საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2025
საქმის ნომერი
2კ-141აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100121005028830

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №141აპ-25 ქ. თბილისი

ბ-ა დ., 141აპ-25 28 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დ. ბ–ა, –დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, დ. ბ–ას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადების დღიდან – 2023 წლის 9 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენით დ. ბ–ას მსჯავრი დაედო: პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვისათვის. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული დ. ბ–ა მოთავსდა ქ. ქ–ში, ხ–ს ქუჩის №..-ში მდებარე №.. პენიტენციური დაწესებულებაში „..“ კორპუსის №.. საკანში.

2021 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 11:27 საათზე, დ. ბ–ამ ქ. ქ–ში, ხ–ს ქუჩის №..-ში მდებარე №.. პენიტენციური დაწესებულებაში „..“ კორპუსის №.. საკანში დააზიანა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაზე მიმავალი ელსადენები, რის გამოც, იგი გამოიყვანეს საკნიდან. დაახლოებით 11:45 საათზე, ამავე კორპუსის მე.. სართულის დერეფანში დ. ბ–ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა №.. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერს – კ. ა–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარეს, სახის არეში, რა დროსაც კ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული დ. ბ–ა მოთავსდა ქ. ქ–ში, ხ–ს ქუჩის №..-ში მდებარე №.. პენიტენციური დაწესებულებაში. 2021 წლის 23 თებერვალს, №.. პენიტენციური დაწესებულების „..“ კორპუსის ... სართულზე არსებულ დეესკალაციის ოთახების მიმდებარე დერეფანში, დ. ბ–ა ტანთმოსილი შარვლის მარჯვენა ჯიბეში ინახავდა აკრძალულ ნივთს – თვითნაკეთი წესით დამზადებულ ბასრი თვისებების მქონე საგანს, რომელიც, დაახლოებით 11:55 საათზე, ნებაყოფლობით წარუდგინა დაწესებულების თანამშრომლებს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ბ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ–ემ. აპელანტმა მოითხოვა დ. ბ–ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის მინიმუმის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში – უდანაშაულოდ ცნობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ბ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ–მ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს: დ. ბ–ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის მინიმუმის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში – უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; დ. ბ–ა, რომელიც უკანონოდ არის მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთით, აღნიშნულით გამოწვეული მძიმე სტრესის ფონზე, ჩავარდა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და რა ქმედებები ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში, მათ შორის, ფიზიკურად დაუპირისპირდა თუ არა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, მისთვის ბუნდოვანია; მითითებულიდან გამომდინარე, მას მართლსაწინააღმდეგო ქმედება ბრალად არ უნდა შერაცხოდა; გასაჩივრებული განაჩენი დაცვის მხარეს ასევე უსამართლოდ მიაჩნია სასჯელის ნაწილშიც, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია ზედმეტად მკაცრად, რადგან ამ ეპიზოდში მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ დ. ბ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ–ის შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასკვნას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ კ. ა–ს, მოწმეების – შ. შ–ს, ა. ხ–ს, ლ. ჩ–ს, მ. მ–ს, ნ. მ–ს, დ. თ–ს, გ. გ–ს, გ. ც–ს, ა. ზ–ს – გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის №.... დასკვნით, დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ბ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

9. დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. ბ–ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრდებაში გამართლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მან მითითებული დანაშაული ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში (პათოლოგიური აფექტი), არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ:

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი, ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

12. საქმეზე წარმოდგენილი ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, დგინდება შემდეგი: დ. ბ–ა ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, მას აღენიშნებოდა მწვავე რეაქცია სტრესზე – მწვავე კრიზისული რეაქცია (კოდი - .... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად, მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

13. მოწმის სახით დაკითხვისას, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა, ვ. ჟ–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მწვავე რეაქცია სტრესზე, უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ დ. ბ–ას, როგორც უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირს, ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და მის საქმეს გადახედავდნენ. იგი მიიჩნევდა, რომ მოლოდინები იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხოლო მას შემდეგ, რაც მას დაემსხვრა მოლოდინები, ამან გამოიწვია მასში აღელვება, სტრესი და აგრესიული რეაქცია, როგორც ნივთებზე, ასევე – ადამიანებზე. სტრესის პირობებში, იგი არასრულად აცნობიერებდა მოქმედებას, რის გამოც, მას დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ დანაშაულების ჩადენის დროს, დ. ბ–ას ბრალის გამომრიცხველი გარემოება – შეურაცხადობა არ იკვეთება, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცალსახად დადასტურებულია, რომ ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, მას დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, კერძოდ: მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მწვავე რეაქცია სტრესზე – მწვავე კრიზისული რეაქცია (კოდი - ...... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამავე დროს, ამჟამად: მსჯავრდებულს, ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში; მსჯავრდებულს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. შესაბამისად, შეზღუდული შერაცხადობა არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხავ გარემოებას. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

15. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დ. ბ–ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ბ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი