დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.11.2024
საქმის ნომერი
2კ-160-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№160I-24 თბილისი

ჰ-ი ჰ., 160I-24 26 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ჰ-ის --- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ-ის ფ-ი რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

ჰ. ჰ-ის ექსტრადიცია მოთხოვნილია მის მიმართ ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის №-- დაკავების შესახებ განჩინებაში, ბ-ს პროკურატურის 2024 წლის 20 მარტის №-- საბრალდებო დასკვნასა და ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის №-- განაჩენში მითითებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

2. 2024 წლის 22 იანვარს ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს ---განაჩენით ჰ. ჰ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე; ჯანმრთელობის დაზიანება; საგზაო მოძრაობის სახიფათო დაბრკოლება) ჩადენისათვის. იმავე განაჩენით ჰ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, აღნიშნული დანაშაულებისათვის მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 3, 5 და ასევე – 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

3. 2024 წლის 23 იანვარს ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემული ჰ. ჰ-ის №-- დაკავების შესახებ განჩინების თანახმად, მას ბრალი ედება გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტით და გ-ის ფ-ი რესპუბლიკის იარაღის შესახებ აქტის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება) ჩადენაში, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 10 და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4. 2024 წლის 20 მარტს ბ-ს პროკურატურის მიერ გამოცემული ჰ. ჰ-ის №-- საბრალდებო დასკვნის თანახმად, მას ბრალი ედება გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით, 69a მუხლით და გ-ის ფ-ი რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის აქტის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ავტომობილის მართვა მართვის მოწმობის გარეშე) ჩადენაში, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით.

5. 2024 წლის 13 მარტიდან ჰ. ჰ-ი გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

6. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2024 წლის 23 იანვრის დაკავების ბრძანების მიხედვით:

2024 წლის 19 იანვარს გ-ის ფ-ი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰ. ჰ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელსაც ატარებდა უკანონოდ, ფეხში დაჭრა რენდი ჯუმანდე. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ფეხის ძვლის მოტეხილობა და ჯანმრთელობის სახიფათო დაზიანება.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2024 წლის 22 იანვრის განაჩენის თანახმად:

2023 წლის 20 აპრილს გ-ის ფ-ი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰ. ჰ-მა დაუდევრობით გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა 265 ევროს მატერიალური ზიანი, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.

მანვე 2023 წლის 28 აპრილს გ-ის ფ-ი რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხეულის დაზიანება მიაყენა დაზარალებულ პირს – ბ-ს, კერძოდ, ჰ. ჰ-ის მიერ სახეში დარტყმის შედეგად დაზარალებული დაეცა მიწაზე და მიიღო თავის ქალის პერიორბიტალური დაჟეჟილობა, დაჟეჟილობა მენჯის არეში, ასევე – ნაკაწრები იდაყვის არეში.

2023 წლის 29 აპრილს გ-ის ფ-ი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჰ. ჰ-მა წინარე ინციდენტში მონაწილე პირის შეჩერების მიზნით, ავტომობილი, რომელსაც თვითონ მართავდა, დააჯახა ავტომობილს, რომელსაც მართავდა დაზარალებული. აღნიშნული ქმედებით გამოწვეულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 2600 ევრო.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2024 წლის 20 მარტის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

2023 წლის 16 დეკემბერს ჰ. ჰ-ი მართავდა ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა.

7. მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შუამდგომლობის მე-8, მე-9 და მე-10 პარაგრაფებში მითითებული მუხლებით. ამასთან, მითითებული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით, გარდა მოცემული შუამდგომლობის მე-10 პარაგრაფში მითითებული დანაშაულისა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნით.

8. მოცემული შუამდგომლობის მე-15 პარაგრაფში აღწერილი ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ასევე – სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

9. მოცემული შუამდგომლობის მე-17 პარაგრაფში აღწერილი ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

10. მოცემული შუამდგომლობის მე-18 პარაგრაფში აღწერილი ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

11. რაც შეეხება მოცემული შუამდგომლობის მე-16 და მე-19 პარაგრაფებში აღწერილ დანაშაულებს – ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვებას და ავტომობილის მართვას ავტომობილის მართვის მოწმობის არმქონე პირის მიერ, ისინი არ წარმოადგენს დანაშაულებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰ. ჰ-ის ექსტრადიცია გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე) და გ-ის ფ-ი რესპუბლიკის 69-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 69a-ე მუხლით და გ-ის ფ-ი რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის აქტის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ავტომობილის მართვა მართვის მოწმობის გარეშე) დაუშვებელია.

12. ამრიგად, ზემოხსენებული ქმედებები, გარდა მოცემული შუამდგომლობის 28-ე პარაგრაფში მითითებული ქმედებებისა, დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – გ-ის ფ-ი რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით.

13. 2024 წლის 20 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ჰ-ი.

14. 2024 წლის 23 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ჰ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

15. 2024 წლის 11 ივნისს და 28 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ჰ-ის ექსტრადიციის თაობაზე გ-ის ფ-ი რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

16. 2024 წლის 28 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე ჰ. ჰ-მა უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჰ. ჰ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 20 ნოემბრამდე.

18. ამჟამად ჰ. ჰ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

19. 2024 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანუკა ზაზუნაშვილმა და ითხოვა ჰ. ჰ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის №41 Ls-330 Js 101/23-15/23 განაჩენში მითითებული, გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (ჯანმრთელობის დაზიანება და საგზაო მოძრაობის სახიფათო დაბრკოლება), ასევე – ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის №-- განაჩენში მითითებული, გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე), ასევე – ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის ჰ. ჰ-ის №50 Gs 329/24 დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის, ასევე – ბ-ს პროკურატურის 2024 წლის 20 მარტის ჰ. ჰ-ის №-- საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულისათვის.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა და დასაშვებად ცნო ჰ. ჰ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის №-- განაჩენში მითითებული, გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (ჯანმრთელობის დაზიანება და საგზაო მოძრაობის სახიფათო დაბრკოლება), ასევე – ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის №-- განაჩენში მითითებული, გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე), ასევე – ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის ჰ. ჰ-ის №50 Gs 329/24 დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის, ასევე – ბ-ს პროკურატურის 2024 წლის 20 მარტის ჰ. ჰ-ის №-- საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულისათვის.

21. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ჰ-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. ჰ-ის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე; ჰ. ჰ-ი მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობისათვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებისა და სასამართლოს პირობებში.

22. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ჰ. ჰ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ჰ. ჰ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 20 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჰ-ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ჰ. ჰ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

6. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გ-ის ფ-ი რესპუბლიკა ევროპის კავშირისა და ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოა. ევროპის კავშირის წევრობისათვის კი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ გ-ის ფ-ი რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, გ-ის ფ-ი რესპუბლიკა „უსაფრთხო სახელმწიფოა“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. ჰ-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

7. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.

8. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა: ჰ. ჰ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ჰ. ჰ-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით, არამედ პირის ექსტრადიცია მოთხოვნილია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შემდგომ სამართლებრივ პროცედურებში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი გამოტანილია ჰ. ჰ-ის მონაწილეობით და მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სწორედ დაცვის მხარემ.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ჰ. ჰ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის გ-ის ფ-ი რესპუბლიკის მოქალაქე.

10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, ჰ. ჰ-ი არ სარგებლობის საერთაშორისო დაცვით საქართველოში და არ გააჩნია თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი. შესაბამისად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (Non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ჰ. ჰ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჰ. ჰ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem-ის პრინციპის დარღვევა.

12. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ჰ. ჰ-ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 10 წელი – მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია 2023-2024 წლებში, ხოლო ჰ. ჰ-ის მიმართ სისხლის სამართალწარმოება დაიწყო 2024 წელს და ამავე წლიდანაა იგი ძებნილი. შესაბამისად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. გ-ის ფ-ი რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით.

13. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ჰ. ჰ-ი არის გ-ის ფ-ი რესპუბლიკის მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. ამასთან, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა საქართველო. ასეთ ვითარებაში, ჰ. ჰ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ჰ-ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის №41 Ls-330 Js 101/23-15/23 განაჩენში მითითებული, გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (ჯანმრთელობის დაზიანება და საგზაო მოძრაობის სახიფათო დაბრკოლება), ასევე – ვალდბრიოლის მაგისტრატი (მსაჯულთა) სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის -- განაჩენში მითითებული, გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე), ასევე – ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის ჰ. ჰ-ის №-- დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებული დანაშაულებისათვის, ასევე – ბ-ს პროკურატურის 2024 წლის 20 მარტის ჰ. ჰ-ის -- საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულისათვის, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ჰ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე