დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802225011688851
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№102I-25 4 აგვისტო, 2025 წელი
ბ. ა./ა., 102I-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. ბ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს, საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა./ა. ბ-ს (A. B.), – დაბადებულის ....., – მიმართ კვიპროსის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. კვიპროსის რესპუბლიკა ითხოვს ა./ა. ბ-ს ექსტრადიციას, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები ლარნაკას რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის დაკავების ორდერში მითითებული დანაშაულებისთვის, რომელიც დასჯადია კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება მძიმე დანაშაულის ჩასადენად); 255-ე და 268-ე მუხლებით (ქურდობა კომპანიის მდივნის მიერ); 297-ე, 298-ე, მე-20 მუხლებით (ფულადი სახსრების თაღლითურად დაუფლება); 331-ე, 333-ე, 335-ე, მე-20 მუხლებით (გაყალბება), 339-ე, მე-20 მუხლებით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება); ფულის გათეთრების აღკვეთისა და აღსრულების შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის კანონი, 2007 (188(I)/2007)-ის მე-3, მე-4 (1) (iii) და მე-5 მუხლებით (ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა).
1.2. 2023 წლის 20 მარტს ლარნაკას რაიონულმა სასამართლომ გასცა ა./ა. ბ-ს დაკავების ორდერი და გამოცხადდა ძებნა.
1.3. 2023 წლის 6 ივნისიდან ა./ა. ბ. იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. კვიპროსის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2011 წლის 16 მაისიდან 2013 წლის 8 თებერვლამდე, ქალაქ ლ-ში, კ-ს რესპუბლიკაში დ. ბ-მ და ა. ბ-მ მიითვისეს დაზარალებულების თ. მ-სა და ა. მ-ს კუთვნილი – 1,117,800 ევრო. კერძოდ, 2010 წელს, თ. მ. და მისი მეუღლე – ა. მ., კ-ში საინვესტიციო საქმიანობის დაწყების მიზნით, დაუკავშირდნენ ლ-ში მცხოვრებ დ. ბ-სა და ა. ბ-.ს. ბ-ებმა მათ შესთავაზეს ინვესტირება ორ მიწის ნაკვეთში ლ-ს რაიონის სოფელ კ-ში და დაჰპირდნენ, რომ მიწა გაიყოფოდა ნაკვეთებად, გაიყიდებოდა მომგებიანად და მიღებული სარგებელი განაწილდებოდა მხარეებს შორის. შეთანხმების საფუძველზე, დაარსდა კომპანია „....“, რომლის დირექტორად დაინიშნა დ. ბ., ხოლო მდივნად – ა. ბ.. კომპანიაში დაკავებული პოსტები დ. და ა. ბ-ებს აძლევდა გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, როგორც ფულად, ასევე – სამართლებრივ საკითხებზე. 2011 წლის 16 მაისიდან 2013 წლის 8 თებერვლამდე, თ. მ-მ და ა. მ-მ, ინვესტიციის მიზნით, ბ-ების მართული კომპანიის ანგარიშებსა და დ. ბ-ს პირად ანგარიშზე, ჯამურად გადარიცხეს – 1,117,800 ევრო, თუმცა ბ-ებმა, მოქმედებდნენ რა ორგანიზებული ჯგუფის სახით, ეს თანხა თვითნებურად მიითვისეს. მათ არ შეისყიდეს მიწის ნაკვეთები, არ აწარმოეს არანაირი სამშენებლო პროცესი და არც რაიმე სახის საინვესტიციო აქტივობა და გადარიცხული თანხები გამოიყენეს პირადი მიზნებისთვის.
2012 წლის ბოლოსა და 2013 წლის დასაწყისში, დაზარალებულებმა დაიწყეს გარკვევა, თუ რა შედეგი გამოიღო მათმა ინვესტიციამ. დ. და ა. ბ-ებმა მათ წარუდგინეს დოკუმენტაცია: ორი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ასლები, მიწის რეგისტრაციის ქვითრები და 2013 წლის 28 იანვრით დათარიღებული კომპანიის საბანკო ანგარიშის ამონაწერები, რომლებშიც, თითქოსდა, აისახებოდა თანხების მიზნობრივი ხარჯვა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ეს ყველა დოკუმენტი იყო სრულად გაყალბებული. მიწები, რომლებზეც, თითქოსდა, მოხდა შეთანხმება, არ იყო რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებად, ხოლო მიწის რეესტრის ქვითრები – №.... და №... – აღმოჩნდა ხელით გადაკეთებული და გამოყენებული დანაშაულის სქემისათვის.
20..-20.. წლებში დ. და ა. ბ-ები, როგორც კომპანიის დირექტორი და მდივანი, მას შემდეგ, რაც მიითვისეს 1,117,800 ევრო, შეეცადნენ ამ თანხებისთვის კანონიერი წარმოშობის მინიჭებას. ისინი იყენებდნენ კომპანიას, როგორც საფარს და მოქმედებდნენ შემდეგი სქემით: მას შემდეგ, რაც თანხები ხვდებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, კომპანია, თითქოსდა, იყენებდა ამ თანხებს კანონიერი მიზნებისთვის: ქონების შესაძენად, ისინი თანხას რიცხავდნენ სხვა კომპანიის ანგარიშზე, ან/და ანაღდებდნენ, ხოლო შემდეგ საინვესტიციო ხარჯების დასაბუთებად წარმოადგინეს ყალბი ქვითრები და ბანკის ამონაწერები. ეს მოქმედებები მიზნად ისახავდა არალეგალური გზით მოპოვებული ფულადი სახსრების რეალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ინტეგრაციას და მათი უკანონო წარმომავლობის დამალვას.
3. ა./ა. ბ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს ა./ა. ბ..
3.2. 2023 წლის 7 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე ა./ა. ბ. გათავისუფლდა დაკავებიდან.
3.3. 2023 წლის 7 დეკემბერს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით ა./ა. ბ.ს შეეფარდა გირაო – 10 000 ლარი ოდენობით და დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.
3.4. 2024 წლის 5 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო კვიპროსის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა./ა. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე, თანდართული მასალით.
4. 2025 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა:
4.1. დასაშვებად ყოფილიყო ცნობილი ა./ა. ბ-ს კვიპროსის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც აღწერილია 2023 წლის 20 მარტის ლარნაკას რაიონული სასამართლოს დაკავების ორდერში და დასჯადია:
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება მძიმე დანაშაულის ჩასადენად);
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 255-ე და 268-ე მუხლებით (ქურდობა კომპანიის მდივნის მიერ);
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 297-ე, 298-ე, მე-20 მუხლებით (ფულადი სახსრების თაღლითურად დაუფლება);
· კვიპროსის რესპუბლიკის ფულის გათეთრების აღკვეთისა და აღსრულების შესახებ კანონი, 2007 (188(I)/2007)-ის მე-3, მე-4 (1) (iii) და მე-5 მუხლებით (ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა);
4.2. დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი ა. ბ-ს კვიპროსის რესპუბლიკაში ექსტრადიცია იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2023 წლის 20 მარტის ლარნაკას რაიონული სასამართლოს დაკავების ორდერში და დასჯადია:
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 331-ე, 333-ე, 335- ე, მე-20 მუხლებით (გაყალბება);
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე, მე-20 მუხლებით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ა./ა. ბ-ს კვიპროსის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც აღწერილია 2023 წლის 20 მარტის ლარნაკას რაიონული სასამართლოს დაკავების ორდერში და დასჯადია:
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება მძიმე დანაშაულის ჩასადენად);
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 255-ე და 268-ე მუხლებით (ქურდობა კომპანიის მდივნის მიერ);
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 297-ე, 298-ე, მე-20 მუხლებით (ფულადი სახსრების თაღლითურად დაუფლება);
· კვიპროსის რესპუბლიკის ფულის გათეთრების აღკვეთისა და აღსრულების შესახებ კანონი, 2007 (188(I)/2007)-ის მე-3, მე-4 (1) (iii) და მე-5 მუხლებით (ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა);
5.2. დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ბ-ს კვიპროსის რესპუბლიკაში ექსტრადიცია იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2023 წლის 20 მარტის ლარნაკას რაიონული სასამართლოს დაკავების ორდერში და დასჯადია:
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 331-ე, 333-ე, 335- ე, მე-20 მუხლებით (გაყალბება);
· კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე, მე-20 მუხლებით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. ბ-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ, რომლებიც ითხოვს განჩინების გაუქმებასა ა./ა. ბ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ ძირითად მოტივებზე მითითებით: ა./ა. ბ. არ ყოფილა ჩართული და, შესაბამისად, არაფერი იცოდა მისი მეუღლისა და ა. მ-ს ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ისევე, როგორც კვიპოსის რესპუბლიკაში შექმნილი სამართლებრივი პრობლემების თაობაზე; ა./ა. ბ. უვლის დ. ბ-ს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მეუღლეთა განცალკევების შემთხვევაში კი, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, ისევე, როგორც ამავე კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის რისკი, რამეთუ დაზარალებულად ცნობილი ა. მ., რუს ოლიგარქებთან დაახლოებული პირია, რაც აჩენს სასამართლოს მიუკერძოიებლობასა და საქმის სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ ეჭვებს. ამავდროულად, თუკი დ. ბ-ს საქმე განიხილება საქართველოში, ხოლო ა./ა. ბ-ს – კვიპროსში, დაირღვევა პროცესის მთლიანობა და თანმიმდევრულობა; კვიპროსის სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში ა./ა. ბ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, რამეთუ ა. მე-მა შესაძლოა, ბოროტად გამოიყენოს მისი გავლენები, ხოლო პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, დარღვევა მისი ფუნდამენტური უფლებები, ვინაიდან მომთხოვნი სახელმწიფოს საპატიმროებში არ არის შექმნილი ადამიანის უფლებებისათვის დამაკმაყოფილებელი პირობები; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, ა. მ-მ სამოქალაქო დავა წამოიწყო დ. ბ-ს, მისი მეუღლისა და ქალიშვილის წინაარმდეგ, თუმცა შეუძლებელია მათ ერთი და იმავე ქმედებისათვის აგონ პასუხი, როგორც სისხლის, ასევე – სამოქალაქო სამართალწარმოების გზით; გასულია ყველა იმ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც ბრალად ედება ა./ა. ბ.ს, მათ შორის, ფულის გათეთრების ბრალდებასაც, რომელსაც არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული და, შესაბამისად, ექსტრადიცია დაუშვებელია; ექსტრადიცია ასევე არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის მიერ, წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. ბ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივრის განხილვამდე, მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული დამატებითი მტკიცებულებები, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
9. საკასაციო სასამართლოში მხარეებს დამატებით არაფერი წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ასევე – ხანდაზმულობის ვადა, რაზეც განსაკუთრებით აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში და რაზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ისევე, როგორც – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, კვიპროსის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა./ა. ბ-ს დაკავებისას და საექსტრადიციო საქმის წარმოების პერიოდში არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
5. აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. ბ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულია ექსტრადიციის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შესაძლო, ზოგად საფრთხეებზე, თუმცა გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, კვიპროსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ა./ა. ბ-ს სიცოცხლის მოსპობის ან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე და ვერც ის დგინდება, რომ ასეთი საფრთხის შემთხვევაში, კვიპროსის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.
6. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს კვიპროსის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში კვიპროსის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის კვიპროსის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან კვიპროსის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
7. კასატორის მითითებაზე, რომ ა./ა. ბ.მ არაფერი იცოდა მისი მეუღლისა და ა. მ-ს ბიზნესსაქმიანობის შესახებ და, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებებში იგი უდანაშაულოა ან, რომ მისთვის ბრალადშერაცხილ ერთ-ერთ ქმედებას არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა./ა. ბ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი ასევე არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქე. სასამართლო ითვალისწინებს ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ა./ა. ბ-სათვის ბრალადწარდგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989). მითითებულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა./ა. ბ-ს კვიპროსის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.
10. კასატორის მიერ, საჩივარში გაცხადებული კიდევ ერთი არგუმენტის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა./ა. ბ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი