საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.01.2026
საქმის ნომერი
2კ-921აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030100125011393874

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №921აპ-25 28 იანვარი, 2026 წელი

ქ–ა ვ., №921აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ქ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით 15:00 საათზე, ვ. ქ–ა ხ–ს მუნიციპალიტეტის ჭ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა მეუღლეს მ. ქ–ას, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

1.3. 2024 წლის სექტემბრის ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 16:00 საათზე, ვ. ქ–ა ხ–ს მუნიციპალიტეტის ჭ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა მეუღლეს მ. ქ–ას, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

1.4. 2025 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ. ქ–ამ ხ–ს მუნიციპალიტეტის ჭ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მარჯვენა ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში მეუღლეს - მ. ქ–ას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.5. 2025 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ. ქ–ა ხ–ს მუნიციპალიტეტის ჭ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის პარალელურად, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, მ. ქ–ას, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

1.6. 2025 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვ. ქ–ა ხ–ს მუნიციპალიტეტის ჭ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, მ. ქ–ას, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

1.7. 2025 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ვ. ქ–ა ხ–ს მუნიციპალიტეტის ჭ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, მ. ქ–ას, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენით, ვ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 18 მარტის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 20 მარტის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ვ. ქ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 8 აგვისტოს, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ. ქ–ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათის და საშიშროების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც სისტემატურად მთვრალ მდგომარეობაში ხორციელდებოდა, შესაბამისად, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გამოყენებით უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ვ. ქ–ას მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებული მსჯავრდებულთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია მისივე განცხადებით), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. ქ–ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.5. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნები, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, კი თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, ვ. ქ–ას მსჯავრად შერაცხილი აქვს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით, რის გამოც აღნიშნული დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე