შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1316აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100123007848908

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1316აპ-24 ქ. თბილისი

წ. გ. 1316აპ-24 20 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. წ-ს - პ/ნ 1..., - ბრალად ედებოდა:

1.1. სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

გ. წ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე დროის პერიოდში, ა-ს და გ-ს მუნიციპალიტეტებში, გ. წ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ქალი არის მამაკაცის საკუთრება, ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს“ წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ხ-ს არასრულწლოვანი შვილების: მ. , ა. და გ. წ-ების თანდასწრებით სისტემატურად, კვირაში 2-3 ჯერ, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მათ შორის. 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში, ა-ს მუნიციპალიტეტის ქ. ვ. , მ-ს ქ.-ის N-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. წ-მ მას თმა მოჰქაჩა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ტანის არეში, ასევე, 2023 წლის 27 ივნისს, ამავე საცხოვრებელი სახლის წინ ხელები გადაუგრიხა, 2023 წლის 4 მარტს გ-ს რაიონის სოფელ გ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არაერთხელ დაარტყა ხელი სახის და ტანის არეში. ამასთან, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა. სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ნ. ხ-მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, აგრეთვე მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. წ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა-ს მუნიციპალიტეტის ქ. ვ., მ-ის ქ. №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. წ-მ იმის გამო განაწყენებულმა, რომ ლ. ხ-მ არ დაუძახა შვილს, ნ. ხ-ს, ლ. ხ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სახლში გამოწვით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. წ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ა-ში, მ-ს ქუჩაზე, გ. წ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ქალი არის მამაკაცის საკუთრება, ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს“ წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ხ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელზე ხელის მოჭერით გათრევის გზით და ზურგზე მოკიდებით აიძულებდა მასთან ერთად წასულიყო.

1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. წ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ა-ში, მ-ს ქუჩაზე, გ. წ-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ქალი არის მამაკაცის საკუთრება, ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს“ წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ხ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე მკლავზე და წელის არეში მოუჭირა ხელები და კედელზე მიაჯახა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

გ. წ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ა-ში, მ-ს ქუჩაზე, გ. წ.გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ქალი არის მამაკაცის საკუთრება, ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს“ წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ხ-ს ყელის გამოჭრით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენით:

2.1. გ. წ. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. გ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 130 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.3. გ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;

2.4. გ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 120 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.5. გ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 130 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი. დანაშაულთა ერთობლიობით გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;

2.7. გ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

3. ა-ს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვს გ. წ-ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. წ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. დ-მ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ა-ს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. გ. წ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

4.2. გ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.2.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 130 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

4.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;

4.2.3. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით – 120 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

4.2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 190 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;

4.4. გ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ითხოვს გ. წ-ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. წ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. დ-ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

2.1. შესაბამისად, სასამართლო განხილვის საგანს არ წარმოადგენს გ. წ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენს ამ ნაწილში გადასინჯავს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობის ნაწილში.

2.2. შესაბამისად, დავის საგანია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობა; ასევე ჩაიდინა თუ არა გ. წ-მ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ გ. წ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ნ. ხ-მ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) გ. წ-ს წინააღმდეგ. ამასთან, ლ. მ-მ როგორც არასრულწლოვნების მ., ა. და გ---ს საპროცესო წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არასრულწლოვანმა მოწმეებმა გამოიყენეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე თავისი ახლო ნათესავის (მამის) გ. წ-ს წინააღმდეგ.

5.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სსიპ 112-ის აუდიოჩანაწერი, შემაკავებელი ორდერი) არ შეიცავენ ინფორმაციას გ. წ-ს მიერ 2022 წლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე ჩადენილი სისტემატური ცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. ვინაიდან, 2023 წლის 2 ივლისს ნ. ხ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც 2023 წლის 1 ივლისს გ. წ-მ სცადა მისი მანქანაში ძალით ჩასმა, ასევე იძალადა ფიზიკურად, რისთვისაც გ. წ. მსჯავდრებულია შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით ინფორმაციას შეიცავს ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელ ორდერშიც მითითებულია მხოლოდ 2023 წლის 1 ივლისს გ. წ-ს მიერ ყოფილი მეუღლის ნ. ხ-ს მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე. რაც შეეხება სსიპ 112-ში შესულ შეტყობინებებსა და 112-ის აუდიოჩანაწერების დათვალიერების ოქმს (ტ.2, ს.ფ. 444-446), რომელზეც უთითებს ბრალდების მხარე, N.. შეტყობინების ავტორია ლ. ხ., რომელმაც 112-ში განაცხადა, რომ 2023 წლის 1 ივლისს მიუვარდა მისი შვილის ყოფილი ქმარი (იხ.: ტ.1, ს.ფ.5) (მოცემული ეპიზოდისათვის გ. წ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), ხოლო N. შეტყობინებაში, რომლის ავტორია ნ. ხ. და განხორციელდა 2023 წლის 1 ივლისს, მითითებულია მხოლოდ პატრულის გამოძახებაზე, ხოლო მიზეზი ვერ დგინდება, რადგან კავშირი წყდება (იხ.: ტ.1, ს.ფ.2), 2023 წლის 1 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე უთითებს ასევე დაზარალებული ნ. ხ. 2023 წლის 1 ივლისის შსს ა-ს რაიონულ სამმართველოში შეტანილ განცხადებაში (იხ.: ტ,1, ს.ფ. 3).

5.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: გ. ხ. , ნ. ხ. და დ. ხ. არ არიან გ. წ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტებს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია „მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

5.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ N. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია თუ რა სახის დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა ნ. ხ-მ 2023 წლის 1 ივლისს გ. წ-ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, რომლისთვისას ასევე მსჯავრდებულია გ. წ..

5.5. სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N. დასკვნას (რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ნ. ხ-ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ. ხ-მ, ყოფილი მეუღლის გ. წ-ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა (იხ. ტ.2. ს.ფ 449-456)), თუმცა იმავდროულად ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2022 წლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე დროის პერიოდში კვირაში ორ-სამჯერ (მათ შორის 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში, 2023 წლის 27 ივნისს, 2023 წლის 4 მარტს) გ. წ. წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ხ-ს არასრულწლოვანი შვილების: მ. , ა. და გ. წ-ების თანდასწრებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე არ დასტურდება სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, შესაბამისად, მხოლოდ მოცემული ექსპერტიზის დასკვნა (რომელიც ჩატარდა 12/07/2023-16/08/2023 პერიოდში, მას შემდეგ რაც გ. წ-მ ჩაიდინა ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლისთვისაც მსჯავრდებულია) არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. წ-ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. წ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

7. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

8.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. წ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სააპელაციო სასამართლომ გ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. წ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც ნაწილობრივ აღიარა (თავი დამნაშავედ ცნო საქართელოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართელოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის), ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი ცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

9. საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთან (1 წელი თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით) მიმართებით კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

10. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

11. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

12. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის განხილვის ეტაპისათვის წარმოდგენილი არ არის ლ. ხ-ს თანხმობა გ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე. გ. წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი) არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს. შესაბამისად, გ. წ-ს დანიშნული სასჯელი – 130 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და უნდა განესაზღვროს 108 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირზე, ამნისტიის შესახებ კანონი ვრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე და არ ვრცელდება მათ შორის პირობით მსჯავრსა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გ. წ.სათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 190 საათი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (1 წელი თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 120 საათი) განსაზღვრულ სასჯელებზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. გ. წ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გ. წ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

2.2.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 130 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 108 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი;

2.2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 120 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 190 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 2 წელი;

2.4. გ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

3. გ. წ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი