საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №425აპ-25 22 ოქტომბერი, 2025 წელი
ხ. შ., №425აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ – თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ხ. ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 18 მაისს, შ. ხ-ას მიმართა ჟ. ს-ამ და სთხოვა კომპანია “ჩ. ს-თან“ მიმდინარე სამართლებრივი დავის ფარგლებში, საადვოკატო მომსახურების გაწევა. შ. ხ-ამ განიზრახა მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის, კერძოდ – ადვოკატის სტატუსის გამოყენებით, დაუფლებოდა ჟ. ს-ას კუთვნილ თანხას და დაჰპირდა საადვოკატო მომსახურების გაწევას იმ ვითარებაში, როდესაც 2022 წლის 31 მარტიდან შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, რაც, თავისი მხრივ, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 212-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობის შეჩერების საფუძველს. მიუხედავად ზემოხსენებული აკრძალვისა, შ. ხ-ამ, როგორც ადვოკატმა, დააარწმუნა ჟ. ს-ა, რომ იგი დამქირავებლის სასარგებლოდ, გაწევდა ყველა საჭირო სამართლებრივ მომსახურებას – როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართვისა და დაზარალებულისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევის ნაწილში, ისე – სამოქალაქო სარჩელის სასამართლოში შეტანისა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მხარის – ტ. ხ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, სარჩელის აღძვრის ფარგლებში. ზემოხსენებული საადვოკატო მომსახურების გაწევის საფასურად შეთანხმდა 5000 ლარი, საიდანაც ჟ. ს-ამ შ. ხ-ას ჩაურიცხა თანხის ნაწილი, კერძოდ: 2022 წლის 18 მაისს, შ. ხ-ას მითითებით, ჟ. ს-ამ ვინმე ე. ბ-ის სს “ს-ოს -ის“ ანგარიშის ნომერზე გადარიცხა 2 500 ლარი, რაც წარმოადგენდა საადვოკატო საქმიანობის საფასურის ნაწილს, ხოლო ყადაღის დადების თაობაზე სარჩელის შეტანისათვის განკუთვნილი ბაჟისა და სხვა მოსაკრებლების უზრუნველსაყოფად, საკუთარი შვილის – თ. გ-ას სს “ს-ოს -ის“ ანგარიშზე, ჩაარიცხინა 840 აშშ დოლარი და 151 ლარი. 2022 წლის მაისში, შ. ხ-ამ დაარწმუნა ჟ. ს-ა, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შესაბამისი სარჩელით, რის საფუძველზეც, ყადაღა დაედო ტ. ხ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: ქ. ბ-ში, -ის ქუჩა N--ში (კორპუსი A), 26-ე სართულზე, მდებარე ბინა N--ს, საკადასტრო კოდით: ---, რაც ასახული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. რეალურად, შ. ხ-ამ 2022 წლის 19 მაისს, 13:10:35 საათზე, მართალია, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, მოსამართლის განჩინების მიღებამდე ტ. ხ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყოველგვარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მოხოვნით, თუმცა, მას არ მიუმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სარჩელით ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე, ჟ. ს-ას სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადების მოთხოვნით. უფრო მეტიც, 2022 წლის 23 მაისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილით, შ. ხ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოებების შეჩერებაზე, ვინაიდან მას არ წარუდგენია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ყადაღის დადების თაობაზე ან ასეთი სარჩელის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც, 2022 წლის 20 მაისიდან ტ. ხ-ას კუთვნილი უძრავი ქონება გასხვისდა სხვა პირზე. მიუხედავად ზემოხსენებულისა, შ. ხ-ა არწმუნებდა ჟ. ს-ას, რომ მას ჰქონდა პერსპექტივა, აენაზღაურებინა ზიანი სამოქალაქო დავის მოგების გზით და ტ. ხ-ას კუთვნილი უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციიდან მიღებული თანხით. მხოლოდ 2022 წლის 20 აგვისტოს, სამშენებლო კომპანია “ჩ.. ს-ის“ დამფუძნებლის – ა. ხ-ის ადვოკატთან საუბრის დროს გახდა ჟ. ს-ასთვის ცნობილი, რომ ტ. ხ-ას უძრავი ქონება დაყადაღებული არ იყო, მას უძრავი ქონება საერთოდ არ გააჩნდა, რადგან ზემოხსენებული ბინა გასხვისდა. ამდენად, შ. ხ-ამ არ განახორიელა ის საადვოკატო მომსახურება, რასაც დაჰპირდა ჟ. ს-ას. მან მოიპოვა ჟ. ს-ას ნდობა, როგორც ადვოკატმა და მოტყუებით, მისი ნდობის ბოროტად გამოყენებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხებს – 2 500 ლარს, 840 აშშ დოლარსა და 151 ლარს, რაც წინასწარი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ. ხ-ას ქმედებით ჟ. ს-ას მიადგა 5117 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.3. ქ. თ-ში, ქ-ს ქუჩის N-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შპს “ა. ი-თან“ სამოქალაქო დავის წარმოების მიზნით, თ. გ-ე დაუკავშირდა ადვოკატ შ. ხ-ას, რომელიც მას დაჰპირდა შპს “ა. ი-ის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას. ადვოკატმა შ. ხ-ამ თ. გ-ეს უთხრა, რომ აღნიშნული დავისათვის სასამართლოს ბაჟის ოდენობა შეადგენდა 3000 ლარს. 2021 წლის 10 ივნისს, ქ. თ-ში, ქ-ს ქუჩის N-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, თ. გ-ემ შ. ხ-ას კუთვნილ სს “თ. ბ-ის“ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 3300 ლარი, საიდანაც 3000 ლარი გათვალისწინებული იყო ბაჟის გადახდისათვის, 300 ლარი კი შ. ხ-ას პირადი ხარჯისთვის. მიუხედავად ბაჟის თანხის ჩარიცხვისა, შ. ხ-ამ მოატყუა თ. გ-ე, რომ სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი. მანვე, დამაჯერებლობისათვის, ასევე, გადასცა 2022 წლის 12 აპრილით დათარიღებული არარსებული სარჩელის ასლი, რომელიც რეალურად არ არის დარეგისტრირებული საქალაქო სასამართლოში. აღნიშნული ქმედებით, შ. ხ-ა მოტყუებით დაეუფლა თ. გ-ის კუთვნილ 3000 ლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ. ხ-ას ქმედებით, თ. გ-ეს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.4. პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ ჟ. ს-ამ შეიცვალა გვარი და გახდა ჟ. ნ-ი. ამდენად, ჟ. ს-ა და ჟანა ნოთინგჰემი ერთი და იგივე პირია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
2.1.1. შ. ხ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ჟ. ს-ას ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2.1.2. შ. ხ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (დაზარალებულ ჟ. ს-ას ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 8000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და საადვოკატო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 წლთა და 2 თვით.
2.1.3. შ. ხ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (დაზარალებულ თ. გ-ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 1 წლითა და 8 თვით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საადვოკატო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 წლთა და 4 თვით.
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელებმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ხ-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 4 თვით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით შ. ხ-ას მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, შ. ხ-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლთა და 4 თვით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ პაპავამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა – შ. ხ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ პაპავამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა – შ. ხ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ ბრალდების ერთ ეპიზოდში (ჟ. ს-ა (ნ-ი) ეპიზოდი) არასწორად ამოურიცხა დამამძიმებელი გარემოება – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. პროკურორის მტკიცებით, მსჯავრდებული მოქმედებდა როგორც ადვოკატი და დაზარალებულების ნდობის მოპოვებას სწორედ ამ სტატუსის გამოყენებით ახერხებდა. ის გარემოება, რომ მას რეალურად შეჩერებული ჰქონდა საადვოკატო საქმიანობის უფლება, არ ცვლის ვითარებას და არ წარმოადგენს ამ დამამძიმებელი გარემოების ამორიცხვის საფუძველს. ორივე დაზარალებულისთვის ცნობილი იყო მის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელება და სწორედ საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად დაიქირავეს შ. ხ-ა. პროკურორის განმარტებით, თავად მსჯავრდებულის მტკიცებით, იგი ხსენებულ პერიოდში დაუბრკოლებლად ახორციელბდა საადვოკატო საქმიანობას, რაც ადასტურებს მის მიერ ადვოკატის სტატუსის აქტიურ გამოყენებას.
4.2. ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულს შეეფარდა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მის პიროვნებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს – ზიანს, რაც გამოიხატა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაში. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული დანაშაულისთვის მეტისმეტად მსუბუქი სასჯელის დანიშვნა მისი დაუსჯელად დატოვების ტოფასია. ამასთან, მსჯავრდებული არ აღიარებდა და არ ინანიებდა ჩადენილ ქმედებებს, არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, ხოლო მხოლოდ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა არ წარმოადგენს ჯარიმის გამოყენების საფუძველს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს შ. ხ-ას მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. გ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ასევე, სადავო არ არის დაზარალებულ ჟ. ს-ას (ნ-ს) მიმართ ანალოგიური ქმედების (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენა, თუმცა, დავის საგანს წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია დამამძიმებელი გარემოების – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების – გარეშე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი არგუმენტების კვალდაკვალ, შეაფასებს ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციიდან (ჟ. ს-ას (ნ-ის) ეპიზოდი) ხსენებული დამამძიმებელი გარემოების ამორიცხვის სისწორეს, აგრეთვე, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას შ. ხ-ას მიერ ჟ. ს-ას (ნ-ის) მიმართ თაღლითობის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენის შესახებ და აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხადრი კვალიფიკაციის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად დაკვალიფიცირდა, კერძოდ:
5.4. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს: იმისთვის, რომ პირს მსჯავრად შეერაცხოს დანაშაულის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენა, აუცილებელია შემდეგი ორი წინაპირობის კუმულაციურად არსებობა: 1. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ პირს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს საჯარო ან კერძო სექტორში ეკავა რაიმე თანამდებობა/ახორციელბდა კონკრეტულ საქმიანობას; 2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ აღნიშნულმა პირმა დანაშაულის ჩასადენად სწორედ მისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა. ამდენად, ხსენებული დამამძიმებელი გარემოებით ქმედების კვალიფიკაციის მიზნებისთვის, აუცილებელია, პირს ობიექტურად ეკავოს კონკრეტული თანამდებობა/ასრულებდეს კონკრეტულ საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია პირს მსჯავრად შეერაცხოს იმ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რომელიც ობიექტურად არ არსებობს.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს განსახილევლ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, სსიპ – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წერილებით დასტურდება, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღამსრულებელი საბჭოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 213-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (თუ არ იხდის საწევრო გადასახადს) თანახმად, შ. ხ-ას შეუწყდა ასოციაციის წევრობა. 2021 წლის 18 თებერვალს, საწევრო დავალიანების გადახდის საფუძველზე, აღუდგა ასოციაციის წევრობა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღამსრულებელი საბჭოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 213-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (თუ არ იხდის საწევრო გადასახადს) თანახმად, მას კვლავ შეუწყდა ასოციაციის წევრობა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღამსრულებელი საბჭოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, იგი ხელახლა გაწევრიანდა ასიციაციაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღამსრულებელი საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 213-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის) თანახმად, შ. ხ-ას შეუწყდა ასოციაციის წევრობა.
5.6. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროისთვის – 2022 წლის მაისში, შ. ხ-ას არათუ შეჩერებული (როგორც ამას ბრალდების მხარე აღნიშნავს), არამედ შეწყვეტილი ჰქონდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. სასამართლო ითვალისწინებს, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. შესაბამისად, ვინაიდან ქმედების ჩადენის დროისათვის, შ. ხ-ას შეწყვეტილი ჰქონდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, მას არ გააჩნდა ადვოკატის სტატუსი, რის გამოც, სამართლებრივად შეუძლებელია მსჯავრად შეერაცხოს დამამძიმებელი გარემოება – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. ის ფაქტი, რომ მიუხედავად ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტისა (რაც საქმის მასალების თანახმად, მისთვის ცნობილი იყო), მსჯავრდებული მოქმედებდა, როგორც ადვოკატი, ამ გზით ახერხებდა დაზარალებულთა ნდობის მოპოვებას და იყენებდა ადვოკატის არარსებულ სტატუსს, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციული შემადგენლობის ნიშნის – მოტყუების გამოვლინებას (რადგან მან საკუთარი თავი მოქმედ ადვოკატად წარმოაჩინა და დაზარალებულებს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია მის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე) და არა – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას. ამ დამამძიმებელი გარემოებით ქმედების კვალიფიკაციაზე ვერც დაზარალებულთა სუბიექტური აღქმა იქონიებს გავლენას.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის ქმედების (ჟ. ს-ას (ნ-ის) ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის შესახებ.
5.8. რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
5.9. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.10. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). ამასთან, ვერც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება გამოდგება უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძვლად.
5.11. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ხ-ას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.
5.14. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება, ისევე როგორც დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მასთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, საწინააღმდეგო მოცემულობა კი არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ – თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე