საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №249აპ-25 თბილისი
გ. გ., 249აპ-25 15 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-ისა და ი. თ-ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განაჩენით გ. გ-ა, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები, კერძოდ, სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარი – და გ. გ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 4 სექტემბრიდან.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. გ-ამ ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის, 2016 წლის 27 ივნისისა და 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენებით გ. გ-ას მსჯავრი დაედო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის.
· ნასამართლობის მოხსნამდე, 2023 წლის 21 აგვისტოს, 15:35 საათიდან 16:25 საათამდე პერიოდში, თ-ში, ვ-ას გამზირის N--ში მდებარე კლინიკა „მ-დან“ გ. გ-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ. შ-ის კუთვნილ, „SAMSUNG A-50“ მოდელის მობილურ ტელეფონს. რითაც დაზარალებულს მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც 2 წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი – ჩათვლილი ჰქონდა პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც 1 წელი და 8 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები, კერძოდ, სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარი – და გ. გ-ას საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 4 სექტემბრიდან.
4. მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატები – შ. ხ-ე და ი. თ-ა – საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და გ. გ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდების მხარემ არ მიიღო ზომები ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, სასამართლომ კი განაჩენში არ ასახა დაცვის მხარის პოზიციები, რითიც დაირღვა თანასწორობის პრინციპი.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა დაიშვას განსახილველად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. სუსგ: №423აპ-23, №124აპ-23, №383აპ-21) და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. გ-ას მიერ ქურდობის ჩადენა. კერძოდ:
6.1. დაზარალებულმა შ. შ-მა განმარტა, რომ დასაქმებულია ექთნის პოზიციაზე „მედისონ ჰოლდინგის“ N2 ფილიალში, რომელიც მდებარეობს ---ში. 21 აგვისტოს, დაახლოებით, 15:30-დან 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თან ჰქონდა მობილური ტელეფონი. დაარეგისტრირა პაციენტი, რომელიც შეიყვანა საპროცედურო ოთახში იმუნიზაციისთვის. პროცედურით გათვალისწინებული დრო პაციენტთან ერთად დაჰყო საპროცედური ოთახში, უკან გამოსულმა კი, ვეღარ მოიძია კუთვნილი მობილური ტელეფონი. მეორე დღეს გადაამოწმეს სამსახურში არსებული კამერები, რომლებშიც ნათლად ჩანდა მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი, კერძოდ, დაინახა პიროვნება, რომელიც შევიდა მის სამუშაო ოთახში, რომელშიც ინახებოდა მისი მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოს. დაზარალებულის განმარტებით, ფილიალში არის ორი ოთახი, ერთში განთავსებულია კომპიუტერები, სამუშაო მაგიდა და არეგისტრირებენ პაციენტებს, მეორე ოთახი კი უშუალოდ საპროცედუროა. მობილური ტელეფონი დატოვა სამუშაო მაგიდაზე და თვითონ პაციენტთან ერთად შევიდა საპროცედურო ოთახში. შემთხვევის დღეს იყო პაციენტიების სიმცირე, ვინაიდან იყო ზაფხული, სამუშაო გრაფიკიც შემცირებული იყო და 4 საათზე სრულდებოდა. იმ ოთახში უცნობი პიროვნების შესვლის და გამოსვლის შემდეგ, მის გარდა, არავინ შესულა; თავადაც სწორედ მაშინ აღმოაჩინა ტელეფონის დაკარგვის ამბავი, მანამდე კი, სანამ პაციენტს საპროცედურო ოთახში შეიყვანდა, სარგებლობდა კუთვნილი მობილური ტელეფონით. ოთახს არ აქვს სხვა კარი, მხოლოდ – ფანჯარა, რომლის მხოლოდ გადმოღებაა შესაძლებელი და არა – გაღება. იმ დროს შენობაში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ.
6.2. მოწმე თ. კ-ის ჩვენებით, 2023 წლის 22 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე. გამოჰკითხა დაზარალებული და ამოიღეს მოპარული ტელეფონის ყუთი. მოცემული საქმის ფარგლებში დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი, რომლისგან ამოიღეს შ. შ-ის კუთვნილი ტელეფონი. ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა საქმისათვის საჭირო ინფორმაცია, შემთხვევის ადგილიდან – ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დათვალიერდა მისი მონაწილეობით და შედგა შესაბამისი ოქმი, დანიშნა ექსპერტიზები. მოწმემ დაადასტურა, რომ, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ორჯერ გამოიკითხა დაზარალებული, რომელმაც წარმოადგინდა მობილური ტელეფონის ყუთი.
6.3. მოწმე შ. მ-მა სასამართლოს განუცხადა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ. გ-ას მიერ ტელეფონის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო მოწმეებმა – ს. ზ-მა და ზ. ჭ-მა – დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
6.4. 2023 წლის 22 აგვისტოს სსიპ „112-ში“ შესული №- შეტყობინების თანახმად, ინიციატორმა – შ. შ-მა – განაცხადა, რომ უცნობმა პიროვნებამ კაბინეტიდან მოჰპარა ტელეფონი.
6.5. ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 23 აგვისტოს შ. შ-ისგან ამოიღეს მოთეთრო ფერის, „SAMSUNG GALAX A50-ის“ ყუთი, რომელზეც გამოსახულია A50, ასევე მეორე გვერდზე დატანილი აქვს შტრიხკოდი, ქვემოთ კი დატანილია ციფრები: --.
6.6. კლინიკა „მ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით დადგენილია, რომ 15:56:00 საათზე, კადრში ჩნდება პიროვნება, რომელსაც აცვია მოთეთრო ფერის, მოკლემკლავიანი მაისური და მოშავო ფერის შორტი, მას გადაკიდებული აქვს მოშავო ფერის ჩანთა, აქვს მოშავო ფერის თმა და სახეზე უკეთია სათვალე. მარჯვენა ხელში, სავარაუდოდ, მოთავსებული აქვს მობილური ტელეფონი. ეს პიროვნება გადაადგილდება კამერის ხედვის მარჯვენა მხარეს, მიდის გასასვლელთან და ბრუნდება უკან, რის შემდეგაც, 15:56:18 საათზე, გადის კამერის ხედვის არეალიდან. 15:56:52 საათზე ეს პიროვნება ბრუნდება უკან და გადის კლინიკის ტერიტორიიდან, დგას კართან და საუბრობს, სავარაუდოდ, ტელეფონზე. 15:57:35 საათზე ეს პიროვნება ბრუნდება უკან, კლინიკის ტერიტორიაზე, ხოლო 15:57:39 საათზე – გადის კამერის ხედვის არეალიდან. იგი უკან ბრუნდება 16:03:52 საათზე, გადაადგილდება მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ – კამერის ხედვის მარცხენა მხარეს და 16:04:40 საათზე გადის კამერის ხედვის არეალიდან.
6.7. მეორე ვიდეოჩანაწერზე ასახულია „-“, რომელშიც 15:56:10 საათზე, კამერის ხედვის არეალში ჩნდება პირი, მას აცვია მოთეთრო ფერის, მოკლემკლავიანი მაისური, ასევე – მოშავო ფერის შორტი, გადაკიდებული აქვს მოშავო ფერის ჩანთა, აცვია რუხი ფერის სპორტული ფეხსაცმელი მოთეთრო ფერის ძირით. აღნიშნულ პირს აქვს მოშავო ფერის თმა და სახეზე უკეთია სათვალე. მას მარჯვენა ხელში მოთავსებული აქვს, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონი. ეს პიროვნება შემოდის და გადის კამერის ხედვის არეალიდან 15:56:11 საათზე, ხოლო უკან ბრუნდება 15:56:18 საათზე. ეს პიროვნება გადაადგილდება კამერის ხედვის მოპირდაპირედ და, სავარაუდოდ, საუბრობს ტელეფონზე. იგი 15:56:49 საათზე გადის კამერის ხედვის არეალიდან მარჯვენა მხარეს, უკან შემოდის 15:57:41 საათზე და გადის 15:58:04 საათზე. აღნიშნული პიროვნება პერიოდულად შემოდის და გადის კამერის ხედვის არეალში. 16:03:02 საათზე კამერის ხედვის არეალში შემოდის ზემოაღნიშნული პიროვნება, მიდის ერთ-ერთი ოთახის კართან, აღებს, 16:03:07 საათზე იხედება შიგნით, ხოლო 16:03:11 საათზე – შედის ოთახში. ეს პიროვნება ოთახიდან გამოდის 16:03:44 საათზე. მას მარჯვენა ხელში მოთავსებული აქვს გაურკვეველი საგანი და 16:03:51 საათზე გადის კამერის ხედვის არეალიდან. ოთახში ფიქსირდება მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა, ხოლო მე-3 კამერის, ე.წ „FOIE-ს“ ჩანაწერებზე, 15:41:25 საათზე კამერის ხედვის არეალში ჩნდება პირი, რომელსაც აცვია მოთეთრო ფერის, მოკლემკლავიანი მაისური, ასევე – მოშავო ფერის შორტი, მას გადაკიდებული აქვს მოშავო ფერის ჩანთა, აცვია რუხი ფერის სპორტული ფეხსაცმელი მოთეთრო ფერის ძირით, აღნიშნულ პიროვნებას აქვს მოშავო ფერის თმა და სახეზე უკეთია სათვალე. ეს პიროვნება მიდის მის წინ მყოფ ქალბატონებთან, რომელთაც ესაუბრება და ჯდება სკამზე. მას მარჯვენა ხელში მოთავსებული აქვს ტელეფონი. აღნიშნული პიროვნება დგება და გადის კამერის ხედვის არეალიდან 15:51:21 საათზე. შემდეგ, 15:51:48 საათზე, ბრუნდება კამერის ხედვის არეალში და 15:55:51 საათზე გადის კამერის ხედვის არეალიდან.
6.8. 2024 წლის 22 მარტის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის --- დასკვნის თანახმად (რომლის სისწორე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ. თ-მა), ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე, სახელწოდებებით – „---“ – დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე, სახელწოდებებით – „--“, „--“ – და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, - დაბადებულ გ. ა-ის ძე გ-ას (პ/ნ -) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
6.9. ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 25 აგვისტოს, თ-ში, --ში, შსს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-- სამმართველოს ადმიანისტრაციული შენობაში, გ. გ-ასგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, რომლის ერთი მხარე მოშავო ფერისაა, უკანა მხარეს აქვს მოთეთრო ფერის კორპუსი, რომელზეც არის წარწერა „SAMSUNG“; აღნიშნულ მხარეს აქვს მოშავო ფერის კამერა. ტელეფონს რაიმე სახის გარეგნული დაზიანება არ აღენიშნება (ოქმზე ფიქსირდება ბრალდებულის ხელმოწერა, რაიმე შენიშვნის გარეშე).
6.10. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ქ. გ-ემ დაადასტურა მის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის -- დასკვნის სისწორე, რომელის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის – „SAMSUNG-ის“ ფირმის, ,,GALAXY A50“ მოდელი - „---“, საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათ) ლარს.
6.11. გარდა ზემოჩამოთვლილისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე ბრალდებულის დაკავების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის, 2016 წლის 27 ივნისისა და 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენების ასლები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმე უ. ტ-ის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ხოლო სსსკ-ის 83-ე მუხლის მიხედვით, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომლის წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, დაცვის მხარეს ენიჭება როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე – მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, თავადაც მოეპოვებინა მტკიცებულება ამა თუ იმ სადავო საკითხზე თავისი პოზიციის დასადასტურებლად, გამოეკითხა სათანადო მოწმეები, წარმოედგინა მტკიცებულება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების ჩადენის ან რაიმე სახით საქმის შედეგით დაინტერესებასთან დაკავშირებით, რაც მას არ განუხორციელებია. ის ფაქტი, რომ ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, არ ათავისუფლებს დაცვის მხარეს სასამართლოსათვის საკუთარი პოზიციების არგუმენტირებულად წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გ. გ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მის სამუშაო ოთახს არ აქვს სხვა კარი, აქვს მხოლოდ ფანჯარა, რომლის მხოლოდ გადმოღებაა შესაძლებელი და არა – გაღება. შესაბამისად, შ. შ-ის სამუშაო ოთახში ფანჯრიდან ქურდის შეპარვის გზით, მობილური ტელეფონის ქურდობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის ეჭვი, გარდა იმისა, რომ არ გამომდინარეობს დაზარალებულის ჩვენების შინაარსიდან, არ დასტურდება რომელიმე მტკიცებულებით და მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს წარმოადგენს, რაც მიმართულია მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ.
9. პალატის შეფასებით, არ არის გამყარებული დაცვის მხარის ვერსია გ. გ-ას მიერ მეგობარი გოგონას თანდასწრებით მობილური ტელეფონის შეძენის და მისი მეგობრისთვის – დ. ნ-თვის – ჩუქების შესახებ. აღნიშნული ვერსიის გასამყარებლად არ დაკითხულან დასახელებული პირები, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტების რეალობა.
10. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ გამოძიების ეტაპზე, გ. გ-ას მხრიდან დანაშაულის საკუთარ თავზე აღების მიზეზებთან დაკავშირებით (თითქოს პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, არაერთგზის ნასამართლევს, არავინ დაუჯერებდა, რომ ტელეფონი შეიძინა და, აღიარების სანაცვლოდ, გარკვეულ შეღავათებს ჰპირდებოდნენ), რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მეტიც, არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების კანონიერებასა და სანდოობას და სასამართლოს მათი სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება პოლიციის თანამშრომელთა დაინტერესება, არაერთხელ ნასამართლევ გ. გ-აზე მოეხდინათ რაიმე სახის ზემოქმედება, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. შესაბამისად, არ არსებობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებების სანდოობასა და გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
11. მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, სასაქონლო ექსპერტიზის 2023 წლის 31 აგვისტოს -- დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, „SAMSUNG-ის“ ფირმის, „GALAXY A50“ მოდელის - „--“ მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 250 ლარს.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. გ-ამ ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმეგო მისაკუთრებისთვის. სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს (რომელშიც საკასაციო საჩივრების ანალოგიური მოტივებია გადმოცემული) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ას ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენაში.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-ისა და ი. თ-ას – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე