საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.10.2025
საქმის ნომერი
2კ-531აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100122006484158

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №531აპ-25 21 ოქტომბერი, 2025 წელი

ა. ი., №531აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. შ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ა– ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 12 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ი. ა– ოჯახის წევრზე – მეუღლე ტ. ლ–ზე სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ: 2022 წლის 12 ოქტომბერს, ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ ხელის სახის არეში დარტყმით იძალადა თავის ოჯახის წევრზე მეუღლე – ტ. ლ–ზე. 2022 წლის 14 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა თავის ოჯახის წევრზე მეუღლე – ტ. ლ–ზე. 2022 წლის 16 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ მობილური ტელეფონის სახის არეში დარტყმით იძალადა თავის ოჯახის წევრზე მეუღლე – ტ. ლ–ზე. 2022 წლის 17 ოქტომბერს მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ ხელების ყელის არეში მოჭერით და ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა თავის ოჯახის წევრზე მეუღლე – ტ. ლ–ზე. აღნიშნულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ტ. ლ–ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ი. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ – საერთო წონით 0,002 გრამს, რაც ამოღებულ იქნა 2022 წლის 17 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ა–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

ი. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“ – საერთო წონით 3,45 გრამს, რაც ამოღებულ იქნა 2022 წლის 17 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ა–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2022 წელს (ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია) ი. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ს–ს სასაზღვრო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, სათანადო პროცედურების გავლისა და ნებართვის გარეშე, თ–ს რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული იქნა ი. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 17 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ ხელების ყელის არეში მოჭერით და ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა თავის ოჯახის წევრზე მეუღლე ტ. ლ–ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ი. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ – საერთო წონით 0,002 გრამს, რაც ამოღებულ იქნა 2022 წლის 17 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ა–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

ი. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“ – საერთო წონით 3,45 გრამს, რაც ამოღებულ იქნა 2022 წლის 17 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ა–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2022 წელს (ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია) ი. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, სათანადო პროცედურების გავლისა და ნებართვის გარეშე, თ–ს რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით, ი. ა–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.

ი. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 9 თვით.

ი. ა– ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით.

ი. ა– ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ი. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 17 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ ი. ა–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა ი. ა–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი კვალიფიკაციით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. შ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ი. ა–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

ი. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.

ი. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით. ი. ა. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

ი. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით. ი. ა. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ი. ა–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

ი. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ი. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 17 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ ი. ა–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

3.2. 2025 წლის 7 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა ი. ა–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი კვალიფიკაციით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3.3. 2025 წლის 12 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ასევე მომართა მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. შ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. განაჩენი ემყარება იმ სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. საქმის განხილვის დროს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, რომ ი. ა–მ ჩაიდინა მისთვის მსჯავრდაშერაცხილი დანაშაულები. შესაბამისად, ეჭვი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მის სასარგებლოდ. ამასთან, იმის გამო, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ვერ იქნა დადგენილი, რომ ი. ა–მ იძალადა დაზარალებულზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაც შეეხება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა-შენახვას, დაცვის მხარის პოზიციით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მათი ი. ა–სადმი კუთვნილება. საზღვრის კვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ ი. ა–მ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2015 წლის აგვისტოში კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, თუმცა ელექტრონულ ბაზაში რატომ არ იქნა ასახული აღნიშნული მისთვის უცნობია, რაც ასევე უნდა გადაწყდეს ი. ა–ს სასარგებლოდ. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში ექვსი წელია. 2015 წლის შემდეგ მითითებული ვადა 2021 წელს ამოიწურა, მაშინ როცა განსახილველ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 2022 წელს დაიწყო. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვს 2023 წლის 22 ივნისს წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვას.

4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია დასკვნისათვის, რომ ი. ა. სისტემატურად ძალადობდა ტ. ლ–ზე. შესაბამისად, განაჩენი ი. ა–ს ქმედების საქართველის სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა. ამასთან, დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, საშიშროებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის გამართლება/გამტყუნებას ან კვალიფიკაციის შეცვლას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ვერ უთითებენ სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელ გარემოებებზე.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.4. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი. ა–ს ბრალად ედება 2022 წლის 12 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის (12, 14, 16 და 17 ოქტომბერს) ჩათვლით თავის ოჯახის წევრზე ტ. ლ–ზე სისტემატური ძალადობდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

5.5. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ ქმედების სისტემატურობის – 12, 14, 16 ოქტომბრის ძალადობრივი ფაქტების დასადასტურებლად, წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ტ. ლ–ის გამოკითხვის ოქმი, რასაც სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს, ვინაიდან დაზარალებულმა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის – მეუღლის წინააღმდეგ.

5.6. ამასთან, საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.7. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა – ტ. ლ–მა – სასამართლოში ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის – ი. ა–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც, შეუძლებელია მისი გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია 2022 წლის 17 ოქტომბერს ი. ა–ს მიერ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად. კერძოდ, ამ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლომ უშუალოდ მოუსმინა პოლიციის თანამშორომლებს ი. შ-სა და თ. ნ-ს, რომლებმაც შემთხვევიდან მალევე იხილეს აღელვებული დაზარალებული, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები წარბის არეში, ყელის არეში ჰქონდა სილურჯე და განმარტავდა, რომ ისინი მისმა მეუღლემ ი. ა–მ მიაყენა. მათი ჩვენებები კი გამყარებულია თავად დაზარალებულის N........... შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულ მტკიცებულებებში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ დაზარალებული დაზიანების მიმყენებლად ი. ა–ს ასახელებს. ის ფაქტი, რომ ძალადობის შედეგად დაზიანება მიიღო ტ. ლ–მა დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N.......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით რომლის თანახმად, ტ. ლ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა ნასკდომი, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

5.8. ამასთან, მართალია, ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარის გამო, სასამართლოსთვის უცნობია მისი განმარტება ძალადობის შედეგად განცდილ ფიზიკურ ტკივილთან მიმართებით, თუმცა ამგვარ მოცემულობაში, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, რადგან „ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის – ფიზიკური ტკივილის – განცდის დადგენა შესაძლებელია, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე – საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №443აპ-20 განაჩენი).

5.9. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის სხეულზე არსებული ნასკდომის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ძალადობისას ტ. ლ–მა განიცადა ტკივილი.

5.10. შესაბამისად, საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.11. რაც შეეხება ი. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას, საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას.

5.12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამხვილებს, რომ დაცვის მხარის მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს 2022 წლის 17 ოქტომბერს ბ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ა–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების ამოღების ფაქტი, სადავაო მათი მსჯავრდებულისადმი კუთვნილება. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით კი, დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ი. ა–მ სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა კანონირად 2015 წელს, თუმცა ელექტრონული სისტემის (რომლითაც ფიქსირდება მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტები) ხარვეზის გამო არ მოხდა აღნიშნულის დაფიქსირება.

5.13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით დაცვის მხარის ვერსია კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა (2022 წლის 17 ოქტომბერის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N.... დასკვნა, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების უფროსის 2022 წლის 17 ოქტომბრის N .......... წერილი, მოწმეების: ლ. მ–ს, ი. შ–ს, ი. ჭ–ს, თ. ქ–ს, ა. ც–ს, თ. ნ–ს ჩვენებები) ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

5.14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. ამდენად, სწორედ მხარე მოიპოვებს მტკიცებულებებს და განსაზღვრავს რა არის მნიშვნელოვანი მისი პოზიციის დასადასტურებლად. მტკიცებულებათა მოპოვება მთლიანად მხარეზეა დამოკიდებული.

5.15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში წარმოედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, ასევე თანაბარ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

5.16. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ დამატებითი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობით დადგინა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, შუამდგომლობის ეტაპეზე (იხ. სხდომის ოქმი 15.05.2024 წელი) მხარეებს არ დაუყენებიათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე სახის შუამდგომლობა. ამასთან, შესავალი სიტყვების დასრულების შემდეგ (იხ.სხდომის ოქმი 20.11.2024 წელი) სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკველული მტკიცებულებები მიიჩნეოდა გამოკვეულად, რა დროსაც მხარეებს დამატებითი განმარტებები არ წარუდგენიათ. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა უსაუძვლოა და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.17. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის დამძიმებას საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ი. ა–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ი. ა–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

5.19. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.20. საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.22. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. შ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე