საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100125011224814
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1111აპ-25 ქ. თბილისი
ა-ე ა., 1111აპ-25 16 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ა–ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2025 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ ბ–ში, .... ქუჩის №...-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, შურისძიების ნიადაგზე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობისათვის ნასამართლევი ა. ა–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს. გ–ეს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2025 წლის 24 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ ბ–ში, ... ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების ნიადაგზე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობისათვის ნასამართლევი ა. ა–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს. გ–ეს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განაჩენით ა. ა–ე, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ა–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ა–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა − ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ა–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
ა. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2025 წლის 25 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. ა–ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესის გამოყენებით მუხლის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებულ იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. ა–ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესის გამოყენებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებულ იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. კასატორის მოსაზრებით, ა. ა–ისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, რის გამოც, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოლღა მერებაშვილი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
12. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ა–ისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ჩადენილი დანაშაულების აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენეს მის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, ა. ა–ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს არა სასჯელთა სრულად შთანთქმის, არამედ – ნაწილობრივი შეკრების წესით. აღნიშნულზე დაყრდნობითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, ა. ა–ისათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას წარმოშობს სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე 1 წელზე მეტი ვადით დანიშვნის ვალდებულებას, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე