შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011118015
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1158აპ-25 28 მაისი, 2026 წელი
ჩ-ე მ, 1158აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
მ. ჩ-ე, დაბადებული --- წლის .. ოქტომბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით;
მ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2025 წლის 23 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ-ემ ჩაიდინა:
2.1. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. ზემოაღწერილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2025 წლის 23 იანვარს, საღამოს, თ-ი, დ-ის -- მიკრორაიონის, -- კორპუსში, ბინა №---ში, მ. ჩ-ე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მისივე არასრულწლოვან შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ. ჩ-ესა და მეუღლეს მ. გ-ს, კერძოდ, განუცხადა, რომ მოკლავდა და სახლს გადაწვავდა. მ. ჩ-ის ქმედებები არასრულწლოვანმა ნ. ჩ-ემ და მ. გ--მ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3.2. 2025 წლის 23 იანვარს, საღამოს, თ-ი, დ--ის --- მიკრორაიონის, ---- კორპუსში, ბინა №---ში, მ. ჩ-ემ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მისივე არასრულწლოვანი შვილის, 2009 წელს დაბადებული ნ. ჩ-ის თანდასწრებით, იძალადა მეუღლე მ. გ-ზე, კერძოდ, ზურგის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ. გ--მ ფეხი მიარტყა დივნის კუთხეს. მ. ჩ-ის ქმედების შედეგად მ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
4.1. მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ნ. თ-ა ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მ. ჩ-ის სრულად უდანაშაულოდ ცნობასა და მის გამართლებას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაზარალებულს ჩვენება სასამართლოში არ მიუცია და შესაბამისად, ვერ დადგინდა, ნამდვილად განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი. შემაკავებელი ორდერის წყარო თავად დაზარალებულია, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში ჩვენება არ მისცა. წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მ. ჩ-ის ბრალდებებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დაადასტურებდა.
6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
2. საქმის მასალების მიხედვით, მ. ჩ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მ. ჩ-ე ზემოაღნიშნულ, ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. დაცვის მხარე ითხოვს მ. ჩ-ის სრულად გამართლებას. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა უტყუარად დადგენილია, ხოლო ამავე საქმის მასალებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მ. ჩ-ის მიერ ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებული არ არის.
3. საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელსაც დაეფუძნა მ. ჩ-ის ბრალდებები და ამასთან, მიუთითებს, თუ რომელ ნაწილშია ისინი საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
4. მოწმე მ. მ-ს ჩვენების მიხედვით, დაზარალებული მ. გ. არის მისი დედა, ხოლო ნ. ჩ-ე – არასრუწლოვანი ძმა. მ. ჩ-ე არის დედის მეუღლე. 2025 წლის 23 იანვარს ტელეფონზე ესაუბრებოდა დედას. მან მოისმინა მ. ჩ-ის აგრესიული მიმართვები, აგრეთვე კამათი მ. გ-სა და ნ. ჩ-ის მიმართ; კერძოდ, მ. მ–ს ტელეფონში ესმოდა მ. ჩ-ის ხმა: ,,რა ხდება აქ?“ მოწმის განმარტებით, იგი, მ. ჩ-ესთან ერთად, წლების განმავლობაში ცხოვრობდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მ-ს ახაიათებს, როგორც კონფლიქტურსა და აგრესიულს. ტელეფონში მოსმენილით მიხვდა, რომ მ. ჩ-ე იყო ნასვამი. ამ დროს მ. გ. იყო შეუძლოდ, ჰქონდა წნევა და იწვა დივანზე. მ. ჩ--ემ მ. გ-ს უთხრა: ,,აეთრიე მანდედან, თორემ აგათრევო“. მ. ჩ-ეს არ სჯეროდა მ. გ-ს ცუდად ყოფნის და შეედავა ნ. ჩ-ეს, თუ რატომ სჯეროდა დედის სპექტაკლის. მ. მ-ს განმარტებით, აღნიშნული ფაქტის გამო, იგი დაიძაბა, ვინაიდან მისი ძმა იყო არასრულწლოვანი, დედაც იყო ანერვიულებული, ასევე, შეშინდა ნასვამ ბრალდებულს დედისთვის რაიმე არ დაეშავებინა. ამიტომ ტელეფონი გათიშა, დარეკა ,,112-ში“ და ითხოვა დახმარება. მოწმის განმარტებით, ტელეფონში დედასთან საუბრისას მოისმინა, მ. ჩ-ე როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ. ჩ-ეს, მიმართავდა, შენ ხომ კაცი არ ხარო, გამოიძახეთ პოლიცია, გადაგწვავთ, ამოგბუგავთო. მ. მ-მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, მეორედ დარეკვისას, რომ მოისმინა, მ. ჩ-ე როგორ ეუბნებოდა დედა-შვილს, რომ გადაწვავდა და მოკლავდა, ხოლო 16 წლის ნ-ი ცდილობდა გაენეიტრალებინა სიტუაცია.
4.1. მოწმის ჩვენებით, მეორე დღეს ნახა დედა, რომელსაც ფეხი ჰქონდა დალურჯებული და დაზიანებული მ-თან კონფლიქტის გამო.
5. მოწმე მ. მ-ს ჩვენება გამყარებულია სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით; შეტყობინების ინიციატორი, მ. მ. განმარტავს, რომ თვითონ არ იმყოფება შემთხვევის ადგილზე, მაგრამ დაურეკა დედამ, რომლის მეუღლე არის ძალიან მთვრალი და სახლშია მისი არასრულწლოვანი ძმაც, ითხოვა დახმარება. იგი მიუთითებს სიტყვიერ კონფლიქტზე.
6. განსახილველ საქმეზე, ასევე, დაკითხულნი არიან შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც დაზარალებულები ნახეს შემთხვევის შემდეგ მცირე დროში და აღწერეს მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, კერძოდ:
7. მოწმე ბ. რ-ს ჩვენების მიხედვით, ,,112-ში“ შესული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან, გ. კ-ნ ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. მათ დახვდათ ქალბატონი, რომელიც იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს ემუქრება მეუღლე მოკვლითა და სახლის გადაწვით. ქალბატონმა ეს ყველაფერი აღიქვა რეალურად. მათი მისვლისთანავე ბრალდებული სახლის კარებს მოშორებული იყო, ფაქტობრივად იქვე იმყოფებოდა და იყო ნასვამი, რაც ალკოტესტით დადასტურდა. მსხვერპლი და მოძალადე განაცალკევეს სხვადასხვა ოთახში და ცალ-ცალკე გაესაუბრნენ. მ. გ-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლე დაემუქრა. არასრულწლოვან ბავშვსაც გაესაუბრნენ, რომელიც ასევე იყო აღელვებული და მანაც დაადასტურა, რომ მ. ჩ-ე დაემუქრა მოკვლითა და სახლის დაწვით. მათი მისვლის დროს ბრალდებული დაწყნარდა, მაგრამ პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია. ბრალდებულის მხრიდან იყო ხმამაღალი უსიამოვნო შეძახილები დაზარალებულების მიმართ, რომ არ მიეცათ ჩვენება და ა.შ.. მსხვერპლმა განუცხადა, რომ ფეხი დაუზიანა მ. ჩ-ემ. კერძოდ: ხელი „უჯიკა“, რის შედეგადაც, მიარტყა ფეხი საწოლს. დაზარალებულს დაზიანება ჰქონდა მიღებული მარჯვენა ფეხზე, კერძოდ, აღენიშნებოდა სიწითლე.
8. მოწმე გ. კ-ს ჩვენებით, 2025 წლის 23 იანვარს, საღამოს, მეწყვილე ბ. რ--ან ერთად, მივიდა შემთხვევის ადგილზე. სანამ კარებთან მივიდოდნენ, სახლიდან გამოვიდა ბრალდებული, რომელიც კიბის საფეხურთან შეაჩერეს. ამასობაში, სახლიდან გამოვიდა ქალბატონი, რომელიც იყო აფორიაქებული და შეშინებული. მან განაცხადა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მის მეუღლესთან, მ. ჩ-ესთან, რომელმაც იძალადა მასზე. ბრალდებული და დაზარალებული განაცალკევეს ერთმანეთისგან. პირველ რიგში, გაესაუბრნენ დაზარალებულს, რომელმაც უამბო, რომ მისი მეუღლე მივიდა სახლში ნასვამი, მას და არასრულწლოვან შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით. აღნიშნულის გამო მათი შვილი იყო შეშინებული.
9. მოწმე ბ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2025 წლის 24 იანვარს იგი ნ. ჩ-ეს გაესაუბრა. არასრულწლოვანმა განმარტა, რომ წინა დღეს, ღამით, მამამ ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით. მოწმის განმარტებით, ნ. ჩ-ემ მოითხოვა გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი. გასაუბრების დროს ნ. ჩ-ე ჩანდა შეშინებული და ანერვიულებული.
10. 2025 წლის 23 იანვრის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ მ. ჩ-ეს, ალკოტესტმა გამოკვეთა 0,790 პრომილე; ე. ი. მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
11. №--- შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ იგი გამოიცა მ. გ-ზე ძალადობის გამო. მსხვერპლის განცხადებით, მეუღლე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის გადაწვით. შესაბამის გრაფებში, ასევე, აღნიშნულია, რომ ძალადობდა არასრულწლოვნის, ნ. ჩ-ის თანდასწრებით. მეუღლეს – მსხვერპლს ხელი „უჯიკა“, რის შემდეგაც ფეხი დაარტყა დივანს და მიიღო დაზიანება; №----- შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, 2025 წლის 23 იანვარს მ. ჩ-ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, დაემუქრა ქონების განადგურებით მის არასრულწლოვან შვილს, ნ. ჩ-ეს.
12. სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნით, პირადი შემოწმებით, 24/01/2025წ-ს მ. გ-ს, სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე, აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით; როგორც ცალ-ცალკე, ასევე – ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ (23/01/2025 წელი) თარიღს, ხოლო ნაჭდევები, დაახლოებით, 5-9 დღის ხანდაზმულობისაა.
13. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარეს მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ნაწილში წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, თუმცა მათი შინაარსი უტყუარი ფორმით ადასტურებს არა ფიზიკური ძალადობის, არამედ მხოლოდ მუქარის სუბიექტურ და ობიექტურ შემადგენლობას, კერძოდ:
· დაზარალებულებმა, ნ. ჩ-ემ და მ. გ-მ არ მისცეს სასამართლოს ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
· მოწმე მ. მ. ფიზიკურად შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა, იგი დაზარალებულ მ. გ-ს ესაუბრებოდა ტელეფონით და თითქმის სრულყოფილად ესმოდა: მ. ჩ-ის მიმართვები მ. გ-სა და ნ. ჩ-ის მიმართ, მათთვის დამუქრების ფაქტი (სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების კუთხით) და ნ. ჩ-ის მცდელობები გაენეიტრალებინა ვითარება;
· მ. მ-მა მიმართა „112“-ის სამსახურს დასახმარებლად, ჩათვალა რა, რომ მ. ჩ-ის ქმედებებით ვითარება იყო დაძაბული; მანვე მიუთითა სიტყვიერ კონფლიქტზე;
· ადგილზე მისული პოლიციელები უშუალო და პირდაპირი მოწმეები არიან დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის; დანარჩენ ნაწილში პოლიციელთა ჩვენებები ეფუძნება უშუალოდ დაზარალებულთა ნაამბობს;
· პოლიციელ მოწმეთა ჩვენებები დამატებით მიუთითებს ნორმის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის) დისპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც დაზარალებულის მიერ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის არსებობას მოითხოვს. დაცვის მხარის საპასუხოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო, თავის მხრივ, არ არის შეზღუდული ისეთი წინასწარდადგენილი წესით, რომელიც ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უპირობოდ გამორიცხავდა დაზარალებულის სუბიექტური აღქმის სხვა ფორმით შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №1323აპ-22 გადაწყვეტილება);
· გამოძიების დაწყების დღეს შედგენილ პატაკში (23.01.2025) მითითებულია კონფლიქტსა და მუქარაზე;
· მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაზარალებულ მოწმეთა ჩვენებები მ. ჩ-ის მიერ ფიზიკური ძალადობის ბრალდების ნაწილში. საქმეში გამოკვეთილი არ არის სხვა პირიც, რომელიც უშუალოდ შეესწრო მ. გ-ზე ფიზიკურად ძალადობას. სხვა მტკიცებულება, რომელიც პირდაპირი (და არა ირიბი ფორმით), მიუთითებდა მსჯავრდებულის მიერ მუქარასთან ერთად, ფიზიკურ ძალადობაზე (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია; ამ მოცემულობაში, მ. გ-ს სხეულზე არსებული დაზიანების მ. ჩ-ის მიერ მიყენება, წარმოადგენს მხოლოდ ეჭვს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).
· მუქარასთან მიმართებით, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას ქმნის ერთი მხრივ, მოწმე მ. მ-ს ჩვენება, რომელმაც ტელეფონით უშუალოდ მოისმინა მ. ჩ-ის მიერ გამოთქმული მუქარა და დარეკა ,,112“-ში, მეორე მხრივ, პოლიციელ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც უშუალოდ, ფაქტიდან მცირე დროში საკუთარი თვალით იხილეს დაზარალებულთა მძიმე ემოციური მდგომარეობა. ამ შემთხვევაში, დაზარალებულთა მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებშიც, საქმეში წარმოდგენილმა ზემოხსენებულმა მტკიცებულებებმა შექმნეს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების პროცესუალური სტანდარტი, რომლის საწინააღმდეგო დასაბუთებული არგუმენტები დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ წარმოუდგენია.
14. რაც შეეხება მ. ჩ-ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.
15. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად ითავლისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება, მისი ლოკალიზაცია და ა.შ..
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომელთა მიხედვითაც: ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-13).
18. განსახილველ შემთხვევაში, მ. ჩ-ეს მსჯავრად შეერაცხა ოჯახის ორი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა (ერთი ეპიზოდი). მაშასადამე, მოცემულ საქმეში მუქარის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა – რვა თვით, არის სამართლიანი და არ არსებობს მისი არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
19. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მ. ჩ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2025 წლის 23 იანვრიდან, შესაბამისად, დღეისათვის მოცემული საპატიმრო ვადა არის გასული.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ. ჩ-ე უნდა გამართლდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ამ ქმედების ჩადენისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – უნდა დარჩეს უცვლელად.
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში, აგრეთვე უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ – ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. მ. ჩ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
2.2. მ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 8 თვით;
3. მ. ჩ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2025 წლის 23 იანვარიდან, რაც დღეის მდგომარეობით არის მოხდილი.
4. ნივთიერი მტკიცებულება – აუდიოჩანაწერი, მოთავსებული ერთ კომპიუტერულ დისკზე დალუქული სახით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი