საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100123007644613
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1345აპ-24 2 აპრილი, 2025 წელი
შ–ნ ო. რ., №1345აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. შ. ო–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 20 ივნისს, შუადღის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ. შ. ო–იმ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (რ. შ. ო–ის მიაჩნია, რომ მის მეუღლეს არ აქვს მისთვის საყვედურის მიცემის უფლება, ამასთან მეუღლეს, როგორც ქალს, პერიოდულად უკრძალავს ტელეფონით სარგებლობას და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას), მეუღლეს – ს. კ–ას, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის, .... წელს დაბადებული ა. შ–ნ ო–ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კუთვნილი მობილური ტელეფონი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ს. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 20 ივნისს, შუადღის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ. შ. ო–იმ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (რ. შ. ო–ის მიაჩნია, რომ მის მეუღლეს არ აქვს მისთვის საყვედურის მიცემის უფლება, ამასთან მეუღლეს, როგორც ქალს, პერიოდულად უკრძალავს ტელეფონით სარგებლობას და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას), მეუღლეს – ს. კ–ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ს. კ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 20 ივნისს, შუადღის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, რ. შ. ო–იმ, მეუღლეს – ს. კ–ას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კუთვნილი მობილური ტელეფონი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ს. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა, ძალადობა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და არასრულწლოვნის თანდასწრებით, არ დადასტურდა.
2.2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ რ. შ. ო–ი მეუღლეს - ს. კ–ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2.3. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის განაჩენით, რ. შ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. შ. ო–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რ. შ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. შ. ო–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. შ. ო–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
2.4. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ და მოითხოვა რ. შ. ო–ის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2.5. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. შ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ქ. გ–მა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება.
რ. შ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
რ. შ. ო–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რ. შ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით რ. შ. ო–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. შ. ო–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
რ. შ. ო–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 22 ივნისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
ასევე გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) აეკრძალა რ. შ. ო–ის დაზარალებულთან – ს. კ–ასთან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ს. კ–ა იმყოფებოდეს; ბ) აეკრძალა რ. შ. ო–ის დაზარალებულთან – ს. კ–ასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დამცავი ორდერი გამოიცა შემცირებული სასჯელის ვადით - 2 თვით და 7 დღით.
3.2. 2024 წლის 15 ნოემბერს, მსჯავრდებულ რ. შ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ქ. გ–მა – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რ. შ. ო–ის გამტყუნების ნაწილში უკანონოა, რადგან გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, ვინაიდან არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა მისი უფლებით და არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო მათმა არასრულწლოვანმა შვილმა არ დაადასტურა მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობის ფაქტი, თავად მსჯავრდებულმა უარყო მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, თვითმხილველი მოწმე კი ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ. შ. ო–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო მტკიცებულებები, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა არის ირიბი, რაც არ არის გამყარებული პირდაპირი მტკიცებულებით. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ ს. კ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარებაზე უარის თქმის პირობებში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებად მიჩნევა არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რადგან არ ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის ცნობილი იყო ვიდეოგადაღების შესახებ, ამასთან, არ არის აღმოფხვრილი ეჭვი მის მიმართ ზეწოლის განხორციელების შესახებ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რ. შ. ო–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველით ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები და განაჩენი ემყარება ვარაუდებს. მართალია, ს. კ–ამ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ უკარგავს წონას საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
5.4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 2020 წლის 13 თებერვლის N766აპ-19 განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას... ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
5.5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 განაჩენი).
5.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს რ. შ. ო–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანშაულის ჩადენის თაობაზე. მათ შორის – დანაშაულის შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ 2023 წლის 21 ივნისს დაზარალებულმა ს. კ–ამ დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება, რადგან მეუღლემ სცემა და ღამე მეზობელთან გაათენა, ხოლო ს.ა-ას ჩვენებით დგინდება, რომ ს. კ–ა და რ. შ. ო–ი არიან მისი მეზობლები. 2023 წლის 20 ივნისს, ეზოში გავიდა ნაგვის გადასაყრელად, რა დროსაც დაინახა ს. კ–ა, რომელიც ძალიან შეშინებული იყო და ტიროდა. მან ჰკითხა მიზეზი, ს–მ უპასუხა, რომ რ. შ. ო–იმ სცემა, კერძოდ, ტელეფონი სამჯერ ჩაარტყა თავში, რაც ძალიან ეტკინა. დაზარალებული შეშინებული იყო, რის გამოც შესთავაზა მასთან დარჩენა. ის ღამე, ს. კ–ამ შვილებთან ერთად მასთან გაათენა. ბავშვებიც ძალიან შეშინებულები იყვნენ, თუმცა მათთან არ უსაუბრია. მართალია, აღნიშნული მტკიცებულება დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება, რადგან არის ირიბი – ემყარება სწორედ დაზარალებულის მონათხრობს, თუმცა რ. შ. ო–ის ქმედების შედეგად მსხვერპლის ემოციურ მდგომარეობასთან მიმართებით – არის პირდაპირი ხასიათის, რაც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
5.7. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ს. კ–ას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასახავს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიც, სადაც აღნიშნულია შესამოწმებელი პირის ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2023 წლის 20 ივნისს, მეუღლემ თავის არეში ჩაარტყა მობილური ტელეფონი. საყურადღებოა, რომ ს. კ–ა შემოწმების დროსაც უჩიოდა ტკივილს შუბლთხემის არეში.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს იმის დასადგენად, რომ რამიზ შახსოინ ოღლიმ 2023 წლის 20 ივნისს ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ს. კ–ას მიმართ.
5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ს. კ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარებაზე უარის თქმის პირობებში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებად მიჩნევა არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რადგან არ ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის ცნობილი იყო ვიდეოგადაღების შესახებ – საუძველსმოკლებულია. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს არც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და არც მასზე დართული ფოტო ან ვიდეო არ დაუდია საფუძვლად რ. შ. ო–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენისათვის. აღნიშნული გამოყენებული იქნა მხოლოდ დაზარალებულზე ძალადობისა და ზეწოლის არარსებობის დასადასტურებლად, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
5.10. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, ობიექტური ტესტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს, ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის – ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დადასტურებულია. კერძოდ, 112-ში შეტყობინების აუდიოჩანაწერით, მოწმე სვეტა ახვერდოვას ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობითი ნაწილით, ასევე, თავში მობილური ტელეფონის რამდენჯერმე დარტყმის ფაქტის ობიექტურად შეფასებით, პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ რ. შ. ო–ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა ტკივილს.
5.11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. შ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე