საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100124008629358
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №98აპ-26 ქ. თბილისი
ხ. დ., 98აპ-26 28 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: დ. ხ–ს, – პირადი ნომერი: ............, – ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;
1.1.1. დ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. ............, ლ–ის ქუჩაზე მდებარე მეორე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ბინა N...ის აივანზე, დ. ხ–მ, სიტყვიერი შელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელი ჰკრა დ. შ–ს და მესამე სართულის აივნიდან გადააგდო. სიმაღლიდან გადაგდების შედეგად, დ. შ–მ მიიღო სხეულის სხვადასხვა ნაწილის მრავლობითი მოტეხილობა. იგი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გადაურჩა სიკვდილს.
1.2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2.1. დ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. ............, ლ–ის ქუჩაზე მდებარე მეორე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, N-- ბინაში, დ. ხ–მ, სიტყვიერი შელაპარაკებისას, ერთხელ დაარტყა ყინულით სავსე ბოთლი თავის არეში დ. შ–ს, რის შედეგად, დ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით;
1.3.1. დ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში, დ. ხ–მ, კარის საკეტის გატეხვის გზით უკანონოდ შეაღწია ზ–… დ–ში მდებარე ლ. ი–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლ. ი–ის ,,Samsung Galaxy A30” ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც ლ. ი–ეს მიადგა 100 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენით:
2.1. დ. ხ. საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. დ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, და საბოლოოდ, დ. ხ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.3. დ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 14 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
3.1. მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ბ–მ მოითხოვა დ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შეუმსუბუქება;
3.2. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ მოითხოვა დ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;
3.2.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ბ–მ და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გასაჩივრებული განაჩენის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის ნაწილში უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. დ. ხ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
4.2. დ. ხ– ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
4.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;
4.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, და საბოლოოდ, დ. ხ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;
4.3. დ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 14 დეკემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – მ. ბ– საკასაციო საჩივრით (ასევე, 2025 წლის 9 დეკემბერს შემოტანილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრით) ითხოვს დ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5.2. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ილია ტორუა ითხოვს დ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
5.2.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ბ–მ. დაცვის მხარე, შესაგებლით, ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის ნაწილში, უცვლელად დატოვებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო ბრალდების მხარე – დ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
2.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში დ. ხ–ს მსჯავრდება და სასჯელის კანონიერება. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
2.2. მხარეებს შორის დავის საგანია: ჩაიდინა თუ არა დ. ხ–მ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, დ. ხ–ს მინიმუმამდე უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. ხ–ს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (რაშიც იგი გამართლებულია) დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ამ ნაწილში დ. ხ–ს გამართლება განაპირობა.
4.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულ დ. შ–ს, მოწმეების – ნ. შ–ს, მ. ქ–ს, ე. ლ–, თ. რ–ს, მ. გ, თ. ჯ–ს, მ. წ–, რ. ე–ს, და მ. გ–ს ჩვენებები, მოწმე მ. გ-ს გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) საკმარისია დ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის.
4.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია დაზარალებულმა დ. შ–მ დაადასტურა, რომ დ. ხ– ფეხებში წვდა და აივნიდან გადააგდო, მაშინ როცა დ. ხ–ს შეშინების მიზნით უთხრა, რომ გადახტომას აპირებდა და აივნის მოაჯირს მიაწვა (კერძოდ, განმარტა, რომ შემთხვევის დროს დ. ხ–სთან ერთად იმყოფებოდა მეგობარ მ--- გ-ს საცხოვრებელ ბინაში, იქ ასევე იყო დაახლოებით 15-16 წლის გოგო, რომელთანაც მსჯავრდებულის დამოკიდებულება არ მოეწონა და შესაბამისად, შენიშვნაც მისცა დ. ხ–ს, იმავდროულად, გაბრაზებულმა გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ დ. ხ–მ არ გაუშვა და კარი ჩაუკეტა. დ. ხ–მ ასევე ბოთლი ჩაარტყა თავში (სისხლი წამოუვიდა), ასევე – აიღო მისი საბუთი და უთხრა, რომ დახევდა. თავის მხრივ, დ. შ–მ მსჯავრდებულს უთხრა, რომ თუ კარს არ გაუღებდა, აივნიდან გადახტებოდა და შეშინების მიზნით წავიდა აივნისკენ. დ. შ– აივნის მოაჯირს მიაწვა, თითქოს გადახტომას აპირებდა, რა დროსაც დ.... ფეხებში სწვდა და გადააგდო. ვარდნისას ხელი მოჰკიდა ცემენტის კონსტრუქციას და ყვიროდა – ,,ვვარდები”, მაგრამ დ. ხ–ს მისი გადარჩენა არ უცდია, პირიქით – ,,დაუჯიკავა’’ და გადააგდო. ჩავარდნის შემდეგ, დ. ხ–მ უთხრა: ,,- ნუ გეშინია, სასწრაფო მოდის”, ვიღაცა ქალმა კი დ. ხ–ს უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები მიდიოდნენ და გაქცეულიყო. საავადმყოფოში ქალიშვილს უამბო ყველაფერი, მაგრამ დ. ხ. შეეცოდა და არ უჩივლა, თუმცა, საბოლოოდ, ვინაიდან დ. ხ–მ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ გადასაგდები იყო და იმიტომ გადააგდო, გაბრაზდა), თუმცა აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, კერძოდ:
4.2.1. მოწმე მ. გ–ს გამოკითხვის ოქმი (მასთან სტუმრად მყოფმა დ. შ–მ და მისმა შეყვარებულმა დ. ხ–მ იკამათეს იმასთან დაკავშირებით, რომ დ-ს არ სურდა დ–თან ურთიერთობა. დ. ხ–მ წყლით სავსე ბოთლიც კი ჩაარტყა თავში, მაგრამ დ–ს რაიმე დაზიანება არ მიუღია. სახლში ასევე იმყოფებოდნენ 8 წლის მისი დის შვილიშვილი – მ...--- ქ-ე და მეზობელი – 13 წლის მ. გ–ე. დ. ხ–ს მ. გ–ესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, არც სახლიდან გასულან ერთად. ტელევიზორს უყურებდა, როდესაც დ. შ– აივანზე გავიდა და მ–მ უთხრა: ,,დ–ი აივნიდან გადახტა”), მოწმე მ. ქ–ის (შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა მ. გ–ს საცხოვრებელ ბინაში, მასთან ასევე იყვნენ მეზობელი მარი, მისთვის უცნობი მამაკაცი და ქალი, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ქალი მამაკაცს .... ენაზე აგინებდა, კაცმა კი ბოთლი გამოიტანა საყინულიდან და თავში ჩაარტყა ქალს. ამის შემდეგ კაცი დაჯდა, ხოლო ქალი აივანზე გავიდა და გადახტომას აპირებდა, მამაკაცმა დაიჭირა, მაგრამ ხელიდან გაუსხლტდა და ქალი გადავარდა), მოწმე რ. ე-ს (სახლში იმყოფებოდა, როდესაც გაიგონა მისი შვილის – მ–ს – კივილი: ,,მოკვდა”, დეპრესიაში იყო და არ უკითხავს დეტალები. ფანჯრიდან გადაიხედა და ნახა ძირს ეგდო ქალი, მეზობლებიც იყვნენ ეზოში და სხვა არაფერი იცის), მოწმეების – ე. ლ–ს, თ. ჯ-ის, მ. გ–ს, თ. რ-ს, მ. გ–ს, მ. წ-ს (გაიგონეს ხმაური და ნახეს, მ. გ–სთან სტუმრად მყოფი პირი ეგდო ძირს, რომელიც შველას ითხოვდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა) ჩვენებები, რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, არ უთითებს დ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე.
4.2.2. მოწმე ნ. შ-ს (დაზარალებულის შვილი) ჩვენების თანახმად, მართალია, საავადმყოფოში დედამ – დ. შ–მ – უთხრა, რომ დ. ხ–მ კარი ჩაუკეტა და არ უშვებდა ბინიდან, რის გამოც, მის შესაშინებლად გავიდა აივანზე და უთხრა, რომ გადახტებოდა, რა დროსაც დ. ხ–მ ის ხელში აიყვანა და გადააგდო, თუმცა მისი (ნ. შ-ს) ჩვენება დ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში არის ირიბი, რადგან იგი ინციდენტის – დ. ხ–ს მიერ დ. შ–ს მიმართ მკვლელობის მცდელობის – შემსწრე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);
4.2.3. ბრალდების მხარე დ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის ასევე უთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 18 აგვისტოს N..- დასკვნაზე (რომლის თანახმად, დ. შ–მ საავადმყოფოს მიმართა 2023 წლის 23 ივნისს და გაეწერა 2023 წლის 24 ივნისს, დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი. გულმკერდის მალის მოტეხილობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული. ხერხემლის გავა-წელის ნაწილის და მენჯის მრავლობითი მოტეხილობა. ბოქვენის ძვლის მოტეხილობა. მარცხენა ქუსლის ძვლის მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახის მიდამოში). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათისა და სიმძიმის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის არსისა და დაზიანებების ხასიათის გათვალისწინებით, ობიექტურად ვერ დგინდება დაზიანებების მიღების კონკრეტული მექანიზმი, – დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო გადახტომის/გადავარდნის შედეგად, თუ ისინი გამოწვეული იყო დ. ხ–ს მიერ მისი გადაგდებით.
4.2.4. ბრალდების მხარე კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2024 წლის 26 ივლისის N........ დასკვნით (სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „...დ. შ–ს ტანსაცმელი...’’, მოთავსებულ: – შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ. ხ–ს (ობ.N19)) დასტურდება დ. ხ–ს შემხებლობა დაზარალებულის ფეხთან, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს მკვლელობის მცდელობას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ ბიოლოგიური კვალის არსებობასა და მის გენეტიკურ იდენტიფიკაციას ადგენს,– შეუძლებელია აღნიშნული დასკვნით დადგინდეს სისხლის წარმოშობის გარემოები, მისი ტანსაცმელზე მოხვედრის მექანიზმი. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (არც ერთი თვითმხილველი მოწმის, დაზარალებულისა ან/და დ. ხ–ს ჩვენებით) არ დგინდება, რომ დაზარალებულმა აივანზე ყოფნისას მიიღო რაიმე დაზიანება.
4.2.4.1. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაზარალებულისა და დ. ხ–ს შემხებლობა/ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ტანსაცმელზე აღმოჩენილია დ. ხ–ს სისხლი (მით უფრო, იმ პირობებში, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმე მ. ქ–ის ჩვენებით – მამაკაცმა დაიჭირა ქალი, მაგრამ გაუსხლტდა ხელიდან და ქალი გადავარდა) და დადგენილია დ. ხ–ს და დ. შ–ს ფიზიკური კონტაქტის არსებობა, თავისთავად არ მიუთითებს დ. ხ–ს მიერ დ. შ–ს აივნიდან გადაგდებაზე, მით უფრო, განზრახ მკვლელობის მცდელობაზე.
5. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5.1. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
6. დაცვის მხარე კასატორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დ. ხ–სათვის განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და დაუსაბუთებელი. საკასაციო მოთხოვნის დასაბუთებისათვის კასატორი უთითებს, რომ დ. ხ–მ: აღიარა და მოინანია მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ჩადენა, დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას, ყველა მტკიცებულება (ბრალდების აღნიშნულ ნაწილში) გახადა უდავოდ, არ უცდია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, არ არის ნასამართლევი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
7.1. საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
7.2. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე, ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
7.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
7.4. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია (იხ.: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი).
7.5. მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (დანაშაულის აღიარება და მონანიება (28.02.2024; 16:20:59), ამ (ქურდობის) ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობა (16:34:46)) გარემოებებს, დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობას, ჩადენილი ქმედების სიმძიმეს (განზრახ მძიმე დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (ნასამართლობის არ ქონა).
7.6. ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, დ. ხ–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენში:
3.1. დ. ხ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. დ. ხ. ცნობილ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. ხ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;
4. დ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 14 დეკემბრიდან;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე