საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2026
საქმის ნომერი
2კ-103აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100124010700031

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №103აპ-26 ქ. თბილისი

მ. ზ., 103აპ-26 1 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ზ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü ზ. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,01843 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რაც 2024 წლის 4 დეკემბერს, ... სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ზ. მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

ü 2025 წლის 13 მარტს, ..., ქ. -ს საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, ზ. მ. სიტყვიერად და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ. გ-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ზ. მ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით − 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით − 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ. მ-ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გაუქმდა ზ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა, ასევე − ზ. მ-ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და კანონით დადგენილი წესით, გირაოს სახით გადახდილი თანხა − 3000 (სამი ათასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს მანანა დარსაველიძეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2024 წლის 4 დეკემბრიდან − 2024 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2025 წლის 13 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. მ-ს გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით − სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ზ. მ-ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით − სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას. მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით, კასატორი მიიჩნევს, რომ ზ. მ-ს ბრალეულობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დაინტერესებული და არაობიექტური პირების − დაზარალებულ ქ. გ-ს და მისი მეუღლის ჩვენებებს; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში კასატორს მიაჩნია, რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები − დანაშაულის გულწრფელი აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

9. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე კასატორი სადავოდ არ ხდის ზ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილს, რის გამოც, აღნიშნული ბრალდების ირგვლივ საკასაციო სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნული ბრალდების ნაწილით შეაფასებს მხოლოდ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

11. სააპელაციო პალატამ, მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით, მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთეა ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, სიმშვიდე და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია მუქარის არსებობა და მუქარის ადრესატში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. ამასთან, მუქარის რეალურობა ფასდება როგორც დაზარალებულის სუბიექტური აღქმის, ისე − ობიექტური გარემოებების ერთობლიობით.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებულ ქ. გ-ს ჩვენება არის თანმიმდევრული, კონკრეტული, დამაჯერებელი და სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ზ. მ-თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რამდენიმე წელია, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ცუდი ურთიერთობის მიზეზი იყო ბრალდებულის მხრიდან მუქარები, შანტაჟი, ოჯახში შეჭრა და შეურაცხყოფის მიყენება. 2025 წლის 13 მარტს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, როდესაც ზ. მ. მივიდა მის საცხოვრებელში, კიბეებთან შეჩერდა. ზ. იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, იქცეოდა აგრესიულად, ხმამაღლა ყვიროდა, ტანთ ეცვა ხალათი. ბრალდებულის ხელების მოძრაობისას ხალათის ქვეშ დაინახა დანა. ზ. მ-მ უთხრა, რომ მისთვის, როგორც მისი შვილისთვისაც, ექვსჯერ უნდა დაერტყა დანა, მის შვილს ხუთჯერ დაარტყა დანა იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო, თავად დაზარალებულსაც ამ დანით ყელს გამოსჭრიდა. აღნიშნული სიტყვების გაგონების შემდეგ დაზარალებულს შეეშინდა, რადგან ბრალდებული ყველაფრის ჩამდენი და მკადრებელია, ოჯახის რომელიმე წევრი რომ არ გამოჩენილიყო, არ არის გამორიცხული ბრალდებულს მუქარა აღესრულებინა. დაზარალებულმა მიუთითა, რომ შიშისგან თავად ხმამაღლა ყვიროდა და ბრალდებულიც ხმამაღლა ღრიალებდა. ხმაურზე გამოვიდა მისი შვილიშვილი ნ. კ.. პატრულში პირველი დარეკვის შემდეგ, შეშინებულს მოეჩვენა, რომ აგვიანებდნენ და ხელახლა დაიწყო რეკვა. ამ დროს გ. მ.ც მივიდა, დაზარალებულს კი შეეშინდა, გ-სა და ზ.ს ჩხუბი არ მოსვლოდათ ერთმანეთში.

13. დაზარალებულ ქ. გ-ს ჩვენება სრულად თანხვდენილია შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, პირდაპირი მოწმეების − ნ. კ-სა და გ. მ-ს ჩვენებებთან. ნ. კ-მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა ქ. გ-ს სახლში. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ დაინახა ზ. მ., რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა, ქ. გ-ს ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ყელს გამოსჭრიდა. ზ. მ-ს მარჯვენა ხელში დაინახა დანის წვერი. მოწმე გ. მ. სრულად ადასტურებს ზ. მ-ს ქ. გ-ს საცხოვრებელ სახლში მისვლის, მისი აგრესიული ქცევის, ყვირილის, გინებისა და მუქარის შემცველი შინაარსის მქონე გამონათქვამებსა და მსჯავრდებულის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს.

14. მოწმე ლ. კ-მ სასამართლოში განმარტა, რომ უშუალოდ მუქარის სიტყვები არ გაუგია, თუმცა დაადასტურა, რომ გაიგო ქ. გ-ს ყვირილის ხმა, შემდეგ დაინახა ზ. მ., რომელიც ხალათით იყო, აგრეთვე დაადასტურა, რომ ბებიისაგან შეიტყო ზ. მ-ს მხრიდან დანის გამოყენებითა და ყელის გამოჭრით მუქარის შესახებ.

15. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებითი სხვაობა, ან წინააღმდეგობა, რაც მათი ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იქნებოდა, საქმის მასალებით არ იკვეთება. პირიქით, თითოეული მოწმის ჩვენება, თანხვედრილად ადასტურებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებულ და არაობიექტურ მოწმეთა ჩვენებებს.

16. მითითებულ მოწმეთა ჩვენებების გარდა, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს: საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე, რომლის თანახმად, ზ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, შესასვლელში მდებარე სკამზე მოთავსებულ მოლურჯო ფერის ხალათის ჯიბეში აღმოჩნდა საკეცი დანა, მოშავო ტარით. ამოღებული დანა და ხალათი დაილუქა საპროცესო წესების დაცვით; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, დანის სახელურზე არსებული ბიომასალის პროფილის მაჟორული წილი, ეკუთვნის ზ. მ-ს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დამატებით ამყარებს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ. მ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი − სწორედ ის საკეცი დანა, რომლის დემონსტრირებითაც, იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ. გ-ს.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.

18. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, ზ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებთან ერთად, ასევე გაითვალისწინა − მისი პიროვნება, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, რის საფუძველზეც, მსჯავრდებულს შეუფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი − 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას). მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე