დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.05.2026
საქმის ნომერი
2კ-23-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802226012604969

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№23I-26 19 მაისი, 2026 წელი

ვ–ი ს., №23I-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ყ–ისა და ჯ. ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ვ–ის მიმართ სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:

2023 წლის 18 ივნისს ს. ვ–მა და კიდევ ერთმა პირმა ქ. ე–ში ქ–ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ყვიროდნენ, იგინებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ პირებს. მათ 10 წუთის მანძილზე შეაფერხეს ქუჩაში გადაადგილება და დაარღვიეს შენობებში მცხოვრებ პირთა სიმშვიდე.

ს. ვ–მა პირადი მოხმარების მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გადაზიდა 0,45 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი.

2024 წლის 18 მაისს ს. ვ–მა ს–, „.....ის“ საერთაშორისო აეროპორტში უმაღლესი მომსახურების სალონის შესასვლელთან ე. გ–ს ჩააბარა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

ს. ვ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გადაზიდა გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, თვითნაკეთი გლუვლულიანი პისტოლეტი და 5 ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

2024 წლის 18 მაისს ს. ვ–მა ს–, „.....ის“ საერთაშორისო აეროპორტში უმაღლესი მომსახურების სალონის შესასვლელთან ე. გ–ს ჩააბარა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

1.2. 2023 წლის 28 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის დადგენილებით ს. ვ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ხულიგნობა, ჩადენილი ჯგუფურად).

1.3. 2024 წლის 23 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ერევნის მალათია სებასტიას პროკურატურის დადგენილებით ს. ვ–ის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების, საბრძოლო მასალის და სხვა ნივთების მოწყობილობების და საგნების უკანონო ბრუნვა) და 396-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გასაღების მიზნის გარეშე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება ან მიწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

1.4. 2024 წლის 24 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს. ვ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

1.5. 2024 წლის 7 აგვისტოს გამოცხადდა ს. ვ–ის საერთაშორისო დონეზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ს. ვ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2024 წლის 13 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ს. ვ–ის ექსტრადიციის თაობაზე სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2.2. 2024 წლის 6 დეკემბერს ს. ვ–ი ექსტრადიციის მიზნით, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

2.3. 2024 წლის 7 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ს. ვ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.4. 2025 წლის 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ვ–ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2025 წლის 6 მარტიდან 2025 წლის 6 ივნისამდე.

2.5. 2025 წლის 13 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ განიხილა ს. ვ–ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინება ს. ვ–ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე და ს. ვ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით, ხოლო პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.

2.6. 2025 წლის 3 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან შემოვიდა დამატებითი შუამდგომლობა ს. ვ–ის ექსტრადიციის თაობაზე.

2.7. 2026 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია 2024 წლის 23 მაისის სომხეთის რესპუბლიკის ერევნის მალათია სებასტიას პროკურატურის დადგენილებაში ს. ვ–ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების, საბრძოლო მასალის და სხვა ნივთების მოწყობილობების და საგნების უკანონო ბრუნვა) და 396-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გასაღების მიზნის გარეშე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება ან მიწოდება) და 2023 წლის 28 დეკემბრის სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის დადგენილებაში ს. ვ–ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ხულიგნობა, ჩადენილი ჯგუფურად).

2.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ს. ვ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. ყ–ი არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია 2024 წლის 23 მაისის სომხეთის რესპუბლიკის ერევნის მალათია სებასტიას პროკურატურის დადგენილებაში ს. ვ–ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების, საბრძოლო მასალის და სხვა ნივთების მოწყობილობების და საგნების უკანონო ბრუნვა) და 396-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გასაღების მიზნის გარეშე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება ან მიწოდება) და 2023 წლის 28 დეკემბრის სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის დადგენილებაში ს. ვ–ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ხულიგნობა, ჩადენილი ჯგუფურად).

2.10. 2026 წლის 8 მაისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ვ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა გ. ყ–მა და ჯ. ხ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმება.

3. კასატორების პოზიცია:

3.1. კასატორების პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დაცვის მხარის პოზიციით, ექსტრადიცია არ განხორციელდება თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადასაცემი პირი შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაჰუმანურ ან პიროვნების ღირსების შემლახველი მოპყრობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ს. ვ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით და მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას პროცესუალური და სხვა ქმედებების შესრულების გზით, რომელთაც ითვალისწინებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, კერძოდ:...დანაშაულის ჩამდენი პირების ძებნა და გადაცემა...

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ს. ვ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

8. ამდენად, მოცემულ საქმეში ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისთვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

11. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ს. ვ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ექვი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ს. ვ–მა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2023 და 2024 წლებში, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, სომხეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

13. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს ს. ვ–ის უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ს. ვ–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატებმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკაში მისი უფლებების დარღვევის „აშკარა“ ეჭვს წარმოშობდა. საგულისხმოა, ისიც, რომ დაცვის მხარე არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე და გარემოებებზე, რამაც შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას ს. ვ–ის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მიუთითებს მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და აფასებს ე. გ–ის ჩვენებას. საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლო არ განიხილავს ს. ვ–ის ბრალდების საქმეს, შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება სცდება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ს. ვ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

17. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

18. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ყ–ისა და ჯ. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცით სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ყ–ისა და ჯ. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე