ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.12.2024
საქმის ნომერი
2კ-993აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123008217906

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№993აპ-24 12 დეკემბერი, 2024 წელი

ვ-ა რ., 993აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ვ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენით რ. ვ-ა (პ-----), ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – ქურდობის მცდელობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2008 წლის 12 თებერვლის, 2015 წლის 30 სექტემბრისა და 2020 წლის 28 ივლისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გასამართლებული რ. ვ--ა 2023 წლის 13 ოქტომბერს, 06:20 საათზე, თ–ი, კ--ში მდებარე ს. გ-ის საცხოვრებელ ბინაში შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სახლში არსებულ ნივთებს, რა დროსაც იგი შეამჩნია ბინის მეპატრონე ს. გ-ემ და შეეცადა შეჩერებას, თუმცა რ. ვ--ა გაიქცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რ. ვ-ას ქმედებით ს. გ-ეს შესაძლებელია, მისდგომოდა მატერიალური ზიანი.

2. აღნიშნული ქმედებისათვის რ. ვ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და რ. ვ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 13 ოქტომბრიდან; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა რ. რ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში რ. ვ-ას გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – მსჯავრდებულ რ. ვ--ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. რ-–ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და რ. ვ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს რ. ვ-ას უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლიეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასეს ისინი საქმის გარემოებებთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, დასაშვებობის თვალსაზრისით და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე სამართლებრივად სწორად და კანონიერად გადაწყვიტეს რ. ვ-ას მსჯავრდების საკითხი. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენების დასკვნას იმის შესახებ, რომ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. გ-ის ჩვენებით (რომლის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია), ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 25 ოქტომბრის №--- დასკვნით, ექსპერტ ბ. მ-–ის, მოწმეების ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, ლაზერულ დისკზე ასახული ინფორმაციით, 2008 წლის 12 თებერვლის, 2015 წლის 30 სექტემბრის, 2015 წლის 17 დეკემბრის, 2020 წლის 28 ივლისის განაჩენებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად და ეჭვის გამომრიცხავად არის დადგენილი რ. ვ-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კასატორის არგუმენტებს, რომლებიც მოკლებულია მტკიცებით საფუძველს, პალატა ვერ გაიზიარებს.

3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის კიდევ ერთ არგუმენტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის არაობიექტურობისა და წინასწარი ჩამოყალიბებული უარყოფითი აზრის საფუძველზე საქმის განხილვის თაობაზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან და შეფასებიდან. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო განცალკევებით აფასებს სასამართლოს პირად და ობიექტურ მიუკერძოებლობას. სუბიექტური მიდგომით იგი აფასებს, იყო თუ არა მოსამართლე მიკერძოებული ან ჰქონდა თუ არა მას წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, ხოლო ობიექტური მიდგომით, ევროპული სასამართლო, მოსამართლის პირადი ქმედებისგან დამოუკიდებლად, განსაზღვრავს, არსებობს თუ არა რაიმე ფაქტი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს წარმოშობს და, ამასთანავე, ადგენს, მოსამართლემ წარმოადგინა თუ არა საკმარისი გარანტიები, რათა გამოერიცხა ყოველგვარი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (ECtHR, 15/10/2009 (GC), Micallef v. MILT, №17056/06, §74; ECtHR, 15/12/2005 (GC), Kyprianou v. CYP, №73797/01, §118). მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე ტენდენციურობის საფუძველზე მოსამართლის წინასწარ განწყობასა და არაობიექტურობაზე მიუთითებს, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მართლაც წინასწარ შექმნილი აზრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლის ქმედება განხილული უნდა იქნეს არა იზოლირებულად, არამედ მთლიანი კონტექსტით (EComHR, 21/3/1975, X v. UK, №5574/72). მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობა იგულისხმება, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები (ECtHR, 24/5/1989, Hauschildt v. DEN, საჩ. №101486/83, §47; ECtHR, 1/10/1982, Piersack v. BEL, საჩ. №8692/79, §30; ECtHR, 26/10/1984, De Cubber v. BEL, საჩ. №9186/80, §25; ECtHR, 15/12/2005 (GC), Kyprianou v. CYP, საჩ. №73797/01, §119).

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ რ. ვ-ას ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

7. რ. ვ-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იდეალური ერთობლიობის პრინციპით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც უკვე მოხდილი აქვს), ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

8. რ. ვ-ას გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ასევე იდეალური ერთობლიობით განსაზღვრული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა, 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რაც დაემატა ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს). რაც შეეხება დამატებით სასჯელად დაკისრებულ ჯარიმას, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ვ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

რ. ვ-ას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილისა და მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილისა და მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და რ. ვ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარი;

3. მსჯავრდებულ რ. ვ-ას სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 13 ოქტომბრიდან;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. ვ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

5. რ. ვ-ას მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ხელის კვლებისა და სუნის ნიმუშები; ბრალდებულისაგან აღებული ნერწყვის, სუნისა და ხელის კვლების ნიმუშები – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

მ--დან და №---დან გამოთხოვილი ინფორმაცია, (გადატანილი ორ ლაზერულ დისკზე), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე