საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.02.2026
საქმის ნომერი
2კ-810აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №810აპ-25 11 თებერვალი, 2026 წელი

ა-ი ჰ., №810აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჰ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით (გამოძალვაში დახმარება, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის, მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 8 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ; თ–ში, .....ს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ. ა–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობა – „РГ-42-ის“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, რომელსაც 2024 წლის 9 სექტემბერის 03:00 საათამდე, ინახავდა პირადად, ქ. მ–ში, გ–ს ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.

2024 წლის 8 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ; თ–ში, .....ს დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან, ქ. მ–ში, გ–ს ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ჰ. ა–მა მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდა შეძენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა – „РГ-42-ის “ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ხელყუმბარა.

2024 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. მ–ში, გ–ს ქუჩიდან ნ–ს ქუჩის მე-.. ჩიხის N-ში მდებარე ფ. ხ–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ჰ. ა–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ასაფეთქებელ მოწყობილობა – „РГ-42-ის“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ხელყუმბარას.

2024 წლის სექტემბრის დასაწყისში, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, მ–ს მუნიციპალიტეტში მყოფ ფ. ხ–ს, ტელეფონის საშუალებით, მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. მისგან უარის მიღების შემდეგ, 2024 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ფ. ხ–ისთვის ფულის გამოძალვაში დახმარების მიზნით, დაზარალებულის დასაშინებლად, ჰ. ა–მა და კ. ა–მა, ჯგუფურად, ქ. მ–ში, ნ–ს ქუჩის მე-.. ჩიხის N..-ში მდებარე ფ. ხ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გაადაგდეს საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა – „РГ-42-ის“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა.

1.2. კ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით (გამოძალვაში დახმარება, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის, მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის სექტემბრის დასაწყისში, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, მ–ს მუნიციპალიტეტში მყოფ ფ. ხ–ს, ტელეფონის საშუალებით, მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. მისგან უარის მიღების შემდეგ, 2024 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ფ. ხ–ისთვის ფულის გამოძალვაში დახმარების მიზნით, დაზარალებულის დასაშინებლად, ჰ. ა–მა და კ. ა–მა, ჯგუფურად, ქ. მ–ში, ნ–ს ქუჩის მე-.. ჩიხის N..-ში მდებარე ფ. ხ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადააგდეს საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა – „РГ-42-ის“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის (კ. ა–თან მიმართებით სასჯელის ნაწილში ასევე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის) განაჩენითა და 2025 წლის 16 იანვრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით:

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის;

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ჰ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

კ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის (კ. ა–თან მიმართებით სასჯელის ნაწილში ასევე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის) განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ე. ლ–მ, მსჯავრდებულ ჰ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ნ–მა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ბრალდების მხარემ – ჰ. ა–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენითა და 2026 წლის 9 თებერვლის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

ჰ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ჰ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

კ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ჰ. ა–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მისთვის მკაცრი, სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდება, ხოლო კ. ა–ის მიმართ – სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცლველად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჰ. ა–მა ჩაიდინა, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა. ამასთან, პროკურორის მტკიცებით, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლისა და დანაშაულების ჩადენის დროს ნასამართლობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ მსჯავრდებულ ჰ. ა–თან მიმართებით. ამდენად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ჰ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის სისწორე, აგრეთვე, მისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.4. ჰ. ა–ის ჩვენებით, მან ვინმე ე–ის დავალებით, დაზარალებულის სახლში გადაგდების მიზნით, ლ–დან წამოიღო ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა, რომელიც თან ჰქონდა მ– 2-3 საათით. ვ. მ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2024 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ. ა–ი წაიყვანა ლ–ში, სადაც, კ–ს გზაზე, საპატრულო პოლიციის შენობიდან, დაახლოებით, სამ კილომეტრში, ჰ–ი მივიდა გზის პირას მდგარ ხესთან და აიღო სამხედრო ხელყუმბარა. ამის შემდეგ, დაბრუნდნენ მ–ში და სოფელ ა–ში, ავტომანქანაში ჩაისვეს კ. ა–ი. 9 სექტემბერს, დაახლოებით, 03:00 საათზე, ქალაქ მ–ში, ნ– ქუჩაზე, ჰ–ი და კ–ი გადმოვიდნენ მანქანიდან, ჰ–მა თან წაიღო ყუმბარა, რომელიც ჩადებული ჰქონდა ხელჩანთაში, თავად კი სახლში წავიდა. ღამით, დაახლოებით 03:30 საათზე, დაურეკა ჰ–მა და სთხოვა, წაეყვანა იმავე ადგილიდან. მანქანაში ყოფნისას, ჰ–მა და კ–მა უთხრეს, რომ ხელყუმბარა გადააგდეს ვიღაცის ეზოში. კ. ა–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2024 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა ჰ. ა–ი, ვ. მ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით. ჰ–მა უთხრა, რომ ე–ის დავალებით, ხელყუმბარა უნდა გადაეგდოთ ქალაქ მ–ში მეჩეთთან მდებარე სახლის ეზოში. იგი, დაახლოებით, 03:55 საათზე, ჰ–თან ერთად, მივიდა ბიზნესმენის სახლთან, რა დროსაც, ჰ–მა ხელყუმბარა გადააგდო ეზოში. შემდეგ, გავიდნენ გზაზე, დაურეკეს ვ–ს და მისი ავტომანქანით დატოვეს ტერიტორია.

5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, გამოკვეთილი არ არის ჰ. ა–ის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, ვინაიდან მსჯავრდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაიტანა ლ–დან მ–, იქ მისი ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ გამოყენების (და არა – თუნდაც დროის მცირე პერიოდით სადმე განთავსების) მიზნით, რაც ვერ შეფასდება მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვად, ამ უკანასკნელის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის დამნაშავედ ცნობას ამა თუ იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა. აღნიშნულის საპირისპიროდ, ხსენებულ ეპიზოდთან მიმართებით, კასატორი პირის ბრალეულობის შესახებ მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება და არ მსჯელობს იმ მტკიცებულებათა შინაარსზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის ფაქტს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის ამ ნაწილში შეცვლის საფუძველი.

5.7. რაც შეეხება ჰ. ა–ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის, მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი დანაშაულები), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი დანაშაულების აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, დანაშაულების ჩადენის დროს ნასამართლობა, ასევე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისთვის და შემდგომ, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ. ა–ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლების სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ლევან თევზაძე