საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100124009578946
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N1057აპ-25 30 აპრილი, 2026 წელი
ჭ–ე ლ., №1057აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჭ–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჭ–ის, ასევე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, ლ. ჭ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.
ლ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით დ. თ–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მ. ხ–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. ჭ–ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით და გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა და მისი დაყოლიება, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. საზღვარგარეთ მყოფი ე. თ–ი ზ. დ–სთან არსებული პრობლემების გამო დაუკავშირდა ნაცნობს ა. ს–ს და სთხოვა დახმარება. ამის შემდეგ კომუნიკაციებისას ა. ს–ი და ლ. ჭ–ე დაპირდნენ ე. თ–ს, პრობლემის მოგვარებას და ასევე უთხრეს, რომ ზ. დ–ს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ გამოართმევდნენ 5000 ლარს, რომელსაც გადასცემდნენ მას. 2023 წლის 29 დეკემბერს ზ. დ–სა და ლ. ჭ–ეს შორის მოხდა შეთანხმების აქტის გაფორმება, სადაც ლ. ჭ–ემ დააფიქსირა, რომ ზ. დ–საგან აიღო 5000 ლარი, რომელიც განკუთვნილი იყო ე. თ–ზე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის. ლ. ჭ–ემ და ა. ს–მა თანხა არ გადასცეს ე. თ–ს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
1.2.2. ზ. დ–ს მიერ ე. თ–ის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სამმართველოში არსებულ სისხლის სამართლის N041250124004 საქმეზე, 2024 წლის 13 თებერვალს გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა ე. თ–ის შვილი დ. თ–ი. ამის შესახებ დ. თ–მა შეატყობინა ა. ს–ს, რომელიც ლ. ჭ–ესთან ერთად შეხვდა დ. თ–ს და უთხრეს, რომ გამომძიებლისთვის ეთქვა თითქოს მას 2023 წლის 30 დეკემბერს ლ. ჭ–ემ გადასცა 5000 ლარი, რომელიც განკუთვნილი იყო დედამისის ე. თ–ისათვის. ლ. ჭ–ემ და ა. ს–მა მოახდინეს დ. თ–ის დაყოლიება და მან 2024 წლის 13 თებერვალს გამოძიებას მიაწოდა ზემოაღნიშნული ცრუ ინფორმაცია. რეალურად ლ. ჭ–ეს ან ა. ს–ს დ. თ–ისთვის თანხა არ გადაუციათ.
1.2.3. მ. ხ–ი მუშაობდა სს ,,..........ში“. 2023 წლის 3 ნოემბერს დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვიტა გაესაჩივრებინა სამსახურიდან გათავისუფლება. 2023 წლის 18 დეკემბერს იგი მივიდა ლ. ჭ–ესთან, რომელიც დაპირდა სამსახურში აღდგენას სასამართლოს გზით. მიუხედავად იმისა, რომ გასული იყო გასაჩივრების ვადა, ლ. ჭ–ემ მას დაუწერა საჩივარი, რომელსაც შპს ......ში ჩაბარების თარიღად მიუთითა 2023 წლის 3 დეკემბერი. თითქოს სარჩელი ჩაბარებული იყო კანონით დადგენილ ვადაში. მის მიერ დამზადებული შპს .........ის გზავნილის ჩაბარების ყალბი დოკუმენტი და საჩივარი, ლ. ჭ–ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 20 დეკემბერს. 2024 წლის 13 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის N088240122001 საქმეზე, გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა მ. ხ–ი. ამის შესახებ მ. ხ–მა შეატყობინა ლ. ჭ–ეს, რომელმაც უთხრა, რომ გამომძიებლისთვის ეთქვა თითქოს მან 2023 წლის 3 დეკემბერს დაწერილი სარჩელი მიიტანა შპს .........ში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადასაგზავნად. გამომძიებლისათვის არ უნდა ეთქვა, რომ სარჩელი ლ. ჭ–ის მიერ იყო დაწერილი და მითითებული იყო არასწორი თარიღი. ლ. ჭ–ემ მოახდინა მ. ხ–ის დაყოლიება და მან გამოძიებას 2024 წლის 13 იანვარს მიაწოდა ზემოაღნიშნული ცრუ ინფორმაცია.
1.2.4. 2022 წლის 25 იანვარს სისხლის სამართლის N088240122001 საქმეზე, მოწმის სახით გამოიკითხა ლ. ჭ–ე, რომელმაც განმარტა, რომ შპს .........ში მუშაობდა იურისტად და სხვა რაიმე კავშირი აღნიშნულ ორგანიზაციაში მას არ გააჩნდა. 2024 წლის 11 იანვარს დამატებით გამოიკითხა ლ. ჭ–ე, რომელმაც განმარტა, რომ შპს .........ის დაარსების დღიდან მისი ძმისაგან თ. ჭ–საგან თითქოს მინდობილობით ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება განეხორციელებინა ყველა საქმიანობა ორგანიზაციაში, რაც მინიჭებული ჰქონდა დირექტორს. მან გამოძიებას ასევე მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მ. ხ–ი, 2023 წლის 3 დეკემბერს მივიდა მასთან შპს .........ის ოფისში, მდებარე ქ–ი, ნ–ს ქუჩა N..-ში და დაუტოვა კონვერტი, სადაც მითითებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლო, მისამართი ქ.ქ–ი, ნ–ს ქუჩა N... 2023 წლის 11 დეკემბერს, ლ. ჭ–ე გადამოწმების მიზნით თითქოს მივიდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, ეზოში შესვლისას იქ ნახა წარწერა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, მისამართი, ნ–ს ქუჩა N.., რაც არ შეესაბამებოდა რეალობას. ამავდროულად, მან ასევე იცრუა, რომ მ. ხ–მა 2023 წლის 3 დეკემბერს მას მიუტანა ამანათი, ზემოთ დასახელებული მონაცემებით.
1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ. ჭ–ის მიერ პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონითა და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით.
1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ – მსჯავრდებულმა ლ. ჭ–ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რ. ჭ–მა და ი. ს–მ და მოითხოვეს ლ. ჭ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ლ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნა.
1.5. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ მელაძემ და მოითხოვა ლ. ჭ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებების მიხედვით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, დაცვისა და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
2.2. 2025 წლის 18 ნოემბერს, დაცვის მხარემ – მსჯავრდებულმა ლ. ჭ–ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ჭ–მა მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ლ. ჭ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
2.3. 2025 წლის 20 ნოემბერს, ბრალდების მხარემ – ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ მელაძემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლ. ჭ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. კასატორთა არგუმენტები:
3.1. ბრალდების მხარის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლ. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს სარწმუნო ჩვენება მისცა დაზარალებულმა, რისი სინამდვილეც დადასტურდა „ლაივ ჩანაწერით“, სადაც ჩანს როგორ იყენებს ს. ჩ–ე დაზიანებას და საუბრობს გარემოებებზე, რამაც თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა. ზემოხსენებული ფაქტები ასევე დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, ჩამოთვლილი მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ ლ. ჭ–ემ ჩაიდინა სადავოდ გამხდარი ბრალადწარდგენილი დანაშაულები.
3.2. დაცვის მხარის პოზიციით, მსჯავრდებულ ლ. ჭ–ის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის, აღიარებისა და მონანიების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უსამართლოა. ამასთან, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია დაზარალებულ ე. თ–ის განცხადება, რომლის თანახმად, მას აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, რის გამოც, იგი შეურიგდა მსჯავრდებულს და თანახმაა მის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. შესაბამისად, სახეზეა ყველა გარემოება, რათა ლ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები. დაცვის მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ თავდაპირველად ლ. ჭ–ე დაკავებული იქნა საქართველოს სსკ-ის 115-ე და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლებისათვის, რასაც იგი არ აღიარებდა, თუმცა ხსენებული ბრალდებებით იგი გამართლდა. რაც შეეხება ბრალადწარდგენილ დანარჩენ ქმედებებს იგი თავიდანვე აღიარებდა და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამასთან, დაცვის მხარის პოზიციით სისხლის სამართლის საქმეში არსებობს, რიგი გარემოებები, რაც მოწმობს განაჩენის უკანონობას, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არის ლ. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ლ. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, ამასთან, დაცვის მხარე უკანონოდ მიიჩნევს ლ. ჭ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს.
4.3. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
4.4. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის გამართლებას/გამტყუნებას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ვერ მიუთითებს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დამადასტურებელ გარემოებებზე.
4.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
4.6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ს. ჩ–ის სოციალური ქსელი ,,.......ის“ გვერდის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით დასტურდება ბრალდების დადგენილებაში ასახული ქმედების – სოციალურ ქსელში ს. ჩ–ის შეურაცხმყოფელი ე.წ. პოსტების სისტემატურად გამოქვეყნება და კომენტარების დაწერა, რაც საკასაციო პალატის შეფასებით ზოგადად უარყოფითი ემოციის აღმძვრელია, ამასთან, შესაძლოა, აღნიშნული ს. ჩ–ისთვის იყო არასასურველი და შეურაცხმყოფელი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელ ერთ-ერთ ელემენტს, რაც ბრალდების დადგენილების თანახმად, არის – პირის ფსიქიკური ტანჯვა.
4.7. ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას ს. ჩ–ის მიერ გადმოცემული შინაარსის მიხედვით იგი განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, თუმცა მისი ფსიქიკური თავისებურებებისა და ამჟამინდელი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ს. ჩ–ის ტანჯვას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ე. ა–ემ, რომელმაც დამატებით მიუთითა თუ რას დაეყრდნო გამოკვლევის ჩატარების დროს, რა მეთოდები გამოიყენა და როგორ მივიდა შესაბამის დასკვნამდე.
4.8. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თუ განსახილველ საქმეზე დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალური ცოდნის – ექსპერტთა გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, სწორად გაგება და აღქმა, სასამართლო მსგავსს სიტუაციებში ეყრდნობა სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მიერ გაცემულ დასკვნებსა და მათ მიერ გაკეთებულ განმარტებებს.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ადევნება წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, განხორციელებული ქმედებების გარდა უტყუარად უნდა დადასტურდეს ადევნების შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – შედეგი, კერძოდ პირის ფსიქიკური ტანჯვა ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიანი შიში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.
4.10. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით ლ. ჭ–ის გამართლებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ფაქტი, რომ 2023 წლის 17 ოქტომბერს ს. ჩ–ემ ხელი გადაიჭრა დანით, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მან დაზიანება მიიყენა თვითმკვლელობის მიზნით და, რომ აღნიშნულის მიზეზი იყო ლ. ჭ–ის მიერ განხორციელებული ქმედებები, რადგან ვერ დადგინდა ლ. ჭ–ის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირი.
4.11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
4.12. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ჭ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.
4.13. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, სამივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიების ეტაპზე ბრალის აღიარების მიმართ ლ. ჭ–ის არათანმიმდევრული პოზიცია ვერ ჩაითვლება გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობად, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირობით ჩათვლის საფუძველი.
4.14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა სადავოდ გამხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის განაჩენის კანონიერება და დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
4.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჭ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჭ–ის, ასევე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე