შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№983აპ-25 25 დეკემბერი, 2025 წელი
ს. ზ., 983აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო სანდოძე, ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ – ვლადიმერ თურმანიძის,ადვოკატების – თ. ბ-ის, კ. ბ-ას,მსჯავრდებულ – ზ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ბ-ის, ა. ბ-ისა და კ. ბ-ას – საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ვლადიმერ თურმანიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის განაჩენით ზ. ს-ე -ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ე“ და „ლ“ პუნქტებით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 6 ივლისიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. ს-ემ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორზე მეტი პირის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ზ. ს-ე, შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. ბ-ო ზოლიდან ზღვაში ექსპლუატაციას უწევდა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღას და მასზე ბაგირით მიბმულ, საბუქსირე წყლის ატრაქციონ, ე. წ. „ბანანს“, როგორც გასართობ ობიექტს. აღნიშნულ საქმიანობაში ზ. ს-ეს, შეს---მისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე ჩართული ჰყავდა ნ. მ-ე და ლ. მ-ე.
· 2023 წლის 4 ივლისს, დაახლოებით, 18 საათზე, ბ-ოზე, ყოფილი „პ--ის“ პირსის მიმდებარედ, ზემოთ ხსნებულმა პირებმა საბუქსირე წყლის ატრაქციონ ე. წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით აიყვანეს 15 წლის ს. ჯ-ე, 16 წლის გ. ბ-ე, 13 წლის გ. გ-ი და 16 წლის ლ. ა-ე.
· სწრაფმავალი კატარღის საჭესთან მყოფმა ზ. ს-ემ, იცოდა რა, რომ ზემოხსენებულ არასრულწლოვანებს არ ეცვათ სამაშველო (წყლის) ჟილეტები, აგრეთვე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა ხსენებულ არასრულწლოვანებს ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე, დაძრა სწრაფმავალი კატარღა მასზე ბაგირით მიბმული საბუქსირე – წყლის ატრაქციონ, ე. წ. „ბანანით“, რომელზეც ისხდნენ ბავშვები, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის – ტივტივასაგან – რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ზღვის სიღრმეში, რის შემდგომაც, წყლის ატრაქციონი, ე. წ. „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მკვეთრი მანევრით რამდენჯერმე სცადა წყლის ატრაქციონის, ე. წ. „ბანანის“ ამოტრიალება, ხოლო ბოლო მცდელობისას კვლავ მკვეთრი მანევრის შედეგად ამოტრიალებული „ბანანიდან“ უჟილეტო ბავშვები ჩაცვივდნენ ზღვაში.
· ზღვის სანაპიროდან დაშორებული მანძილის, ზღვაში ჩავარდნილი ბავშვების ასაკის, ცურვის უნარ-ჩვევების არცოდნისა და სამაშველო (წყლის) ჟილეტების არარსეობის პირობებში, ზ. ს-ე, ითვალისწინებდა რა ს. ჯ-ის, გ. ბ-ის, გ. გ-ისა და ლ. ა-ის სიკვდილის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ზ. ს-ემ სამაშველო (წყლის) ჟილეტი წაართვა გ. ბ-ეს, რომელიც მან ჩაიცვა ზღვაში ჩავარდნის შემდეგ; ასევე, ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ნ. მ-ესა და ლ. მ-ეს და აღნიშნულ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.
· ს. ჯ-ემ, გ. ბ-ემ და გ. გ-მა მოახერხეს სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა და გადაურჩნენ სიკვდილს, ხოლო ლ. ა-ე ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი აღმოაჩინეს 2023 წლის 7 ივლისს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხრაეებმა. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდება.
4. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ა. ჩ-მა, ა. ბ-ემ და კ. ბ-ამ – საკასაციო საჩივრებით ითხოვეს ზ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მხარეთა სააპელაციო საჩივრები და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორები – ადვოკატები: თ. ბ-ე, ა. ბ-ე და კ. ბ-ა – საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ზ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ადვოკატი თ. ბ-ე ალტერნატიულ მოთხოვნად აყენებს ასევე მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლიდან სსკ-ის 128-ე, 129-ე ან 116-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
7. 2025 წლის 22 დეკემბერს პროკურატურამ გაითვალისწინა: ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის ხასიათი და სიმძიმე, ბრალეულობის ხარისხი, ასევე, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ დანაშაულთა აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა – და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ ზ. ს-ეს, მის ადვოკატებს – ა. ბ-ესა და კ. ბ-ას – და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროს ვ. თ-ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
8. 2025 წლის 23 დეკემბერს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ზ. ს-ეს შორის 2025 წლის 22 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ: ზ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. 2025 წლის 25 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ აღიარა მისთვის ბრალადშერაცხილი, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმნენ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები: თ. ბ-ე და კ. ბ-ა.
10. 2025 წლის 25 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს: პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ. თ-ემ, მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ და მისმა ადვოკატებმა: თ. ბ-ემ და კ. ბ-ამ.
11. ამასთან, საკასაციო საჩივრებთან მიმართებით, დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული ადვოკატების – თ. ბ-ის, ა. ბ-ისა და კ. ბ-ას – საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ვ. თ-სა და მსჯავრდებულ ზ. ს-ეს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო, საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
4. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების: ს. ჯ-ის, გ. ბ-ის, გ. გ-ის, ს. თ-ის, დ. დ-ის, რ. ა-ის, დ. ბ-ის, გ. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. ს-ის – გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და თანდართული ფოტოსურათებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ლ. ა-ის ტანსაცმლის ამოღების ოქმითა და ამოღებული ნივთებით, ლ. ა-ის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და თანდართული ფოტოსურათებით, ლ. ა-ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოექსპერტიზის №--------- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია ზ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ: ზ. ს-ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
· ზ. ს-ე ქ. ბ-ო ზოლიდან ზღვაში, შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ექსპლუატაციას უწევდა სასეირნო-გასართობ კატარღას და მასზე ბაგირით მიბმულ, საბუქსირე წყლის ატრაქციონ ე. წ. „ბანანს“, როგორც გასართობ ობიექტს. აღნიშნულ საქმიანობაში, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ზ. ს-ეს ასევე ჩართული ჰყავდა ნ. მ-ე და ლ. მ-ე.
· 2023 წლის 4 ივლისს, დაახლოებით, 18 საათზე, ბ-ოზე, ყოფილი „პ-ის“ პირსის მიმდებარედ, ზემოთ ხსენებულმა პირებმა საბუქსირე წყლის ატრაქციონ ე. წ. „ბ-ზე“ გართობის მიზნით აიყვანეს 15 წლის ს. ჯ-ე, 16 წლის გ. ბ-ე, 13 წლის გ. გ-ი და 16 წლის ლ. ა-ე.
· კატარღის საჭესთან მყოფმა ზ. ს-ემ არასათანადო ყურადღება გამოიჩინა ე.წ. „ბანანზე“ მყოფი არასრულწლოვანების მიმართ და, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანებს არ ეცვათ სამაშველო (წყლის) ჟილეტები, აგრეთვე ზ. ს-თვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა ხსენებულ არასრულწლოვანებს ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა მასზე ბაგირით მიბმული საბუქსირე წყლის ატრაქციონი ე.წ. „ბანანით“, რომელზეც ბავშვები ისხდნენ, სწრაფი სვლით გაიყვანა გამაფრთხილებელი ნიშნის – ტივტივასაგან – რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, რის შემდეგაც წყლის ატრაქციონ „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მკვეთრი მანევრით რამდენჯერმე სცადა წყლის ატრაქციონ „ბანანის“ ამოტრიალება, ხოლო ბოლო მცდელობისას კვლავ მკვეთრი მანევრის შედეგად ამოტრიალებული „ბანანიდან“ ბავშვები ჩაცვივიდნენ ზღვაში. ზ. ს-ემ არ გაითვალისწინა არასრულწლოვანებისათვის შექმნილი სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა და, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო, ეზრუნა არასრულწლოვანების უსაფრთხოებაზე, არ დაელოდა ნაპირზე მათ გასვლას და კატარღით დატოვა შემთხვევის ადგილი.
· ს. ჯ-ემ, გ. ბ-ემ და გ. გ-მა მოახერხეს სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა და გადაურჩნენ სიკვდილს, ხოლო ლ. ა-ე ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი აღმოაჩინეს ზღვაზე 2023 წლის 7 ივლისს.
5. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალს და სასჯელის ზომასთან დაკავშირებით ეთანხმება პროკურორს. მსჯავრდებული ზ. ს-ე ასევე აცნობიერებს სასამართლოს უფლებამოსილებასაც, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
6. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ისიც ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს (პროკურორი უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისთვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე).
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო“ (იხ. Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, par. 17, ECtHR, 27/11/2008; Ruciński v. Poland, no. 33198/04, par. 12, ECtHR, 20/02/2007). „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის“ (mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08; 36742/08, ECtHR, 6/07/2010)... „საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა“ (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no. 9043/05, par.90, ECtHR, 24/04/2014).
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
10. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ვლადიმერ თურმანიძის – შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, არ ვრცელდება ამნისტიით დაწესებული შეღავათი დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების თაობაზე.
12. მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე – 2023 წლის 4 ივლისს. თუმცა სასამართლო ითვალისწინებს პროკურორ ვლადიმერ თ-ის მიერ წარმოდგენილ გასაუბრების ოქმში დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ა-ის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მსჯავრდებულ ზ. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე არ უნდა გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ადვოკატების – თ. ბ-ის, ა. ბ-ისა და კ. ბ-ას – საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი;
2. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ვლადიმერ თურმანიძესა და მსჯავრდებულ ზ. ს-ეს შორის;
5. ზ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. მსჯავრდებულ ზ. ს-ეს სასჯელი აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 6 ივლისიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ს-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
8. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
– შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი სამაშველო ჟილეტი, მოტო-ნავი, სასეირნო გასაბერი ბანანი და გასაბერი ნავი, ხელჩანთა ტანისამოსით, პირადი ნივთებით და სასეირნო იახტის ტექნიკური პასპორტი, მოშავო ფერის ქუდი, ორი-სამი კოლოფი სიგარეტი და სანთებელა, ლ. ა-ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ლ. ა-ის მობილური ტელეფონი, ნ. მ-ის მობილური ტელეფონი, ს. ფ-ის მობილური ტელეფონი, ს. ჯ-ის მობილური ტელეფონი, ს. ბ-ის მობილური ტელეფონი, ს. გ-ის მობილური ტელეფონი, ზ. ს-ის მობილური ტელეფონი, ნ. მ-ის მობილური ტელეფონი, გ. ბ-ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ლ. ა-ის ტანსაცმელი, ლ. მ-ის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
– შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, ორი ცალი პლასტმასის ბოთლი, ლ. ა-ის თმის ნიმუში, ლ. ა-ის ფრჩხილის ნიმუში – განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
– შპს „თ---ბის“ კუთვნილი რესტორნის – ბ---ში მდებარე „მ----ის“ ფილიალის – კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, ინდივიდუალურ მეწარმე „მ-----ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, შპს „ჯ---–--ის“ კუთვნილი სანაყინეს – ბ-–----ში მდებარე „ლ. პ-ეს“ ფილიალის – კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, ბ---ში მდებარე რესტორან „ჰ--ს“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 3 ცალ კომპაქტდისკზე, შპს „ჰ---ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, შპს „ა---ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, ქ-ის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 15 ცალ კომპაქტდისკზე, სს „ს---ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ კომპაქტდისკზე, შპს „ს---ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ კომპაქტდისკზე – დართოს სს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ვ. კაკაბაძე