საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124008633979
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დააშვებობის
შემოწმების შესახებ
№1133აპ-25 ქ. თბილისი
შ–ე გ., 1133აპ-25 27 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ–ესა, – დაბადებულს 19.., – და ს. მ–ეს, – დავადებულს ...., – ბრალად დაედოთ: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი, პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჯგუფურად; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. შპს ,,..............ს“ წევრებმა – გ. შ–ემ, ს. მ–ემ, გ. ი–მა, უ. კ–ემ და თორნიკე ხრისტესტომიდმა, ძალადობრივი გზით ანგარიშსწორების მიზნით, 2023 წლის 30 ივლისს, ღამით, ქალაქ თბილისში, გ–ს რაიონში, ვ–ს ქუჩის №-ში მდებარე კარაოკე-ბარ ,,მ–ში“ მიაკითხეს ყოფილ თანამშრომელს – მ. მ–ს, მიიყვანეს ქალაქ თ–ში, ... ქუჩის №..-ში მდებარე შპს ,,..............ს“ ოფისში, სადაც გ. შ–ემ და ს. მ–ემ მ. მ–ის მიმართ გამოიყენეს სხვადასხვა დამამცირებელი მოპყრობის ხერხები, კერძოდ: გ. შ–ემ მ. მ–ს რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში, იარაღის დემონსტრირებით ეკითხებოდა, მოეკლა თუ – არა, ასევე – გახადეს ტანისამოსი, აბაზანაში დააწვინეს იატაკზე, სახეზე ფეხი დააბიჯეს და „დუშით“ ასხამდნენ ცივ წყალს. ამის შემდეგ გ. შ–ემ ნაცემი მ. მ–ი ჩააგდო იქვე არსებულ სარდაფში, საიდანაც ამოიყვანეს 2023 წლის 31 ივლისს და დამამცირებელ მდგომარეობაში მყოფს უღებდნენ ფოტოსა და ვიდეოებს.
1.2. გ. შ–ემ და ს. მ–ემ ძალადობრივი გზით ანგარიშსწორების მიზნით, 2023 წლის 30 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, გ–ს რაიონში, ვ–ს ქუჩის №..-ში მდებარე კარაოკე-ბარ ,,მ–ში“ მიაკითხეს ყოფილ თანამშრომელს – მ. მ–ს, ჩაისვეს მანქანაში და ფიზიკურად იძალადეს, კერძოდ: გ. შ–ემ მუშტითა და დანის გამოყენებით, ავტომანქანაში მიაყენა დაზიანებები სახის არეში, ასევე ემუქრებოდა ო–ში აყვანითა და მოკვლით, რის შემდეგ მიიყვანეს ქალაქ თ–ში, ... ქუჩის №..-ში მდებარე შპს ,,..............ს“ ოფისში, სადაც გ. შ–ემ, ს. მ–ემ და სხვა პირებმა, სხეულის სხვადახვა არეში მრავალჯერადი დარტყმებით, კვლავ გააგრძელეს ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გ. შ–ესა და ს. მ–ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით გ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000-ლარიანი ჯარიმა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, გ. შ–ეს მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000-ლარიანი ჯარიმა. ს. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3000-ლარიანი ჯარიმა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ს. მ–ეს მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3000-ლარიანი ჯარიმა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების – გ. შ–ისა და ს. მ–ის – ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – ტ. კ–მ და ა.გ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამატყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი შეიცვალა; გ. შ–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით („..............ს“ ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, გ. შ–ეს მიესაჯა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ს. მ–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით („..............ს“ ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ს. მ–ეს მიესაჯა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. შ–ისა და ს. მ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, მსჯავრდებულთა ქმედებებს არასწორი კვალიფილაცია მიანიჭა და მსუბუქი სასჯელები შეუფარდა. კასატორის მითითებით, სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული – მ. მ–ი, რომელმაც დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების სისწორე და ბრალდების შესახებ დადგნილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მისი, როგორც მოწმის, სანდოობის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება დაწყებულია 2023 წლის 31 ივლისს, ღამით, ძალადობის შესახებ პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე. იმავე დღეს გამოკითხულმა დაზარალებულმა – მ. მ–მა განაცხადა, რომ დაზიანებები გ. შ–ემ და უცნობმა პირებმა მიაყენეს. გამოკითხვის ოქმში დააკონკრეტა, რომ მომხდარის გამო, იყო აღელვებული, სრულად ვერ შეძლო გარემოებების აღდგენა და მოგვიანებით მიაწვდიდა გამოძიებას დეტალურ ინფორმაციას. 2023 წლის 10 აგვისტოს, დამატებით გამოკითხვისას, ისაუბრა წინა ჩვენებაში ნახსენები გ. შ–ის უდანაშაულობაზე და განმარტა, რომ ფიზიკურად მასზე სხვა პირებმა იძალადეს, რომელთა ამოცნობა არ შეეძლო. საბოლოოდ, პოლიციელებისადმი უნდობლობის მოტივით, დაზარალებულმა სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა მის მიმართ რეალურად ჩადენილ ძალადობაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, რის შემდეგაც, 2023 წლის 3 ოქტომბერს, გამოიკითხა მოწმის სახით; 2023 წლის 31 ივლისს ჩატარებული, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, საყურადრებო იყო, რომ მ. მ–მა უარი თქვა მანქანიდან გადმოსვლასა და იმ ოფისის მითითებაზე, რომელშიც მას არაადამიანურად და დამამცირებლად მოეპყრნენ, რამეთუ შესაძლოა, იქ გ. შ–ე და სხვა მოძალადეები ყოფილიყვნენ, რომელთაგან გრძნობდა საფრთხეს; ნ. მ–ის განმარტებით, 2023 წლის 30-31 ივლისს, შინ დაბრუნებულ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც, მისი თქმით, გ. შ–მ, თ. ხ–მა და ს. მ–ემ მიაყენეს; ა. მ–მა დაადასტურა, რომ მ. მ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც, გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ნ. მ–საგან კი შეიტყო, რომ მის ძმაზე გ. შ–ემ და სხვა პირებმა იძალადეს; ნ. ძ–ს განმარტებით, დაზარალებულმა უთხრა, რომ მისმა მეგობრებმა მანქანაში და ოფისში სცემეს, აგინეს, დაამცირეს და ორმოში ჩააგდეს; ა. ფ–ს ჩვენების მიხედვით, 2023 წლის 30 ივლისს შეიტყო, რომ მ. მ–ი უცნობებმა წაიყვანეს სამსახურიდან, თავად დაზარალებულმა კი მოგვიანებით უთხრა, რომ გ. შ–ესთან მოუხდა კონფლიქტი; ა. ე–მ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, სამსახურიდან გასვლისას, მ. მ–ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა; შემთხვევის ადგილის – ... ქ. ..-ში არსებული „....ის“ ოფისის – დათვალიერებისას, მართლაც აღმოჩენილია იატაკში ამოჭრლი, 1,8 მეტრი სიღრმის, ფიცრულით თავდახურული სივრცე, ასევე – ნიჟარის ზედაპირიდან მ. მ–ს სისხლი, ხოლო იატაკის ზედაპირიდან მისივე ბიოლოგიური მასალა; მ. მ–მა ამოცნობისას ამოიცნო გ. შ–ე, ს. მ–ე, უ. კ–ე, თ. ქ–ი და გ. ი–ი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს 2023 წლის 31 ივლისს სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობები და ექსკორიაციები. დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად. ჭრილობების მიმყენებელი საგნის და ექსკორიაციების ხანდაზმულობის განსაზღვრა იყო შეუძლებელი, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა მ. მ–ის სტაციონარში მოთავსების თარიღს. ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და, როგორც ერთობლივად, ასევე – იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მასვე, აღენიშნებოდა ღია ჭრილობები და ექსკორიაციები: ღია მცირე ინტენსივობის სისხლმდენი ჭრილობები სკალპზე, თხემის არეში – 3 სმ. ზომის, შუბლის არეში – 4,5 სმ ზომის, სხივ-მაჯის არეში, მარცხნივ, გამშლელ ზედაპირზე – ღია ნაფლეთი ჭრილობა 3,4-4 სმ. ასევე, ობიექტურად აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები კიდურებსა და სახეზე, მარცხნივ სხივ-მაჯის სახსარი პალპაციით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. მ–მა მისდამი ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ფსიქოლოგიური ექსპერტის მიერ განსახილველი გარემოებები იყო სტრესული გამოსაკვლევი პირისათვის, რაც იწვევდა ემოციურ სფეროში დაძაბულობას, არასტაბილურობის განცდების აქტივაციას. დარღვეული იყო უსაფრთხოების, დაცულობის მოთხოვნილებები, ასევე – მისი საბაზისო მოთხოვნილებები სოციალურ მოთხოვნილებათა სფეროდან. გამოხატული იყო უიმედობა, დაუცველობის, უმწეობის, შეურაცხყოფილის განცდა. სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, მ. მ–მა, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა; შპს „მ–იდან“ გამოთხოვილ ჩანაწერებზე ასახულია მ. მ–ის სამსახურიდან გაყვანის ფაქტი. მართალია აშკარა იძულება ამ ჩანაწერით არ იკვეთება, თუმცა გაყვანის უცნაურ ფორმაზე მიუთითებს სხვა თანამშრომლების ინტერესი; ის, რომ მ. მ–ზე გამოძიების დროს ხორციელდებოდა ზეწოლა, დასტურდება სოციალურ ქსელში მასთან მიმოწერებით, როდესაც, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი დაემუქრა მას; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთადერთი მიზანი იყო სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. მათ მიერ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში ასახული დაზიანებები არ ემთხვევა მ. მ–ისათვის სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი დაზიანებების ლოკალიზაციას და, სავარაუდოდ, 2023 წლის 30 ივლისის შემდგომ არის მიყენებული, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში იქნებოდა ასახული. შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა არ ყოფილა წარდგენილი სხვა მტკიცებულება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დასამტკიცებლად.
7. გარდა დანაშაულის სადავო კვალიფიკაციისა, კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელების გამოყენებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნთანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, რაც განსახილველ სემთხვევაში, არ ყოფილა მხედველობაში მიღებული; საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილი სასჯელის მიზნად ისახავს: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის მიზნების კუმულაციურად შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – განაჩენი არაა სამართლიანი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და, გამომდინარე აქედან, დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს. იმავდროულად, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ იყენებს სასჯელის კონკრეტულ სახესა და ზომას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ. შ–ისა და ს. მ–ის მიმართ უნდა განისაზღვროს უფრო მკაცრი – მათი ქმედებების თანაზომიერი სასჯელი, რაც არგუმენტირებულია საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებებით.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ. შ–ისა და ს. მ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ გ. შ–ესა და ს. მ–ეს სადავოდ არ გაუხდიათ შემთხვევის დღეს მ. მ–ის ჯგუფურად ცემის ფაქტი, შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებულის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ სამხილად ვერ გამოდგება; შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით, დაზარალებულისა და მსჯავრდებულების ურთიერთგამომრიცხველი მტკიცებების გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ სხვა სამხილებიდან, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: ნ. ძ–ის ჩვენება, მ. მ–ის მიმართ ჩადენილ ქედებებთან მიმართებით – ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო მოწმეების: ნ. მ–ისა და ა. მ–ის მონათხრობი – არაფრისმთქმელი; საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმების შინაარსი, ასევე – „..............ს“ ოფისში აღმოჩენილი დაზარალებულის სისხლისა და ბიოლოგიური მასალის კვალი, თავის მხრივ, მხოლოდ მ. მ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას – ვერა; რაც შეეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ ზემოაღნიშნული საექსპერტო კვლევა ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს, დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება და მ. მ–ის ჩვენებასთან ერთობლივად ვერ ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გ. შ–ისა და ს. მ–ის მიერ მ. მ–ის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მტკიცების კვალდაკვალ, რომ გ. შ–ემ მას შეაფურთხა, ასევე შარვალი შეიხსნა და ორმოში ჩაგდებულს დაასხა გაურკვეველი სითხე, მის დამცირებას კი მოძალადეები იღებდნენ მობილური ტელეფონებით, ბრალდების მხარეს, გამოძიების მსვლელობისას, არ მოუპოვებია არც დაზარალებულის ტანისამოსი და არც შემთხვევის შესაძლო ვიდეოჩანაწერები, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ან/და საექსპერტო კვლევების ჩასატარებლად. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულების/მსჯავრდებულების სასარგებლოდ.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
13. ბრალდების მხარის მიერ ასევე სადავო სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
15. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გ. შ–ესა და ს. მ–ეს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელები, კერძოდ, გ. შ–ეს შეეფარდა მაქსიმალური სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება: ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), რომლის კიდევ უფრო გამკაცრება კანონისმიერად შეუძლებელია, ხოლო ს. მ–ეს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ბრალის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობა სასჯელის მიზნებსა და სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე, ვერ დაედება საფუძვლად ს. მ–ისათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელის გამკაცრებას.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე