საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.05.2025
საქმის ნომერი
2კ-274აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100124009703972

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №274აპ.-25 30 მაისი, 2025 წელი

დ–ი ი. №274აპ.-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. დ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა, ალკოჰოლით მთვრალმა ი. დ–მა 2024 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათზე, თ–ში, მეტროსადგურ ვ–ს შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ე. ა–ს. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ყელის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, ი. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩათვლილია პირობით და ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 10 თვე და 29 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 1 თვით განესაზღვრა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 1 თვით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა და მოითხოვა ი. დ–ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება.

ი. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ი. დ–ის მიმართ 4 თვითა და 10 დღით გამოიცა დამცავი ორდერი.

მსჯავრდებულ ი. დ–ს აეკრძალა დაზარალებულთან – ე. ა–თან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც შეიძლება ე. ა–ი იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა; ასევე აეკრძალა დაზარალებულთან - ე. ა–თან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალური ქსელის გამოყენებით.

3.2. 2025 წლის 11 მარტს, მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ს–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ი. დ–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან სახეზე იყო ყველა პირობა რათა ი. დ–ს დანიშვნოდა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ქმედების პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენა არ ზღუდავს სასამართლოს სასჯელი დანიშნოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით დადგენილი წესით. დაცვის მხარემ, ასევე მიუთითა, რომ სურს ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით, და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა გათვალისწინებითაც, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და შეცვალა ი. დ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებით გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ი. დ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, იგი არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია ზემოხსნებული მუხლის იმპერატიული კუმულაციური მოთხოვნა. თუმცა, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულ დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. გამონაკლის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების დადებისას, რაც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

5.5. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის მიღწეული არ არის საპროცესო შეთანხმება, ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდების მხარის - პროკურორ ნათია ქართველიშვილის განმარტებით, დაცვის მხარესთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლები.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე