ (პუნქტი 92).

6.2. ასევე, მათ შორის, 72-ე პუნქტში, ევროპულმა სასამართლომ, მართალია, აღნიშნა, რომ ,,სასამართლო მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების სადავო განცხადებებს შესაძლოა დაერწმუნებინა ნაფიცი მსაჯულები, რომ ხორციელდებოდა მომჩივნის სასამართლო პროცესზე მათი ქმედებების მკაცრი მონიტორინგი და შეფასება. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ნაფიც მსაჯულთა პირველ სასამართლოზე თათბირის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებების ფონზე. იმ ფაქტს, რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ არ ჩატარდა სწრაფი გამოძიება ზემოხსენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შესაძლოა გავლენა მოეხდინა ნაფიცი მსაჯულების სიმშვიდესა და დამოუკიდებლობაზე, რომლითაც მათ უნდა შეესრულებინათ თავიანთი ფუნქცია მეორე სასამართლო სხდომის დროს, თუმცა აღნიშნული საკითხის შეჯამებისას განმარტა, რომ ,,საბოლოო ჯამში, ფაქტების შეფასების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის ბრალეულობის შესახებ ვერდიქტის გამოტანისას ნაფიც მსაჯულთა მეორე სასამართლოზე გავლენა მოახდინა ცალკეული მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა. ხსენებულ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ რისკების მართვა საკმარისი იყო ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ობიექტური შიშის ან უნდობლობის გასაქარწყლებლად. შესაბამისად, სასამართლო არ ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობის არარსებობასთან მიმართებით” (პუნქტი 75) და ა.შ.

6.2.1. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საბოლოო ჯამში, არ დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა (შესაბამისად, გადასასინჯი განაჩენიც არ ეფუძნება ასეთ დარღვევას), რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

7. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2-3 პუნქტების (საქმის არსი) თანახმად, 2014 წლის 12 სექტემბერს მომჩივანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში (შემდგომში „პირველი სისხლის სამართლის საქმე“). 2014 წლის 13 სექტემბერს ის მოთავსებული იქნა წინასწარ პატიმრობაში, წინასწარი პატიმრობისთვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადით, რომელიც გადიოდა 2015 წლის 11 ივნისს; 2015 წლის 9 ივნისს მომჩივანი პატიმრობაში დატოვეს ახალი ბრალდებით ცრუ ბრალდებების გაკეთების შესახებ (შემდგომში „მეორე სისხლის სამართლის საქმე“). მე-4 პუნქტის თანახმად, მომჩივანმა გაასაჩივრა მისი წინასწარი პატიმრობა მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ამტკიცებდა რა, რომ გამოძიების ხელახალი გახსნის ერთადერთი მიზეზი, მისი დახურვიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, იყო მისი გათავისუფლების თავიდან აცილება მისი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, პირველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობის პერიოდი, რომლის ბრძანებაც გაიცა მეორე სისხლის სამართლის საქმეში, აჭარბებდა ასეთი პატიმრობისთვის კანონით დადგენილ მაქსიმალურ ცხრათვიან ვადას, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და კონსტიტუციის მე-18 მუხლით. 2015 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მომჩივნის წინასწარი პატიმრობის შესახებ.

7.1. საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობა 2015 წლის 11 ივნისიდან 26 დეკემბრამდე არღვევდა კონვენციის მე-5(1) მუხლს, ვინაიდან ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ისე, რომ ვერ იცავდნენ მას თვითნებობისგან.

7.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კვლავაც ( ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის №10აგ-24 განჩინებაში) აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულია გ. ო–ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც, მოცემულ საქმესთან მიმართებით, იგი არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

8. ამდენად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს, კასატორების მიერ ზემოთ მითითებულ არც ერთ გადაწყვეტილებაში, არ დაუდგენია ისეთი დარღვევა, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მისცემს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების ფარგლებში კასატორის მიერ მოთხოვნილი განაჩენების გადასინჯვის შესაძლებლობას.

8.1. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასინჯვისათვის სავალდებულოა კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა: 1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; 2. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა; 3. დარღვევა დადგენილი უნდა იყოს იმ საქმეზე, რომელზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვასაც ითხოვს კასატორი; 4. გადასასინჯი განაჩენი უნდა ემყარებოდეს „ამ დარღვევას“.

8.2. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, რადგან ევროპული სასამართლო ერთ შემთხვევაში (2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებაში) მსჯელობის ნაწილში უთითებს სამართალწარმოებისას არსებულ ხარვეზებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ადგენს ევროპული კონვენციის ან მისი რომელიმე ოქმის დარღვევას, ხოლო მეორე შემთხვევაში (2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება) – ევროპულმა სასამართლომ, მართალია, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, მაგრამ 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულია გ. ო–ს მიმართ სხვა (მეორე) სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად, გადასასინჯი განაჩენი არ ეყრდნობა ამ დარღვევას.

9. კასატორები საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით განაჩენის გადასინჯვის საფუძველად, ასევე უთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბერის განჩინებას, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9-10 პუნქტებს და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პუნქტებით მოცემულია კანონის ახალი განმარტება, სადაც მოსამართლეს სავალდებულო წესით დაევალა ვერდიქტის გაუქმება, როცა საქმეში არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლომ, გ. ო–ს საქმეში, სადაც არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოსამართლე დაავალდებულა, გააუქმოს ვერდიქტი.

9.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ისევე როგორც ზემოაღნიშნულ ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის და 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილებასთან მიმართებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე იმსჯელა 2024 წლის 28 მარტის №10აგ-24 განჩინებაში და განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით (გ. ო–ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გ. ო–ს კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად, ხოლო ადვოკატის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-9 და მე-10 პუნქტებით საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ განმარტა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები.

9.2. საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის №10აგ-24 განჩინებაში) ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის №47აგ-19 და 2020 წლის 12 ივნისის №46აგ-19 განჩინებებზე და მიუთითა, რომ ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე (ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაზე) სასამართლომ უკვე იმსჯელა აღნიშნული საქმეების ფარგლებში, იმავე გარემოებებზე განმეორებით მსჯელობის საჭიროება არ არსებობს.

9.3. უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ პუნქტებში საუბარია სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე, რომ შესაბამისი შემთხვევების არსებობისას (კერძოდ, მაშინ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა), მიიღოს ვერდიქტის გაუქმების გადაწყვეტილება და არ შეიცავს მითითებას (დავალებას, როგორც ამას კასატორი უთითებს) ვერდიქტის უპირობო გაუქმების შესახებ.

9.4. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

10. კასატორები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვას ითხოვენ, ასევე, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ არგუმენტაციით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში, ერთ-ერთი მსაჯული გ. ხ–ი იყო პოლიციელი, რაც შეუთავსებელია ნაფიცი მსაჯულობისათვის.

10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა 2020 წლის 11 ივნისის №47აგ-19 განჩინებაში და მიუთითა: საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცალსახად ირკვევა, რომ გ. ხ–ს შევსებულ კითხვარში მითითებული აქვს, რომ არის ...ს საელჩოს დაცვის თანამშრომელი და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპზე მის მიმართ მხარეებს დასაბუთებული აცილების შუამდგომლობა არ დაუყენებიათ; ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის წერილი, რომლის მიხედვითაც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N... ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შესაბამისი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების დაცვას. იმავდროულად, აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ...-ს საელჩოს შორის არსებობდა შესაბამისი ხელშეკრულება ან სახელმწიფო შეკვეთა, რომლის საფუძველზეც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებდა ...-ს საელჩოს დაცვას. აგრეთვე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ნაფიცი მსაჯული გ. ხ–ი იყო დაცვის პოლიციის თანამშრომელი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნია პოლიციელის სტატუსი.

10.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს (პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი) და მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის მიმართვა (რომლითაც დასტურდება, რომ 2015 წელს განხილულ გ. ო–სის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილულ საქმეში, მსაჯულთა შემადგენლობაში ერთი პირი იყო ....-ს საელჩოს დაცვის თანამშრომელი; ტ. N2; ს.ფ. 276) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ი. ქ–ს წერილები (მოქალაქე ა. გ–ს ს–ში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან მიმართებით ეცნობა, რომ – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 23 მარტის N... ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შესაბამისი ხელშეკრულების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების დაცვას; ტ. N2; ს.ფ. 277-278), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N... ბრძანება სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, არ ადასტურებს/არ არის საკმარისი, კასატორის პოზიციის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული მსაჯული იყო პოლიციელი. კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული შესაბამისი ორგანოს/უფლებამოსილი პირის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კასატორის მიერ მითითებული პირი, გ. ო–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულის სახით მონაწილეობისას იყო პოლიციელი.

10.3. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ვინაიდან სისხლის სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება შეჯიბრებითობის საფუძველზე (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი), ამ ნაწილში (კითხვარების გამოთხოვა) კასატორის მოთხოვა უსაფუძვლოა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებულ ნაფიც მსაჯულთა შესარჩევ სხდომაზე კასატორი წარმოდგენილი იყო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ და ჰქონდა კითხვარების, როგორც გაცნობის, ასევე ნაფიც მსაჯულების აცილების (მათ შორის, დაუსაბუთებელი აცილების (რაც ექვემდებარება დაუყონებლივ დაკმაყოფილებას)) დაყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

11. კასატორები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვას ითხოვენ, ასევე, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ არგუმენტაციით, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია ახალი მტკიცებულებები, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და ამტკიცებენ მსჯავრდებულის უდანაშაულობას, მათ შორის:

12. ბრალდების მოწმე ნ. ა–ს, მისი ოჯახის წევრებისა და გამომძიებლების მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული აუდიო ჩანაწერები და კრებსები არის ფალსიფიცირებული – ადასტურებს: ჟურნალ ,,ნ–ს“ და „ბ–ს“ ჟურნალისტური გამოძიება, მთავარი რედაქტორის 2017 წლის 9 ივნისის წერილი, ჟურნალის სტატია, აუდიო ჩანაწერები ი. და მ. თ–თან , DVD დისკზე;

12.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 11 ივნისის №47აგ-19 განჩინებაში გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია, რომ ,,ინტერნეტგვერდზე განთავსებული ინფორმაციაც ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან უცნობია, რა წყაროებს ეყრდნობა იგი, რაც საეჭვოს ხდის მის სანდოობასა და ავთენტიკურობას და ვერ გადაწონის სასამართლოში კანონის დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ხოლო გაზეთ ,,ბ–ს“ მთავარი რედაქტორის – ე. თ–ს მიერ CD დისკზე ჩაწერილი მ. თ–სთან სატელეფონო საუბარის შესწავლის შედეგადაც არ გამოვლენილა ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ ან ,,ზ“ ქვეპუნქტებით შუამდგომლობის დაშვების საფუძველი გახდებოდა.

13. რაც შეეხება, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 7 ივნისის N........ წერილს, მოწმეების – ნ. თ–ს, მ. ვ–ს, გ. ჩ–ს ჩვენებებს, მსჯავრდებულ გ. ო–ს მიმართ დადგენილ გამამართლებელ განაჩენებს, რომლითაც დასტურდება მოწმე ნ. ა–ს ცრუ ჩვენება, 2014 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, გ. ო–ს შორტების და „ამოღებული“ შარვლის და მაისურის ფოტოებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულს რეალურად 2 სექტემბერს ეცვა შორტი და არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა იმ შარვალთან, რომელზეც საქმის ფარგლებში ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ნ. დ–ს პასპორტს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ ეხება მოცემულ საქმეზე გ. ო–ს ბრალეულობის საკითხს და შესაბამისად არ წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვისთვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ გარემოებებს. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ მიცემული ჩვენებების ურთიერთთავსებადობის და წინააღმდეგობრიობის საკითხი განხილული უნდა იქნეს არსებითი განხილვის და სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო წესით განაჩენის განხილვისას. საქართველოს სსსკ-ის იმპერატიული ხასიათიდან და საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას.

13.1. იმავდროულად, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 12 ივნისის №46აგ-19 განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება გ. ო–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად. ამ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ, მათ შორის ისიც, განმარტა, რომ:

13.1.1. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენის გადასინჯვისთვის სავალდებულოა, რომ მტკიცებულების სიყალბე (მოცემულ შემთხვევაში – მოწმის ჩვენების) დადგენილი იყოს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (რომელიც ადგენს შესაბამისი მტკიცებულების სიყალბეს) და, იმავდროულად, ასეთი განაჩენის არსებობის შემთხვევაშიც კი, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ყალბად მიჩნეული მტკიცებულება საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამდენად, საქართველოს სსსკ 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ მტკიცებულების სიყალბის დადგენის წესს, რომელსაც ემყარება გადასასინჯი განაჩენი. იმავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან გ. ო–ს მიერ არ იყო წარმოდგენილი სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მის მიერ მითითებული რომელიმე მოწმის ჩვენების სიყალბე, არ არსებობდა განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველი; ევროკავშირის ელჩის წერილი, ჟურნალისტური გამოძიების მასალები და საქმეზე დართული ყველა სხვა ინფორმაცია არ წარმოადგენდა განაჩენის ამ საფუძვლით გადასინჯვის ლეგიტიმურ საფუძველს.

14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 2 მაისის განჩინებაში (გასაჩივრებული გადაწყვეტილება) ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ: მსჯავრდებულ გ. ო–სა და მის ინტერესების დამცელი ადვოკატის თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 22 და 25 იანვარს წარმოდგენილი შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, თითქმის იდენტურია დაცვის მხარის მიერ 2024 წლის 26 აპრილის შუამდგომლობისა. სასამართლომ გაითვალისწინა 2024 წლის 22 და 25 იანვრის შუამდგომლობებზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებაც და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაც, სადაც სასამართლომ შეაჯამა სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (2024 წლის 22 და 25 იანვრის შუამდგომლობები), შეაფასა საქმის გარემოებები და დაუშვებლად სცნო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.

14.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ (2024 წლის 5 თებერვლის განჩინება) და ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (2024 წლის 28 მარტის განჩინება) უკვე იმსჯელა და მოცემული განჩინებებით გ. ო–ს მიერ მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გასცა, ხოლო რაიმე ახალი გარემოება მის ადვოკატს არ წარმოუდგენია (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განჩინება, საქმე N10აგ-24).

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

15.1. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გ. ო–ს ადვოკატის იგივე საფუძვლით და იგივე გარემოებებზე დამყარებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №47აგ-19, №46აგ-19 და №10აგ-24). კასატორი არ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ განჩინებებში განხილულისგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმეორებით აღარ შეაფასებს წინამდებარე საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებს, რომლებიც შეფასებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გ. ო–ს მიმართ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობების დასაშვებობის შემოწმებისას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ გ. ო–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

17. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასებისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და დადგენა არ არის საჭირო და ამ შემთხვევაში არ არსებობს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

18. საკსაციო სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 304-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას შეუძლია განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას) მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინამდებარე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ო–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე