საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.03.2026
საქმის ნომერი
2კ-946აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №946აპ-25 9 მარტი, 2026 წელი

კ–ე ნ., №946აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი პროკურორის – ალექსანდრე ჩხეიძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. კ–ეს ბრალად ედებოდა:

· ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 154-ე მუხლის პირველი ნაწილით;

· სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ნ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, შპს „“ს.. ნ..ის“ ჟურნალისტი თ. ყ–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ: იგი ცდილობდა ლ. წ–ისგან ინტერვიუს აღებას, რისი საშუალებაც მას არ მისცა ლ. წ–ის შვილმა – ნ. კ–ემ, რომელმაც თ. ყ–ის ვიდეოკამერას ააფარა ხელი და არ აძლევდა მას კადრების გადაღების, ასევე – ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობას. ამასთან, ნ. კ–ე წინ ეღობებოდა თ. ყ–ს, რის გამოც, ეს უკანასკნელი ვერ გადაადგილდებოდა და ვერ უახლოვდებოდა რესპოდენტს. ნ. კ–ის ქმედებათა გამო, შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტმა – თ. ყ–მა – ვერ შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ აიღო ინტერვიუ ლ. წ–ისგან და ვერ გადაიღო მისთვის სასურველი კადრები (თუნდაც ლ. წ–ის მხრიდან ინტერვიუზე უარის თქმის ფაქტი).

· 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტი თ. ყ–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ: იგი ცდილობდა ლ. წ–ისგან ინტერვიუს აღებას, რისი საშუალებაც მას არ მისცა ლ. წ–ის შვილმა – ნ. კ–ემ, რომელმაც თ. ყ–ის ვიდეოკამერას ააფარა ხელი. პარალელურად, ხელი ძლიერად მოუჭირა თ. ყ–ს ხელზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მიუხედავად თ. ყ–ის თხოვნისა, რომ სტკიოდა ხელი, ნ. კ–ე აგრძელებდა მისთვის ხელის ძლიერად მოჭერას.

1.3. ი. კ–ეს ბრალად ედებოდა:

· ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით;

· სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.4. ი. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტი თ. ყ–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ: იგი ცდილობდა ლ. წ–ისგან ინტერვიუს აღებას და მისთვის სასურველი კადრების გადაღებას, რისი საშუალებაც მას არ მისცა ლ. წ–ის შვილმა – ი. კ–მ, რომელიც მივარდა თ. ყ–თან, ხელი ძლიერად შემოხვია კისერზე და მხარზე, რა დროსაც ცდილობდა მისთვის ვიდეოკამერის წართმევას. ი. კ–ის ქმედებათა გამო, შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტმა, თ. ყ–მა, ვერ შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ აიღო ინტერვიუ ლ. წ–ისგან და ვერ გადაიღო მისთვის სასურველი კადრები (თუნდაც ლ. წ–ის მხრიდან ინტერვიუზე უარის თქმის ფაქტი).

· 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტი თ. ყ–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ: იგი ცდილობდა ლ. წ–ისგან ინტერვიუს აღებას და მისთვის სასურველი კადრების გადაღებას, რისი საშუალებაც მას არ მისცა ლ. წ–ის შვილმა – ი. კ–მ, რომელიც მივარდა თ. ყ–თან, ხელი ძლიერად შემოხვია კისერზე და მხარზე, ასევე, წელი დაახრევინა ძირს, რა დროსაც ცდილობდა მისთვის ვიდეოკამერის წართმევას. შედეგად, თ. ყ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განაჩენით:

· ნ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· ნ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

· ი. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· ი. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

· 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, ნ. კ–ემ სხვაგვარად იძალადა შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტ თ. ყ–ის მიმართ, კერძოდ: ნ. კ–ემ ვიდეოკამერას ააფარა ხელი და, პარალელურად, ხელი ძლიერად მოუჭირა თ. ყ–ს ხელზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მიუხედავად თ. ყ–ის თხოვნისა, რომ მას სტკიოდა ხელი, ნ. კ–ე აგრძელებდა მისთვის ხელის ძლიერად მოჭერას.

· 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, ი. კ–ემ სხვაგვარად იძალადა შპს “ს.. ნ..ის“ ჟურნალისტ თ. ყ–ის მიმართ, კერძოდ: ი. კ–ე მივარდა თ. ყ–თან, ხელი ძლიერად შემოხვია კისერზე და მხარზე, ასევე, წელი დაახრევინა ძირს. შედეგად, თ. ყ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა 2023 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, ნ– და ი. კ–ეების მიერ, თ. ყ–ის მიმართ, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ალექსანდრე ჩხეიძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და ნ. კ–ის და ი. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ორივე მუხლით, აგრეთვე – მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. ნ– და ი. კ–ეების ადვოკატმა – დ. კ–ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მათი დასაცავი პირების უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი პროკურორი – ალექსანდრე ჩხეიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის შეცვლას და, მის ნაცვლად, ნ. კ–ისა და ი. კ–ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. ასევე, ორივე მსჯავრდებულის მიმართ – მკაცრი სასჯელის დანიშვნას. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ნ– და ი. კ–ეების მიერ ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელშეშლა, რადგან მათი აქტიური ქმედების შედეგად, თ. ყ–მა ვერ გადაიღო სასურველი კადრები და ვერ მოამზადა სასურველი სიუჟეტი; სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ – საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ნ– და ი. კ–ეების დამნაშავედ ცნობისა და მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს, რამდენად არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი სადავო მუხლით ნ– და ი. კ–ეების დამნაშავედ ცნობისთვის, ხოლო შემდეგ, იმსჯელებს სასჯელთან მიმართებით.

4.3. საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ასეთი ხელშეშლა გულისხმობს ჟურნალისტის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან. დანაშაულის უშუალო ობიექტია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება, ხოლო, ფართო გაგებით – საზოგადოების უფლება, მიიღოს მიუკერძოებელი და მრავალმხრივი ინფორმაცია. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა აქტიური ქმედებით, მათ შორის: ჟურნალისტის მიერ შეგროვებული ინფორმაციის განადგურებით; ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით ან სხვა ისეთი მოქმედებით, რომლიც რეალურად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინააღმდეგობა არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი უკანონოა და მიზანმიმართულია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვისკენ.

4.4. აღსანიშნავია, რომ პირის უფლება – თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია – საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია, თუმცა ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა დამატებით შეზღუდულია პროფესიული სტანდარტებით, მათ შორის – ეთიკური ვალდებულებებით. ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-10 მუხლსა და „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ქარტიის მე-10 პრინციპი ადგენს, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს პირის პირად ცხოვრებას და არ უნდა შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.

4.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს, რაც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის პირად სივრცეზე კონტროლს, საკუთარი გამოსახულების გამოყენების საკითხებს და საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ უსაფრთხოებას. ამ უფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. ამდენად, აღნიშნული მუხლი იცავს ადამიანის პირად თავისუფლებასა და უსაფრთხოებას და ამავე დროს უზრუნველყოფს ბალანსს პირადი ცხოვრების უფლებასა და სხვა კონსტიტუციურ თავისუფლებებს შორის, მათ შორის – საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებასთან მიმართებით.

4.6. საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მსგავსად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ადამიანის პირადი სივრცის დაცვა საჯარო ხელისუფლების თვითნებური ჩარევისგან. აღნიშნული მუხლი სახელმწიფოსთვის მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას არ განსაზღვრავს. ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს შეიძლება ეკისრებოდეს პოზიტიური ვალდებულებებიც, რაც, მათ შორის, გულისხმობს კერძო პირების მხრიდან აღნიშნულ უფლებაში ჩარევის პრევენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1985 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე – X And Y v. The Netherlands, განაცხადი №8978/80, §23).

4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირის გამოსახულება წარმოადგენს მისი პიროვნების ერთ-ერთ ძირითად ელემენტს და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვან ასპექტს. შესაბამისად, პირს აქვს უფლება გააკონტროლოს მისი გამოსახულების შექმნა, შენახვა და გავრცელება, მათ შორის – უარი თქვას მის გამოქვეყნებაზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე – Reklos And Davourlis v. Greece, განაცხადი №1234/05, §40). ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი პრესის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა, იმავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პიროვნული განვითარების აუცილებელ კომპონენტად რჩება პირის უფლება აკონტროლოს თავისი გამოსახულება. ეს უფლება ვერ შეიზღუდება საჯარო ინტერესის არქონის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე – Von Hannover v. Germany (No. 2), განაცხადი №40660/08, №60641/08, §96, §102).

4.8. პირის გამოსახულების გავრცელებასთან დაკავშირებით, ეროვნული რეგულაცია განსაზღვრულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტში: „საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“

4.9. განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებებით დადგენილია და არც მხარეებს შორის არსებობს დავა იმ გარემოებაზე, რომ ლ. წ–მა თ. ყ–ს მისცა ინტერვიუ, თუმცა, ცხადად განუცხადა უარი მისთვის კადრების გადაღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირობები თ. ყ–ისთვის მისაღები იყო, მომდევნო დღეს, კადრების გადასაღებად მაინც მიაკითხა ლ. წ–ს: თავდაპირველად ოფისში, სადაც კომუნიკაცია ვერ შედგა, ხოლო შემდეგ – საცხოვრებელ ბინაში. თ. ყ–მა თანმხლებ პირებთან ერთად შეაღწია დაცულ სადარბაზოში, სადაც შესვლა მხოლოდ სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ მაცხოვრებლებს, ავიდა ლ. წ–ის საცხოვრებელ ბინასთან და ნებართვის გარეშე, თვითნებურად დაიწყო ვიდეოგადაღება, რა დროსაც მას ლ. წ–მა და მისმა შვილებმა – ნ– და ი. კ–ეებმა – გაუწიეს წინააღმდეგობა. შედეგად, თ. ყ–მა ვერ გადაიღო სასურველი კადრები და ვერ მოამზადა სასურველი სიუჟეტი.

4.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პირადი სივრცის ხელშეუხებლობის და, მეორე მხრივ, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებები. შესაბამისად, დაცულია, როგორც ლ. წ–ის და მისი შვილების – ნ– და ი. კ–ეების – უფლება, რომ მათი თანხმობის გარეშე, მათი საცხოვრებელი სახლის კართან, სადარბაზოში არ განხორციელდეს მათი ვიდეოგადაღება, ისე – ჟურნალისტის, თ. ყ–ის, უფლება, გადაცემისთვის მოიპოვოს შესაბამისი მასალა. ასეთ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს, არის თუ არა დახურულ სივრცეში, საცხოვრებელ ბინასთან პირის ვიდეოგადაღება ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე, რომელსაც შეუძლია გადაწონოს პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უფლება.

4.11. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ჟურნალისტის – თ. ყ–ის – მიერ ლ. წ–ისა და მისი შვილების – ნ– და ი. კ–ეების – საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მათი ნებართვის გარეშე შესვლა და მკაფიოდ გაცხადებული უარის მიუხედავად, ვიზუალური კადრების მოპოვების არგუმენტით, აღნიშნული პირების უშუალოდ საცხოვრებელ ბინასთან ვიდეოგადაღება ვერ ჩაითვლება ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ქმედებად, რომელიც გაამართლებდა პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებელი სივრცის ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევას, მით უფრო, რომ ჟურნალისტს მისთვის სასურველი და მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რესპონდენტისგან უკვე ჰქონდა მიღებული ინტერვიუს გზით. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტის ქმედება, რომელიც მხოლოდ ვიზუალური კადრების მოპოვების არგუმენტზეა დაფუძნებული, გაუმართლებლად ზღუდავს პირადი ცხოვრების ფარგლებს. საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორია, მით უფრო, კოდირებული სადარბაზო, სადაც მაცხოვრებლების ნებართვის გარეშე შესვლა არ ხდება, წარმოადგენს სივრცეს, სადაც პირის კონფიდენციალურობის მოლოდინი მაღალია („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საცხოვრებელი სახლის სადარბაზო წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას“). ამგვარ ვითარებაში, ნ– და ი. კ–ეების მიერ ჟურნალისტზე ზემოქმედება – კამერაზე ხელის აფარება და ვიდეოგადაღებაში ხელშეშლა – მიიჩნევა პირადი ცხოვრების დაცვის პროპორციულ რეაგირებად, რომელიც არ მიემართებოდა ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისკენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სამართლებრივად სწორ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ ნ. და ი. კ–ეების ქმედებაში არ იკვეთებოდა საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

4.12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მიუხედავად საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ– და ი. კ–ეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, რასაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რადგან ნ. და ი. კ–ეების პირადი ცხოვრების დაცვისკენ მიმართული თავდაცვითი რეაგირება გასცდა პროპორციულობის დასაშვებ ფარგლებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ– და ი. კ–ეების მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, ხოლო, მათთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი, რის გამოც, მისი გამკაცრება მიზანშეუწონელია.

4.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.14. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, ბრალდების მხარის საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი პროკურორის – ალექსანდრე ჩხეიძის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე