ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100123008428888
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №195აპ-25 18 ივლისი, 2025 წელი
პ. მ., №195აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. პ. (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით, 00:05 საათზე, ქ-ში მდებარე, საცხოვრებელ სახლში, მ. პ–მა, იძალადა თავისი ოჯახის წევრების: შვილის – ბ. პ–ას და მეუღლის – ე. მ–ის მიმართ, კერძოდ, ხელი დაარტყა მხრის არეში ბ. პ–ას, ხოლო ე. მ–ეს ხელი უბიძგა გულმკერდის არეში და დააჯახა კედელს, რის შედეგადაც ბ. პ–ამ და ე. მ–ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით, 00:05 საათზე, ქ–ში, მდებარე, საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი, მ. პ. დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თავის ოჯახის წევრებს, შვილს, ბ. პ–ას და მეუღლეს, ე. მ–ეს, რომლებმაც მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენით, მ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად მ. პ–ს განესაზღვრა – 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
მ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 14 ნოემბრიდან.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. პ–სთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 15 ნოემბერს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნიკა მენთეშაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. პ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, მ. პ–სთვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ამასთან უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დანიშვნოდა განაჩენთა ერთობლიობით. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ვინაიდან მ. პ–მა დანაშაული აღიარა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულები დაიკითხნენ და გააცნობიერა, რომ მის მიმართ შესაძლოა დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, მ. პ–ს მიმართ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ, ასევე არ იმსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრზე, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლოს, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მ. პ–ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. პ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
5.3. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მ. პ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, სამივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.
5.7. როგორც საქმის მასალებით ირკვევა მ. პ–მა ბრალის წარდგენის შემდეგ გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი (ბრალდებულის 2023 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად,– ,,საქმის ამ ეტაპზე უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე და გამოვიყენებ დუმილის უფლებას“) და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, მსჯავრდებულ მ. პ–ს მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი, შასაბამისად, მის მიმართ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.8. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.10. წარმოდენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. პ–მა ახალი დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 14 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეუქმებინა მ. პ–ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გასაჩივრებული იყო სააპელაციო წესით.
5.11. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5.12. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
5.13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულთა თანხმობები, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი, ამასთან, მსჯავრდებულის პირად საქმეში განთავსებული განცხადებით ირკვევა, რომ იგი დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით აცხადებს თანხმობას. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. პ– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით;
4. მსჯავრდებულ მ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთაში ყოფნის დრო – 2023 წლის 14 ნოემბრიდან 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ. პ–ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 4 თვითა და 10 დღით (იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი) და აეკრძალოს: დაზარალებულებთან – ე. მ–ესა და ბ. პ–ასთან – ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე, მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; მათ საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებულები იმყოფებიან, ასევე, პირადად დაზარალებულებთან მიახლოება.
7. დამცავი ორდერი ძალაში შედის მ. პ–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
8. მ. პ–ს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;
9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება – სამზარეულოს დანა – განადგურდეს;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე