საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100122006479011
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N852აპ-25 23 დეკემბერი, 2025 წელი
პ. ა., №852აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. პ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. პ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ა. პ–მა, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, სახეში ხელი ერთხელ დაარტყა ზ. ბ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, ა. პ–მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, 9X18 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბარძაყის მიდამოში განზრახ სროლის შედეგად, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ზ. ბ–ს.
1.4. ა. პ–მა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2022 წლის 22 სექტემბრამდე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, 9X18 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს – პისტოლეტს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (ვაზნას).
1.5. 2022 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, შიდა სასოფლო გზაზე, ა. პ–ი პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ, 9X18 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს – პისტოლეტს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (ვაზნას).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ა. პ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
ა. პ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. პ–ს, სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. პ–მა და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი შიოშვილმა და მოითხოვა რეციდივის გათვალისწინებით, ა. პ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება.
ა. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 2024 წლის 17 სექტემბრის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
3.2. 2025 წლის 31 ივლისს, მსჯავრდებულმა ა. პ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. მსჯავრდებულ ა. პ–ის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და მიკერძოებულია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. პ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. პ–ის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ზ. ბ–ის ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მან ერთმნიშვნელოვნად მიუთითა 2022 წლის 22 სექტემბერს მომხდარი ფაქტები, კერძოდ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღით მისი ჯანმრთელობის დაზიანება.
5.4. დაზარალებულ ზ. ბ–ის ჩვენების თანახმად, ა. პ–თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2022 წლის 22 სექტემბერს, „......ში“ მდებარე ღია სივრცეში მ. ჯ–თან, ა. პ–თან და გ. მ–თან ერთად ქეიფობდა. მისი მისვლიდან, დაახლოებით, ერთ საათში ა–მ მას უთხრა, რომ იყო ვაჭრუკანა. რის გამოც, შელაპარაკება მოუვიდათ. ა–მ ხელი დაარტყა, შემდეგ მანაც დარტყმით უპასუხა. იქ მყოფმა პირებმა ისინი გააშველეს და იგი საკუთარი ავტომობილით წავიდა სახლში. მოგვიანებით სიგარეტის საყიდლად წავიდა. გზად, ე.წ. „კოლხოზნიკით“, შეხვდა ა. პ–ი და უთხრა ჩამჯდარიყო, არ დამუქრებია. იგი ჩაჯდა ავტომობილში და წავიდნენ ისევ „......ში“. გზაში არ უსაუბრიათ. ადგილზე მისვლისას მანქანიდან გადმოვიდანენ. შემთხვევის ადგილი ტყისპირია, მინდორი, ერთი-ორი ხე თუ იქნება და წინა ადგილი განათებულია. იქ მათ გარდა არავინ იყო. უეცრად, ა. პ–მა უბიდან ამოიღო პისტოლეტი. მან მისკენ მიმართული იარაღი მანქანის ფარების შუქზე კარგად დაინახა, შეეშინდა და გაიქცა. გაირბინა დაახლოებით, 6 მეტრი, რა დროსაც ა. პ–მა, ისე რომ არაფერი უთქვამს, ერთხელ გაისროლა, ტყვია ბარძაყში მოხვდა და წაიქცა. ა–ე კი, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. თავად 300 მეტრი გაიარა და დასახმარებლად მეგობარს – გ–ი (გ–ი) გ–ს დაურეკა. მას გადაადგილება შეეძლო და თავად წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან. გ. გ–ს შეხვდა სოფელში და მან სახლში წაიყვანა, სადაც ტანსაცმელი გამოიცვალა და გიორგის თ–ში წაყვანა სთხოვა. გზად, გ. მ–ი შეხვდათ, რომელიც ძალიან მთვრალი იყო. მეუღლეს გზიდან დაურეკა და უთხრა, რომ მინაზე გაიჭრა ფეხი, რადგან არ უნდოდა რომ შეშინებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება თ–ში სახლში მისვლის შემდეგ გამოიძახა მისმა მეუღლემ.
5.5. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს მოწმეების: გ. გ–ს, მ. მ–ს, კ. ხ–ს, ზ. ბ–ს, გ. კ–სა და პ. დ–ს ჩვენებები, ასევე, ზ. გ–სა და გ. მ–ის გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია.
5.6. ზემოხსენებული მტკიცებულებები კი, თანხვდენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად: ზ. ბ–ი, 2022 წლის 22 სექტემბერს, მიღებული ტრავმის გამო, სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 23.09.2022 წლიდან 30.09.2022 წლამდე. დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი ჭრილობა. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, მას ასევე მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა. მარცხენა მხრის არეში ნაჭდევები. დაზიანება მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში, უკანა ლატერალურ ზედაპირზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები მარცხენა თვალბუდის არეში არსებული ჰემატომის და მარცხენა მხრის არეში ნაჭდევების სახით, მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.7. შსს საექსპერტო კრიმინსალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №..... ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი – ტყვია, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „ПМ“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის - „АПС“ და სხვა. აღნიშნული ტყვია არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალას, ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის იარაღის ლულიდან.
5.8. შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტიზის დეპარტამენტის №....... ტრასოლოგიური ექსპერტოზოს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ზ. ბ–ს შორტზე არსებული დაზიანებები გახევისა და გარღვევის სახით, წარმოქმნილია მასზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
5.9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ზ. ბ–სა და ა. პ–ს შორის მომხდარი ურთიერთდაპირისპირება და ამ დაპირირსპირების დროს ზ. ბ–ის მიმართ ძალადობის განხორციელება. რის შემდეგაც ა. პ–მა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაზარალებულს ბარძაყის მიდამოში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა.
5.10. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად აღნიშნავს, რომ მართალია გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა. პ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და რომლიდანაც ზ. ბ–ის მიმართ განახორციელა გასროლა და მიაყენა მას დაზიანება, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „ქმედება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ არის, მაგრამ აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №604აპ-07 განჩინება).
5.11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. პ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე