საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1309აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100124009205999

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1309აპ-24 ქ. თბილისი

ა–ი ა., 1309აპ-24 18 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივლისის განაჩენით:

ა. ა–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

ა. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა;

ა. ა–ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 25 თებერვლიდან;

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ა–მა ჩაიდინა: საბრძოლო მასალის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა) და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით; აფეთქება, ესე იგი, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü ა. ა–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანასკნელი თვეების განმავლობაში, 2024 წლის 24 თებერვლამდე დროის პერიოდში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე, მისივე საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გამოსაყენებლად ვარგის ასაფეთქებელ მოწყობილობებს, კერძოდ, ხელის მსხვრევად ყუმბარასა და „УЗРГМ-ის“ ტიპის ამფეთქ ფალიას, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. 2024 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, ა. ა–ი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ, გამოსაყენებლად ვარგის ასაფეთქებელ მოწყობილობებს, კერძოდ, ხელის მსხვრევად ყუმბარასა და „УЗРГМ-ის“ ტიპის ამფეთქ ფალიას, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

ü 2024 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 00:50 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, ა. ა–მა, შურისძიების მოტივით, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენების მიზნით, რ. ხ–სის საცხოვრებელი სახლის ეზოში ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა − ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რის შედეგადაც, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი სატრანსპორტო საშუალებები, სახლის გარე ფასადი და კარ-ფანჯრები, ასევე ეზოს საფარი, რითაც რ. ხ–ს და მის ოჯახს მიადგა − 11,788 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა.

ü მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ბ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის კუთხით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში გამართლება.

ü სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, მისი დამძიმების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. ა–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.

9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“

11. სააპელაციო სასამართლომ ა. ა–ისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის რეციდივი, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნება და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს), რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, შეეფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ა–ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კასატორს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო აქვს მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი