საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1299აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124009019427

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1299აპ-24 ქ. თბილისი

გ. ა. 1299აპ-24 15 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. გ–ის, – პირადი ნომერი .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..–ში მდებარე გაზგასამართსადგურზე – „ნ–ი“ – ა. გ–მა ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით – ........) ჩამსხმელ-ოპერატორს ჩაასხმევინა თხევადი გაზი. ჩასასხმელი სვეტის მონიტორზე ასახულმა ავტომობილში ჩასხმული თხევადი გაზის ოდენობამ გამოიწვია ა. გ–ის განაწყენება, რადგან თვლიდა, რომ დაფიქსირებული რაოდენობის თხევადი გაზი ავზში ვერ ჩაეტეოდა. მომსახურებით უკმაყოფილო ა. გ–მა იდაყვით ჩაამტვრია თხევადი გაზის ჩასასხმელი სვეტის მონიტორები, შემდეგ კი აფეთქების გზით სიცოცხლის მოპობით დაემუქრა გაზგასამართ სადგურზე მყოფ ი. ღ–ას და ა. გ–ს, რომლებმაც მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. გ–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. 2024 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..–ში მდებარე გაზგასამართსადგურზე – „ნ–იი“ – ა. გ–მა ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით .......) ჩამსხმელ-ოპერატორს ჩაასხმევინა თხევადი გაზი. ჩასასხმელი სვეტის მონიტორზე ასახულმა, ავტომობილში ჩასხმული თხევადი გაზის ოდენობამ გამოიწვია ა. გ–ის განაწყენება, რადგან თვლიდა, რომ დაფიქსირებული რაოდენობის თხევადი გაზი ავზში ვერ ჩაეტეოდა. მომსახურებით უკმაყოფილო ა. გ–მა ისე დატოვა გაზგასამართი სადგური, რომ არ გადაიხადა თხევადი გაზის ღირებულება, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 156 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. გ–მა ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;

1.3. 2024 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..–ში მდებარე გაზგასამართსადგურზე – „ნ–ი“ – ა. გ–მა, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ვოლვოს“ მარკის ვტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით .........), ჩამსხმელ-ოპერატორს ჩაასხმევინა თხევადი გაზი. ჩასასხმელი სვეტის მონიტორზე ასახულმა ავტომობილში ჩასხმული თხევადი გაზის ოდენობამ გამოიწვია ა. გ–ის განაწყენება, რადგან თვლიდა, რომ დაფიქსირებული რაოდენობის თხევადი გაზი ავზში ვერ ჩაეტეოდა. მომსახურებით უკმაყოფილო ა. გ–მა იდაყვით ჩაამტვრია თხევადი გაზის ჩასასხმელი სვეტის მონიტორები, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 3 997 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით ა. გ–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.4. 2024 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ში, ........ის N..-ში მდებარე გაზგასამართ სადგურზე – „ნ–ი“ – თ–ში, გ–ს ქუჩის №..–ში მდებარე ,,ნ–იის“ გაზგასამართ სადგურზე მიღებული მომსახურებით უკმაყოფილო და განაწყენებულმა ა. გ–მა, შურისძიების მოტივით, იდაყვით ჩაამტვრია ჩასასხმელი სვეტის მონიტორები, რითაც დაზარალებულს მიაყენა 3 997 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.1. აღნიშნული ქმედებით ა. გ–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენით ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 6000 ლარი;

2.2. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჯარიმა – 7000 ლარი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 21 თებერვლის 15:30 საათის ეპიზოდი) ჯარიმა – 9500 ლარი;

2.4. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 21 თებერვლის 17:00 საათის ეპიზოდი) ჯარიმა – 9500 ლარი;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 21 თებერვლის 17:00 საათის ეპიზოდისთვის) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ა. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 9500 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;

2.6. ა. გ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. აპელანტმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის მკაცრი სასჯელის, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. კასატორი ითხოვს ა. გ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5.1.პროკურორის საკასაციო საჩვარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ა. გ–მა. დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი გამკაცრება.

8. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ა. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე; ხოლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.

9.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები (12.07.24.15:10:49), წარსულში არ არის ნასამართლევი (ტ. N1; ს.ფ. 88), სრულად აანაზღაურა ზიანი (15:15:47), ასევე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის (სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2024 წლის 25 ივნისის N............ დასკვნით დაუდასტურდა შეზღუდული შერაცხადობა (ტ. N2; ს.ფ. 38-51) მხედველობაში მიღებით, ჩადენილი დანაშაულებისათვის განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – ჯარიმა.

10. მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმა – განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

12. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

13. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა) შესაბამისად, ვინაიდან ა. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, არ არსებობს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

14. სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, ,,მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე, ა. გ–ის მიმართ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე